GE

სპორტულ კლუბებში სკოლის მოსწავლეთა მხოლოდ 20% დადის – ფიზიკურ აქტივობაში ჩართულობა შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით კვლევა ჩატარდა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად სპორტში მოსახლეობის ჩართულობის საგანგაშო მაჩვენებლებიც გამოიკვეთა.

მიღებული მონაცემების თანახმად, კომიტეტში ვარაუდობენ, რომ საქართველოში  სკოლის მოსწავლეთა მხოლოდ 20%-ია  რეგისტრირებული სპორტულ კლუბებში (6-18 წელი).  ხოლო მოსახლეობის – 82,4%, არ არის ინტენსიურად დატვირთული ფიზიკური აქტივობით (კაცები – 72.2%, ქალები – 91.8%). ეს სიტუაცია კი მოსახლეობაში დაავადებების გავრცელების და ადრეული სიკვდილიანობის ზრდის ხელშემწყობია.

აღნიშნული მონაცემები, სპორტის კომიტეტის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) დოკუმენტშია მოყვანილი. დოკუმენტი დეტალურად ასახავს სპორტული აქტივობის მონაცემებს და მის გავლენას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ამავე დოკუმენტში მოცემულია რეკომენდაციებიც, რომელიც მომავალში შესაბამისმა სამინისტროებმა უნდა გაითვალისწინონ. რეკომენდაციების ნაწილი განათლების სექტორსაც ეხება. საუბარია, რომ უნდა მოხდეს 5-17 წლის ასაკობრივ ჯგუფში სპორტში ჩართულობის ზრდა, სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის უზრუნველყოფა, სკოლებში სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ახლის შექმნა.

ანგარიშში მოცემულია ფიზიკური აქტივობის განვითრების რამდენიმე სცენარი და ხარჯთაღრიცხვაც, მათ შორის განათლების სექტორთან დაკავშირებით ვკითხულობთ, რომ გარკვეული ცვლილებები უნდა შეეხოს როგორც სკოლას, ასევე სკოლამდელ განათლებას. სკოლამდელ  განათლებაში შესაძლებელია მოხდეს სასწავლო გეგმის სრული ცვლილება, გაჩნდეს საათობრივი ბადე და სწავლება გადავიდეს  საგაკვეთილო სისტემაზე. ასევე საჭირო იქნება აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება (კვალიფიკაციის მინიჭება).  ზოგად განათლებაში  – მსხვილი ინვესტიციების განხორციელება სპორტულ ინფრასტრუქტურაში. დამატებით 3 500 მასწავლებლის მოზიდვა, რადგან  არსებულ პედაგოგთა 78%-ს არ გააჩნია შესაბამისი განათლების დიპლომი.

ანგარიშში მოცემული ერთ-ერთი სცენარის განხორციელების შემთხვევაში უნდა დადგინდეს სკოლამდელი დაწესებულებებში თანამშრომელთა გადამზადების პროგრამა; სკოლებში სასპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობის/განვითარების გეგმა;  სასკოლო სპორტული კლუბების პროგრამა (სკოლისგარეშე სწავლება); სპორტის მასწავლებელთა მოკლევადიანი გადამზადების პროგრამა (მოქმედი პედაგოგები).

დოკუმენტში ასევე საუბარია იმის შესახებაც, რომ აღსაზრდელთა ფიზიკურ აქტივობაში ჩართვა სავალდებულო გახდეს.

„კანონმდებლობით დადგინდეს, აღსაზრდელთა სავალდებულო, რეგულარულ ფიზიკური აქტივობებში ჩართვა. სპორტის გაკვეთილის ხანგრძლივობის ნაწილში სპორტის საკანონმდებლო ბაზა, ეფუძნებოდეს ეროვნული სასწავლო გეგმას.  შემუშავდეს და სახელმწიფოს მიერ დამტკიცდეს (ტექნიკური რეგლამენტი) სტანდარტი სკოლებში სპორტულ ინფრასტრუქტურასთან მიმართებაში. სპორტის მასწავლებლის პროფესიაში შემოსვლის მსურველთათვის დაწესდეს სავალდებულო მოთხოვნა“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით  ეს გახლავთ მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც კომიტეტს და სამინისტროს შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებაში დაეხმარება, რაც სპორტში მოსახლეობის ჩართულობას და სპორტულ ინფრასტრუქტურასთან ხელმისაწვდომობას გაზრდის.

მისივე თქმით, კომიტეტმა პრემიერ-მინისტრს ინიციატივით მიმართა, რომელიც საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის და არსებული რეალობის მართვის ეფექტური მოდელის შექმნას ითვალისწინებს.

„ეს გულისხმობს იმას, რომ ამ კვლევიდან გამომდინარე უკვე საერთო ეროვნული ხედვა ჩამოვაყალიბოთ. პრემიერმა მიმართა უკვე შესაბამის სამსახურებს, რომ გამოცხადდეს საერთაშორისო კონკურსი, რათა პროექტი წლის ბოლომდე დასრულდეს. შემდეგ უკვე ჩვენ შეგვეძლება თითოეულ მოქალაქეს ვაცნობოთ, რომ მათ ექნებათ შესაძლებლობა ქვეყანაში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა და სპორტული კომპლექსები მათთვის ხელმისაწვდომი გახდება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ მათთვის სასურველი სახეობა აირჩიონ და გამართული მართვის სისტემის შედეგად, სპორტში ჩართულობის ხელმისაწვდომობა იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური