სოხუმის უნივერსიტეტი – დევნილობის 21 წელი და მომავლის პერსპექტივები
![](https://edu.aris.ge/news/wp-content/uploads/2014/10/1402319754_10453241_901200049906238_151794674_n-458x257.jpg)
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია უკვე 82 წელს ითვლის. 1932 წლის 7 თებერვალს საქართველოს იმჟამინდელი მთავრობის გადაწყვეტილებით ქ. სოხუმში პედაგოგიური ინსტიტუტი დაარსდა. 1979 წლიდან კი სოხუმის პდაგოგიურმა ინსტიტუტმა არსებობა როგორც აფხაზეთის (სოხუმის) უნივერსიტეტმა განაგრძო. დევნილობის წლებში უმაღლესი სასწავლებელი ფილიალის სახით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტმა შეიფარა. 2007 წლიდან თსუ სოხუმის ფილიალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, სოხუმის უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა.
ჯონი აფაქიძე უნივერსიტეტის 21– ე რექტორია. სასწავლებლის წარსულზე, აწმყოსა და მომავალის პერსპეტქივებზე, Aris.ge-განათლებას სწორედ ის ესაუბრა.
– ბატონო ჯონი რა სიახლეებით ხვდება ახალ სასწავლო წელს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი?
– აბიტურიენტებისთვის ყველაზე საინტერესო სიახლით დავიწყებ– მოგეხსენებათ, სახელმწიფო 17 სპეციალობაზე სწავლებას სრულად აფინანსებს. წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით ჩვენ გავაორმაგეთ ადგილების რაოდენობა იმ სპეციალობებზე, რომელიც სრულად ფინანსდება, თუ აქამდე გვქონდა 75 ადგილი ახლა გვაქვს 150. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე ახალი ლაბორატორები გვაქვს, გარდა ამისა, სტუდენტებს სრულიად განახლებული და თანამედროვე მასშტაბების შესაბამისად გარემონტებული იურიდიული ფაკულტეტი დახვდებათ. სიახლეა ისიც, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორემთ თურქეთის რამდენიმე უნივერსიტეტთან. ჩვენს პედაგოგებსა და სტუდენტებს საშუალება ექნებათ, სპეციალობების მიხედვით, გაცვლით პროგრამებებში მიიღონ მონაწილეობა და ცოდნის დონე თურქეთის სხადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში აიმაღლონ. გარდა ამისა ჩვენი ასოცირებული პროფესორის, ბატონ ჯემალ ანთიძის პროექტმა გაიმარჯვა და რუსთაველის ფონდის დაფინანსება მიიღო. პროექტის ფარგლებში საქართველოში პირველად ჩატარდება საერთაშორსო კონფერენცია ინფორმატიკასა და გამოყენებით მათემატიკაში. სოხუმის უნივერსიტეტი კი მასპინძლის როლში იქნება. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირის პროექტების ფარგლებში ჩვენი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებსა თუ პედაგოგებს ეძლევა შესაძლებლობა სხადასხვა ფორმატში ითანამშრომლონ ევროპის უნივერსიტეტებთან.
– ბატონო ჯონი, თქვენ ახსენეთ, რომ თქვენს სტუდენტებსა და პროფესორებს საშუალება ექნებათ, სტაჟირება გაიარონ თურქეთის უნივერსიტეტებში, გარდა ამისა, რომელ გაცვლით პროექტებშია უნივერსიტეტი ჩაბმული და რამდენი თქვენი სტუდენტი სწავლობს საზღვარგარეთ?
– ზუსტ ციფრს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ ჩვენი სტუდენტები გაცვლითი პროგრამით სწავლობენ ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ჩართულები არიან ერასმუს მუნდუსის პროგრამაში, თავადაც ეძებენ სხვადასხვა პროგრამებს. ჩვენs უნივერსიტეტს სამი პროექტი აქვს ერასმუს მუნდუსის. ახლახანს ჩავებით კიდევ ერთ მსგავს პროექტში, რომელსაც “მევლანას” პროექტი ჰქვია. თუმცა მოგეხსენებათ, სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლა – ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. სტუდენტიც უნდა იყოს კონკურენტუნარიანი და შეეძლოს კონკურსში გამარჯვება.
– სულ ცოტა დრო დარჩა ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე, რამდენი სტუდენტის მიღებაზე გაქვთ განაცხადი გაკეთებული?
– ისევე როგორც ყოველ წელს, წელსაც 570 ვაკანსია გვაქვს ბაკალავრიატში. 150–200-მდე ადგილი მაგისტრატურაში და 50 დოქტორანტურაში. ასევე, გვაქვს 70 ადგილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოსამზადებელ კურსებზე ჩვენი აფხაზურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენოვანი აბიტურიენტებისთვის.
– ბატონო ჯონი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის სოხუმის უნივერსიტეტი – სარგებლობს თუ არა აქ აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტი რაიმე პრივილეგიით?
– სურვილი ერთია, მაგრამ შესაძლებლობა მეორე. სტუდენტების მიღება კანონმდებლობის მიხედვით ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ხდება. ამ პროცესში ჩვენ ვერანაირ შეღავათს ვერ გავწევთ. თუმცა შემდეგ უკვე ჩვენი შიდა ნორმატიული აქტების მიხედვით და ჩვენი ფინანსური რესურსიდან გამომდინარე ვცდილობთ, დავეხმაროთ არა მხოლოდ დევნილ სტუდენტებს არამედ სოციალურად დაუცველებსაც.
– აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა კონკრეტულად კი განათლებისა და კულტურის სამინისტრო რამდენად არის ჩართული საუნივერსიტეტო ცხოვრებაში და გიდგათ თუ არა მხარში?
– კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში აფხაზეთის ა/რ მთავრობასა და მისი განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან ვთანამშრომლობთ. ძალიან კარგი კავშირები და ურთიერთობა გვაქვს. უამრავ ღონისძიებაში ერთად ვმონაწილეობთ. ხშირად სტუმრობენ უნივერსიტეტს, შეძლებისდაგვარად აფინანსებენ დევნილ სტუდენტებს. აქვთ პროგრამები აფხაზეთიდან დევნილი პროფესორებისთვის. ხშირად მათ პუბლიკაციების გამოცემასაც უზრუნველყოფენ.
– აფხაზეთიდან დევნილი პროფესორები ახსენეთ. ზოგადად, უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებზე მინდა გკითხოთ, რამდენად ძლიერი კადრები ჰყავს სოხუმის უნივერსიტეტს?
– ჩვენი აკადემიური პერსონალი არც ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესურაზე ნაკლები არ არის. გვყავს ევროპული დონისა და მასშტაბების პროფესორებიც, რომლებიც კვლევებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც ატარებენ. ძალიან ძლიერი იურისტები, ისტორიკოსები, მათემატიკოსები, არქეოლოგები და სხვა სპეციალობების წარმომადგენლები გვყავს. მიმაჩნია, რომ უნივერსიტეტის პროფესურა თავის მოწოდების სიმაღლეზეა.
– ბატონო ჯონი, ვინ არის დღეს საგანმანათლებლო სივრცეში სოხუმის უნივერსიტეტის კონკურენტი?
– ჩვენი უნივერსიტეტი კლასიკური უნივერსიტეტია. შესაბამისად, ჩვენი კონკურენტი ვერ იქნება სამედიცინო ან ტექნიკური უნივერსიტეტები. ჩვენი კონკურენტია ის უმაღლესი სასწავლებელი, სადაც კლასიკური განათლების მიღება ხდება. არ მინდა მათ კონკურენტები ვუწოდო, მირჩევნია ვთქვა, რომ ისინი ჩვენი მეგობრები არიან. თუმცა კონკურენცია მაინც ხდება, იმის მიხედვით თუ რომელ სასწავლებელს ირჩევს სტუდენტი. გარკვეული მაჩვენებლებით, შარშან მაგალითად, სოხუმის უნივერიტეტი რეიტინგით მესამე იყო. თითოეულ სტუდენტთან გვაქვს ინდივიდუალური დამოკიდებულება, ჩვენთან სტუდენტი პირველ ადგილზე დგას და, ალბათ, ამიტომაც ირჩევენ აბიტურიენტები ჩვენს უნივერსიტეტს.
– რამდენად კონკურენტუნარიან კადრებს ზრდის სოხუმის უნივერსიტეტი, თუ ტარდება შიდა კვლევა – რამდენად დასაქმებულები არიან თქვენი კურსდამთავრებულები?
– ალბათ ყველაზე დიდი შიდა კვლევა ისაა, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები მაღალ თანამდებობებს იკავებენ, როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორში. ყველაზე მეტად კი ეს იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს ეხებათ.
– ბატონო ჯონი რა არის სოხუმის უნივერსიტეტის პრობლემა. რადგან სასწავლებელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექვემდებარება, რაში ხედვათ მათ როლს სად გჭირდებათ მათი დახმარება?
– სხვადასხვა სახის პატარა სირთულეები და პრობლემები მეტ–ნაკლებად ყველა უნივერსიტეტს აქვს. საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტრო მრავალი მიმართულებით გვეხმარება და გვიწყობს ხელს. ინფრასტრუქტურული პრობლემების საბოლოოდ მოგვარებაში, ბუნებრივია, კვლავ გვჭირდება მათი თანადგომა და ასევე სახელფასო ფონდის გაზრდაში, რა თქმა უნდა, თუ ამის შესაძლებლობა იქნება. ჩვენ უკვე 100%-ზე მეტად გავზარდეთ ხელფასები, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი. დღეს ჩვენთან პროფესორის ხელფასი 1100 ლარია. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ მეტი იყოს. პროფესორის არ უნდა სჭირდებოდეს სხვადასხვა უნივერსიტეტებში ლექციების კითხვა დამატებითი შემოსავლისთვის. ერთ სასწავლებელში უნდა მუშაობდეს და იქ უნდა იხარჯებოდეს ბოლომდე.
– და ბოლოს, უნივერსიტეტის მომავალზე მინდა გკითხოთ, როგორია პერსპექტივა? როგორ ხედავთ სოხუმის უნივერსიტეტს 20 წლის შემდეგ?
– 20 წლის შემდეგ… ცოტა რთულია ამაზე საუბარი. მე უკვე პენსიაზე ვიქნები, მაგრამ მჯერა რომ ეს უნივერსიტეტი იქნება თანამედროვე და ძლიერი უმაღლესი სასწავლებელი. ქართულის გარდა, საგანმანათლებლო პროგრამები ექნება ინგლისურ და სხვა ენებზეც. იქნება მოწინავე არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო საუნივერსიტეტო სივრცეში და რაც მთავარია, ამ ხნის განმავლობაში (რა თქმა უნდა, ფრიად სასურველია უფრო ადრე) აუცილებლად დაბრუნდება შინ – სოხუმში.
P.S. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მჭიდრო კავშირი აქვს საქართველოს საპატრიარქოსთან. ცოტა ხნის წინ უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. 2009 წელს პატრიარქმა დევნილი უმაღლესი სასწავლებელი მართმადიდებელი ეკლესიიის უმაღლესი ჯილდოთი – წმიდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა. სოხუმის უნივერსიტეტი პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი უნივერსიტეტია, რომელიც წმიდა გიორგის ორდენითაა დაჯილდოვებული.
ეკა არის© წივწივაძე
-
როდის ექნებათ სტუდენტებს საკუთარი შენობა – ახალი სპორტის უნივერსიტეტი დიღომში უნდა განთავსდეს by ARIS.GE-განათლება
-
რას და როგორ ისწავლიან სტუდენტები ამ ფაკულტეტზე – დამტკიცდა კიბერუსაფრთხოების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by ARIS.GE-განათლება
-
ხელფასი 10 000, 9 000 და 8 000 ლარი – განათლების სამინისტროს ქვეუწყებისთვის გამონაკლისი წესი დადგინდა – დეტალები by ARIS.GE-განათლება