„სწავლა ნამდვილად უფასო გახდა? რა კანფეტ თემებს გვირიგებენ, რა ხდება?“ – აბიტურიენტებს ქართულის სპეციალისტები პასუხობენ
2026 წლის აბიტურიენტების უმრავლესობა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გამოტანილი ტესტებით კმაყოფილია. EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტებს საქართველოს არცერთ რეგიონში არ მოუსმენიათ აბიტურიენტებისგან, რომ ქართულის ტესტზე მუშაობა გაუჭირდათ, ან რამე მათთვის დამაბნეველი იყო.
ყველაზე მეტად კი ერთ-ერთი აბიტურიენტის დასკვნა გვენიშნა, რომელმაც ასეთი კითხვა დასვა: „სწავლა ნამდვილად უფასო გახდა? რა კანფეტ თემებს გვირიგებენ, რა ხდება?“.
რამდენად აქვს ამ მოსაზრებას არსებობის უფლება და იყო თუ არა რეალურად 2026 წლის ტესტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ადვილად შესასრულებელი? ამის გასარკვევად ტესტირებაზე გამოყენებული ტესტური დავალებების გამოქვეყნების შემდეგ, ჩვენ ქართულის სპეციალისტებს, რეპეტიტორებს მივმართეთ და მათი პოზიციები მოვისმინეთ.
ჩვენი რესპონდენტები არიან როგორც ახალგაზრდა თაობის, ისე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქართულის სპეციალისტები, რომლებიც განსხვავებულად შეხედავენ ტესტებს და საკუთარ პოზიციას ისე გაგვიზიარებენ.
ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის გამსწორებელი მანანა ციცქიშვილი ამბობს, რომ ეს ნათქვამი ნამდვილად გადაჭარბებულია:
„მშვენიერი თემები მოვიდა, არც ადვილი იყო და არც რთული. თუ ბავშვი მომზადებულია, მას არ გაუჭირდება გამოცდის ჩაბარება. ეს ყველა საგანს ეხება, მარტო ქართულს არა, რა თქმა უნდა. ჩემი მოსწავლეები გახარებულნი იყვნენ, კარგად დავწერეთო, თემებიც მოეწონათ და ავტორებიც. როგორც ვიცი, სხვა ბავშვებმაც იგივე თქვეს. როგორ შეიძლება, არ მოგეწონოს და არ გიყვარდეს “ვეფხისტყაოსანი”, “ჯაყოს ხიზნები”, “სტუმარ-მასპინძელი”, “შუშანიკის წამება”?!
ქალბატონი მანანას შეფასებით, ქართულის ტესტებში არასაპროგრამო მასალაც კარგად იყო შერჩეული.
„რას ნიშნავს ადვილი და ძნელი? თუ რაღაც გეადვილება, ეს იმას ნიშნავს, რომ იცი და ამას რა სჯობია? იცი და გიხარია, ამიტომაც იყვნენ აბიტურიენტები გახარებულნი. გახარებული ბავშვი გულს გვიხარებს ჩვენ, მასწავლებლებს!”, – აცხადებს ჩვენთან საუბარში ქართულის სპეციალისტი და ამატებს, რომ ბოლომდე სიხარული ჯერ მაინც ადრეა და ნამდვილი სიხარული საგამოცდო ტესტების გასწორების შემდეგ უნდა მოვიდეს.
„იმედი მაქვს, მაღალ ქულებს მიიღებენ, რადგან მოეწონათ თემების სათაურები.
რაც შეეხება პირველ დავალებას, ტექსტის რედაქტირებას, ზოგს მოეწონა, ზოგი ამბობდა, ძნელი იყოო. ესეც ინდივიდუალურია. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ იცი გრამატიკა, გაქვს თუ არა სტილის შეგრძნება, ფლობ ქართულ ენას და ა. შ.
ჩვენი მტერი გამოცდაზე ნერვიულობაა, თუ ნერვებს თოკავ და თავი ხელში აგყავს, მაშინ დავალებას მშვიდად ასრულებ. სამწუხაროდ, ეს ყველას არ შეუძლია. როგორ ჩანს, ვინც აუღელვებლად წერდა, სწორედ იმას მოეჩვენა დავალება მარტივი და პირიქით, ვინც ინერვიულა, სწორედ მას გაუჭირდა აზრის გამოტანა და თემის სწორად წარმართვა, ასევე რედაქტირება.
ბავშვები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ამიტომაც არის შეფასება განსხვავებული. ქულა ხანდახან გეცოტავება, ხან პირიქით, მაღალიც კი გეჩვენება, შენი ცოდნიდან გამომდინარე.
ამიტომაც განსხვავდება გამოცდა ჩვეულებრივი გაკვეთილისგან.
წარმატებას გისურვებთ! ყველაფერი კარგად იქნება! ცოდნა სინათლეა და აცისკროვნებს სიბნელეს”, – ასე მიმართავს მანანა ციცქიშვილი აბიტურიენტებს.
ქართული ენისა და ლიტერატურის ახალგაზრდა მასწავლებელი, რეპეტიტორი სალომე უსტარაშვილი ვითარებას ასე აანალიზებს:
„ქართული ენისა და ლიტერატურის წლევანდელ გამოცდაზე, მიუხედავად იმისა, რომ აბიტურიენტები საგამოცდო პროგრამაში ახალჩამატებულ ნაწარმოებებს ელოდებოდნენ, კვლავ გასული წლის პროგრამის არეალში დარჩენა მოუწიათ.
სამსჯელო ეპიზოდები საკვანძო ხასიათის იყო და თეზისებიც – მარტივად გამომდინარეობდა ნაწარმოების მონაკვეთიდან. ვგულისხმობ, თეზისის გააზრების პრობლემა, გასულ წლებში რომ ფიქსირდებოდა, წელს მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
აპლიკანტებს ჰქონდათ ყველა პირობა იმისათვის, რომ საკუთარი წერითი უნარები მარტივად და მაქსიმალურად გამოევლინათ – არასაპროგრამო ტექსტები თითოეულ ვარიანტში ამ არჩევანის თავისუფლებას უწყობდა ხელს.
რაც შეეხება ტექსტის რედაქტირების დავალებას, შეცდომების “დაჭერა” თვალის ერთხელ გადავლებითაც შეიძლებოდა”.
ამავე თემაზე:
„შუშანიკის წამება“ და დავით წერედიანის ლექსი – ქართულის ბოლო სესიის საკითხები ცნობილია
-
ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“ და აკა მორჩილაძის „ობოლე“ – ქართულის გამოცდის III სესიის საკითხები ცნობილია
by ARIS.GE-განათლება
-
ეროვნული გამოცდების პირველი დღე დასრულდა – რა საკითხები წერეს ქართულში 2026 წლის აბიტურიენტებმა ორივე სესიაზე
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ და მურმან ლებანიძის ლექსი „ვოი“ – ქართულის გამოცდის მეორე სესიის საკითხები ცნობილია
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე