სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარს ამბობს?
![](https://edu.aris.ge/news/wp-content/uploads/2015/09/61665_155263034502129_100000553004444_386885_8168823_n-458x257.jpg)
არასამთავსობო ორგანიზაცია „სამართლიანი, ეფექტური რეფორმების“ თანათავმჯდომარე, სოხუმის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ნუგზარ კერესელიძე სოხუმის უნივერსიტეტს უჩივის. საჩივრის მიზეზი იმ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმაა, რომელიც უნივერსიტეტში ჩატარებული აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამართული კონკურსის მონაწილეებს ეხებოდა. უნივერსიტეტმა ჩათვალა, რომ ეს არ იყო საჯარო ინფორმაცია. დავა უკვე 2 წელია, გრძელდება და ორივე მხარე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია.
“2013 წლის 28 იანვარს არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლიანი, ეფექტიანი რეფორმების” სახელით ნუგზარ კერესელიძე უნივერსიტეტში შემოვიდა განცხადებით და მოითხოვა ყველა კონკურსანტის (300-ზე მეტი კონკურსანტის!!) მონაცემების (CV-ები, სამეცნიერო შრომების სიები და სამეცნიერო ხედვა/სამოტივაციო წერილები) მისი ორგანიზაციისთვის გადაცემა. მსგავსი უპრეცედენტო და საუნივერსიტეტო სივრცისათვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი მოთხოვნით არც ერთ უნივერსიტეტში დღემდე, როგორც ჩვენთვის ცნობილია, არც საქართველოში და არც საქართველოს ფარგლებს გარეთ არც ერთი სხვა არასამთავრობო ორგანიზაცია არ შესულა.
მიგვაჩნია, რომ „სერ”-ის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია არ ექვემდებარება გაცემას, რადგანაც ის უამრავ პროფესიული თუ სხვა სახის პირად მონაცემებს და კონფედენციალურ ინფორმაციებსაც შეიცავს. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ კონკურსანტთა ის მონაცემები, რასაც „სერ”-ი ითხოვს, ჩვენი აზრით, არ არის საჯარო ინფორმაცია: არც საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ”, არც რომელიმე სხვა კანონი თუ ნორმატიული აქტი ამგვარ ვალდებულებას არ ითვალისწინებს. ამდენად, საქმე გვაქვს უპრეცედენტო მოთხოვნასთან, რომელიც სისტემური ხასიათისაა და არა მარტო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს უნდა შეეხოს, არამედ საქართველოში არსებულ ყველა ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებელს. მხოლოდ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ სპეციალური ინტერესი ამ შემთხვევაში გაუმართლებლად მიგვაჩნია“, – ნათქვამია სოხუმის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც Aris.ge -განათლებას არასამთავსობო ორგანიზაცია „სამართლიანი, ეფექტური რეფორმების“ თანათავმჯდომარე ნუგზარ კერესელიძემ განუცხადა, რადგან ინფორმაციის გაცემაზე უარი მიიღეს, სასამართლოს მიმართეს და მიუხედავად უნივერსიტეტის წინააღმდეგობისა, 2 ინსტანციის სასამართლომ სასწავლებელს კერესელიძის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა დაავალა:
„არ მოგვცეს საჯარო ინფორმაცია. კონკურსში მონაწილე კანდიდატების სამეცნიერო მიღწევების შესახებ ინფორმაციას, მათ მიერ გამოქვეყნებული ნაშრომების სიას, რომელ კონფერენციებში მიიღეს მონაწილეობა და ა.შ. ვითხოვდით. მე ვიცი, რომ ჩვენს უნივერსიტეტში არიან პროფესორები, რომლებიც მიესალმებიან ამ ინფორმაციის საჯაროობას. ვფიქრობ, სოხუმის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ახირებაა, ვეტო დაადოს ამ ინფორმაციას.
კანონი ამ ინფორმაციის გაცემას რომ არ ავალდებულებდეს, ჩვენ ამასთან დაკავშირებით 2 წლის წინ მოვიგეთ სასამართლო დავა პირველ ინსტანციაში. საქალაქო სასამართლომ დაავალდებულა სოხუმის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, გაეცათ, ძირითადად, ის ინფორმაცია, რასაც ვითხოვდით. გვითხრეს, მამის სახელი და სამუშაო ადგილის მითითება არ გინდათო და ტელეფონების ნომრებს ჩვენც არ ვითხოვდით.
მეცნიერისთვის რაც უნდა იყოს საამაყო, მისი ნაშრომები და პუბლიკაციები, ეს უნდა იყოს ღია და ამის გაცემის ვალდებულება სასამართლოს პირველმა ინსტანციამ დააკისრა. სოხუმის უნივერსიტეტმა გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, იქაც დიდი ხანი მიმდინარეობდა დავა. მაგრამ ისიც წააგეს და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დარჩა. ბოლო გამოსავალი ჰქონდათ, უზენაეს სასამართლოში უნდა ეჩივლათ და იჩივლეს კიდეც. 3 სასამართლოდან 2 ამბობს, რომ ეს არის საჯარო ინფორმაცია და უნდა გაიცეს“, – უთხრა არის.გე-განათლებას სოხუმის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა ნუგზარ კერესელიძემ.
სოხუმის უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ ნუგზარ კერესელიძეს საჩივრის განხილვაზე განათლების სამინისტრომ უარი უთხრა:
„სამწუხარო ფაქტად მიგვაჩნია ის გარემოება, რომ ჩვენი „ოპონენტები” სასამართლო ხელისუფლების მეშვეობით ცდილობენ მოიპოვონ ის ინფორმაცია, რაც, ჩვენი ღრმა რწმენით, არ არის საჯარო და, შესაბამისად, მისი მოთხოვნა არამართებულია. ნიშანდობლივად მიგვაჩნია ის ფაქტიც, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტრომ ნ. კერესელიძეს ეს საჩივარი 2013 წელს უკან დაუბრუნა და მის განხილვაში მონაწილეობა მიზანშეწონილად არ ჩათვალა“, – ამბობენ უნივერსიტეტში.
„წესი ასეთია – ადმინისტრაციული საჩივრით ჯერ ზემდგომს უნდა მიმართო და მერე სასამართლოს. განათლების სამინისტრომ – არ ვარ ზემდგომიო და პირდაპირ სასამართლოს მიმართეთო. ასეც მოვიქეცით“, – ასე პასუხობს სოხუმის უნივერსიტეტის განცხადების ამ ნაწილს ნუგზარ კერესელიძე.
სოხუმის უნივერსიტეტი მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემას არ აპირებს. ადმინისტრაციის განცხადებით, სხვა ინფორმაციები არაერთხელ გაუციათ და იმასაც ამბობენ, რომ „სერ”-ის თანათავმჯდომარემ ნუგზარ კერესელიძემ 2013 და 2014 წელს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან უამრავი საჯარო ინფორმაცია მიიღო. მის არც ერთ მოთხოვნაზე ამ კუთხით უნივერსიტეტის ადმინისტრაციისაგან უარი არ მიუღია, გარდა იმ ერთი შემთხვევისა, როდესაც კონკურსში მონაწილე ყველა კონკურსანტების პირადი, კონფიდენციალურ ინფორმაციები მასობრივად მოითხოვა. ამიტომ უნივერსიტეტი გეგმავს სამართლებრივი დავის გაგრძელებას.
„სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი აუცილებლად გააგრძელებს სამართლებლივ დავას! ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ ზოგიერთი პერსონის კარიერისტული მიზნებისათვის ბრძოლამ დარტყმის ქვეშ დააყენოს ქართული განთლებისა და მეცნიერების ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია! რადგანაც ამ შემთხვევაში ჩვენ ვიცავთ არა მარტო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, არამედ ზოგადად მთელი ქართული საუნივერსიტეტო სივრცის ინტერესებს“, -აცხადებენ უნივერსიტეტში.
თავის მხრივ, ნუგზარ კერესელიძეს იმედი აქვს, რომ უზენაესი სასამართლოც წინ ორი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, გამოიტანს მისთვის სასარგებლო განაჩენს და ბოლოდ და ბოლოს მიიღებს მოთხოვნილ ინფორმაციას.
„ეხლა საქმე უზენაეს სასამართლოშია. მოსამართლე ვასილ როინიშვილია და გადაწყვეტილება როდისთვის იქნება მიღებული ამ საქმეზე, ვერ გეტყვით. პირველ ინსტანციაში ჩვენს საჩივარზე პროცესი 2013 წლის დეკემბერში დასრულდა. მერე სსუ–ს ადმინისტრაციამ აპელაციას მიმართა მეორე ინსტანციაში, იქ საქმე 2015 წლის აპრილში დასრულდა. ამის მერე სსუ–ს ადმინისტრაციამ უზენაეს სასამართლოში კასაციას მიმართა. ახლა ველით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – ამბობს კერესელიძე.
ჩვენ უშუალოდ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისგან, ჯონი აფაქიძისგან ვითხოვეთ დამატებით კითხვებზე პასუხის გაცემა.
კითხვაზე, მაშინ როცა სამეცნიერო პერსონალი ამაყობს თავიანთი მეცნიერული შრომებით, რატომ იყო უნივერსიტეტისთვის ამ ინფორმაციების გაცემა მიუღებელი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული სამასახურის უფროსმა სოფიო გვარამიამ გვიპასუხა.
„კონკურსანტის საკონკურსო მონაცემები აღიქმება კონკრეტული პირის საკუთრებად, შესაბამისად, ამ საკუთრების გამოყენების უფლებაც მას ეკუთვნის. კონკურსანტმა საკონკურსო დოკუმენტების, რომელიც შეიცავს პერსონალურ, პროფესიულ, კომერციულ და კერძო ხასიათის მონაცემებს შემოტანის დროს, აღნიშნული მონაცემების ექსკლუზიური გამოყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიანდო სსუ-ის, რომელმაც კონკრეტული კონკურსანტის მონაცემების დაცვა უნდა უზრუნველყოს. რადგან კონკურსანტს უნივერსიტეტის მიმართ აქვს ნდობა. კონკურსანტთა საკონკურსო დოკუმენტაცია, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ არის პროფესიული, კომერციული, პერსონალური და კერძო ხასიათის მონაცემების შემცველი და, შესაბამისად, მათი განთავსება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე კონკურსანტთა თანხმობის გარეშე დაუშვებელია“, – განაცხადა სოფიო გვარამიამ.
კითხვაზე თუ რატომ არ დააკმაყოფილეს სასამართლოს გადაწყვეტილებები და რას ელიან ამჯერად უზენაესი სასამართლოსგან, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული სამასახურის უფროსმა სოფიო გვარამიამ აღნიშნა:
„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დაკმაყოფილდეს იმ შემთხვევაში, როდესაც ის შედის კანონიერ ძალაში, რამდენადაც მსგავს მდგომარეობასთან არ გვაქვს საქმე, არც პირველი ინსტანციის და არც მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ არის შესული, რაც არ წარმოშობს სასამართლოს გადაწყვეტილების დაკმაყოფილების ვალდებულებას. რაც შეეხება გასაჩივრების უფლებას ეს პირის კონსტიტუციური უფლებაა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილება და განჩინება გასაჩივრებული იქნა სამართლებრივად დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო, რამდენადაც ადგილი ქონდა მოსამართლეების მხრიდან: 1. ისეთი კანონის გამოყენებას, რომელიც არ უნდა გამოეყენებინათ; 2. არ გამოიყენეს კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინათ და 3. არასწორად განმარტეს კანონი. უზენაესი სასამართლოსგან, როგორც უმაღლესი ინსტანციის სასამართლოსგან ველოდებით სამართლიან გადაწყვეტილებას“, – გვითხრა სოფიო გვარამიამ.
გასდის თუ არა უფლებამოსილების ვადა სოხუმის უნივერსიტეტის რექტორს 2015 წელს?
ცისანა არის© შერგილაშვილი
-
რას და როგორ ისწავლიან სტუდენტები ამ ფაკულტეტზე – დამტკიცდა კიბერუსაფრთხოების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by ARIS.GE-განათლება
-
ხელფასი 10 000, 9 000 და 8 000 ლარი – განათლების სამინისტროს ქვეუწყებისთვის გამონაკლისი წესი დადგინდა – დეტალები by ARIS.GE-განათლება
-
აშენდება თუ არა 179-ე საჯარო სკოლის ახალი შენობა? – რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს by ARIS.GE-განათლება