სპეციალურ მასწავლებელს მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა – რა წერია კანონპროექტში
სპეციალური მასწავლებლები მასწავლებლების სტატუსით ისარგებლებენ. შესაბამისი ცვლილება „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში პარლამენტმა მესამე მოსმენით საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე მიიღო. მას მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა. ამ ეტაპზე კანონპროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაშია გადაგზავნილი და გიორგი მარგველაშვილის ხელმოწერის შემდეგ ის უკვე ძალაში შევა.
კანონპროექტში დაზუსტდა სპეციალური მასწავლებლის ცნება და ის ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად ასწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს/მოსწავლეებს ან/და მუშაობს მასთან/მათთან ინდივიდუალურად/ჯგუფურად, სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარების განვითარების მიზნით;“
რაც იმას ნიშნავს, რომ კანონში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, ინკლუზიურ განათლებაში დასაქმებული სპეციალისტები სისტემამ აღიარა მასწავლებლად. მათი სამუშაო დატვირთვა და სახელფასო განაკვეთი გაუთანაბრდება მასწავლებლის, პარალელურად მიმდინარეობს და დამტკიცდება სპეციალური მასწავლებლის დაფინანსების წესი და პროფესიული განვითარების სქემა, რაც მათი პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის საშუალება იქნება.
ცვლილებების მიხედვით:
- სპეციალური მასწავლებელი გახდა მასწავლებელი;
- სისტემამ აღიარა ალტერნატიული და გაფართოებული სასწავლო გეგმები;
- გაჩნდა ინტეგრირებული და სპეციალიზებული კლასების ტერმინთა განმარტებები;
- სპეციალურ სკოლებს შეეცვალა სტატუსი და გახდა რესურს სკოლები; რომლის განმარტებაცაა – სენსორული ან/და მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) ან ქცევითი და ემოციური აშლილობის მქონე მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სკოლა, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და ასევე შესაბამისი პროგრამებით/სერვისებით უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს.
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, საჭიროების შემთხვევაში სმენის დარღვევის მქონე მოსწავლის სწავლების ენად გამოიყენება ქართულ ჟესტური ენა და ბილინგვური სწავლების პრინციპები, ხოლო იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც მხოლოდ სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეები იღებენ განათლებას სავალდებულოდ გამოიყენება ქართული ჟესტური ენა ან/და ბილინგვური სწავლების პრინციპები.
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, საჭიროების შემთხვევაში მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლესთან გამოიყენება ბრაილის სისტემა ან/და შესაბამისი დამხმარე ტექნოლოგიები, ხოლო იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც განათლებას იღებენ მხოლოდ მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეები, სავალდებულოდ გამოიყენება ბრაილის სისტემა ან/და შესაბამისი დამხმარე ტექნოლოგიები.“
კანონის პროექტში ასევე ვკითხულობთ, რომ ცვლილებების ჯეროვნად ასამუშავებლად სახელმწიფო შეიმუშავებს ეროვნულ სასწავლო გეგმას. სადაც განისაზღვრება სწავლა-სწავლების მიზნები, თითოეულ საგანში შესაძენი ცოდნა და საგანმანათლებლო პრინციპები, რომელსაც სწავლა-სწავლების მეთოდიკა და შეფასების სისტემა უნდა დაეფუძნოს, ასევე ზოგადი განათლების საფეხურების მიხედვით აუცილებელი საგნობრივი ჯგუფები, საგნების მიხედვით საათები, მათი განაწილება და აუცილებელი დატვირთვა, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობები და რეკომენდაციები, ხოლო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის, საჭიროების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე შეიმუშავებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.
კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც კანონში დაზუსტდა არის ის, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დაფუძნებული საჯარო სკოლების ინკლუზიური განათლების, მათ შორის სპეციალიზებული კლასებისა და ინტეგრირებული კლასების დაფინანსებას, რაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს უნდა უზრუნველყოფდეს შესაბამისი ადამიანური რესურსითა და პროგრამებით/სერვისებით.“
ამავე თემაზე:
„სპეცმასწავლებლის ხელფასი სექტემბრიდან პედაგოგის სტატუსის მქონეთა ხელფასს გაუტოლდება“
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება
- დაიწყო რეგისტრაცია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით – ინსტრუქცია და ვადები by ARIS.GE-განათლება