GE

სსსმ მოსწავლეებისთვის მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა შემუშავდა – ინკლუზიური განათლების გზამკვლევი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 7 სექტემბერს, ინკლუზიური განათლების ინდივიდუალური სასწავლო გეგმა გამოაქვეყნა, რომელიც მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმას ეფუძნება.

გზამკვლევი განკუთვნილია მასწავლებლებისა და სპეციალური მასწავლებლებისთვის, რომლებიც ასწავლიან მოსწავლეთა მრავალფეროვან ჯგუფებს, უწევთ განსხვავებულ საჭიროებებზე რეაგირება, სასწავლო პროცესის დიფერენცირებულად დაგეგმვა.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ გზამკვლევის მიზანია, მასწავლებლებსა და სპეციალურ მასწავლებლებს გააცნოს სასწავლო პროცესის დიფერენცირებულად დაგეგმვის შესაძლებლობები მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში.

„მიუხედავად, მოსწავლეთა შორის არსებული მრავალფეროვნებისა, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებზე ორიენტირება ყველა მათგანისთვის მნიშვნელოვანია. დაუშვებელია ვიფიქროთ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სასწავლო პროცესის დაგეგმვა გამართლებულია მხოლოდ იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც აქვთ მზაობა გაუმკლავდებიან მოცემულ მოთხოვნებს, ხოლო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის ის შეუსაბამოა, რადგან ისინი შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ თანატოლებისგან ცოდნის დონით, მისი ათვისების ტემპით, დემონსტრირების შესაძლებლობით და შესაძლებელია, სპეციფიკურ და თანატოლებზე მეტ მხარდაჭერას საჭიროებდნენ აღნიშნულ პროცესში“, – წერია გზამკვლევში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მასწავლებელს მოსწავლისთვის ცოდნის გადაცემის ინდივიდუალური მიდგომების და გზების ძიება შეიძლება დასჭირდეს, რისთვისაც მან შემდეგ პრინციპებით უნდა იხელმძღვანელოს:

  • მიუხედავად მოსწავლეთა შესაძლებლობებს შორის განსხვავებისა, განურჩევლად ყველა უნდა იყოს ორიენტირებული ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ მიზნებზე;
  • ყველა მოსწავლესთან ერთნაირი მონდომებით უნდა მუშაობდეს პროგრესისთვის და შედეგის გაუმჯობესებისთვის;
  • ჰქონდეს მიმღებლობა იმისა, რომ შესაძლებელია, მოსწავლეებმა იდენტური შედეგი ვერ აჩვენონ;
  • შეეძლოს მოსწავლის ცოდნის დაფასება, მიუხედავად იმისა, რომ მისი მიღწევა შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს თანატოლების შედეგისგან.
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური