GE

სწორად ისვენებთ? – როგორ მოეკიდოს მასწავლებელი პროფესიული საქმიანობისგან დასვენების საკითხს

დასვენება რომ მასწავლებლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამის შესახებ EDU.ARIS.GE– სთან სპეციალისტებსა და თავად პედაგოგებსაც არაერთხელ უსაუბრიათ.

„მეტი ჟანგბადი, მეტი სიყვარული, ნაკლები შრომა, ნაკლები დარდი…“ – ხარისხიანი დასვენების ინსტრუქცია კოლეგებს პედაგოგისგან

როგორ შევაფასოთ, რამდენად სწორად ვატარებთ არდადეგებს? EDU.ARIS.GE სოციალურ მეცნიერებათა დოქტორს, ფსიქოთერაპევტს ეკატერინე გვერდწითელს ესაუბრა. ჩვენი რესპონდენტი მასწავლებლებისთვის ერთგვარ ინსტრუმენტს გვიზიარებს, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ, რამდენად პროდუქტიულია თქვენი დასვენება.

„სამწუხაროდ, უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს ჩვენს ქვეყანას. ძალიან რთულია, რომ ასეთ დროს მოდუნდე და დასვენებასა და  გართობაზე იფიქრო, მაგრამ მაინც ვურჩევ პედაგოგებს, რომ მიუხედავად ასეთი ძლიერი სტრესისა, დასვენების პერიოდი გამოიყენონ ძალების აღდგენისათვის, ვინაიდან წინ ძალიან საპასუხისმგებლო მისიის შესრულება, ჩვენი მომავალი თაობის აღზრდა ელოდებათ”.

– ქალბატონო ეკატერინე, პირველ რიგში გკითხავთ, პედაგოგებისთვის რა ფსიქო-სოციალური დანიშნულება აქვს არდადეგებს, რისთვის არის დასვენება აუცილებელი?

– პედაგოგის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე უფრო საპასუხისმგებლო და რთულია, მათ შორის ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც. ამიტომ, მასწავლებელი პროფესიული საქმიანობისგან დასვენების საკითხს ისეთივე სერიოზულობით უნდა მიუდგეს, როგორც ეკიდება სკოლის კედლებში შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნას და ცოდნის გადაცემის პროცესს. ადამიანის გონება ისეა მოწყობილი, რომ თუ პერიოდულად არ შევისვენებთ და არ შევცვლით ჩვენი საქმიანობის ტიპსა და რიტმს, დგება ეგრეთ წოდებული მობეზრებისა და ფსიქოლოგიური გადაწვის მდგომარეობა, რაც შეუძლებელს ხდის საქმის ხარისხიანად შესრულებას

– როგორ უნდა მიხვდეს პედაგოგი, რომ დასვენების პერიოდს არაპროდუქტიულად იყენებს?

– ბედნიერების თუ არა, სულ მცირე სიმშვიდისა და ფიზიკური და ფსიქოლოგიური რელაქსაციის შეგრძნება მაინც უნდა გვქონდეს, როდესაც ასე ვთქვათ სწორად ვისვენებთ. შვებულების დროს, მოგზაურობა და ახალი შთაბეჭდილებების მიღებაც ძალიან სასიამოვნო და სასურველია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს აქტივობაა ჩვენი ტვინისა და სხეულისთვის და არა დასვენება. გონება მაშინ ისვენებს, როდესაც არ უწევს ახალი ინფორმაციის გადამუშავება-ინტეგრაცია და ფიზიკური დაღლა (რაც მოგზაურობას აუცილებლად თან ახლავს). თუმცა, აქტიური დასვენებაც დასვენების ერთ-ერთი ფორმაა, ვინაიდან ჩვენ ვიცვლით ქცევას, რიტმს, გარემოს და ეს უკვე დიდი შვებაა ჩვენი გონებისა და სხეულისთვის.

– გაგვიზიარეთ დასვენების შეფასების ერთგვარი ინსტრუმენტი, ჩვენი მკითხველი პედაგოგებისთვის

– არდადეგების მონიტორინგისთვის, იმისთვის, რომ გაიგოთ რამდენად პროდუქტიულია თქვენი დასვენება, ეს კითხვები დაუსვით საკუთარ თავს:

  • რამდენად საინტერესოდ ვატარებ დროს?
  • თუ ვახერხებ, რომ მოვდუნდე ფიზიკურად და რაც მთავარია – ფსიქოლოგიურად?
  • დასვენების დღეებში ისევ ჩემს სამსახურსა და საქმიანობაზე ხომ არ მეფიქრება?
  • თუ ვახერხებ ასე ვთქვათ გადართვას და თუ განსხვავდება ჩემი ყოველდღიურობა ჩვეული სამუშაო დღის გრაფიკისგან?

გასათვალისწინებელია: მაღვიძარას ზარის ხმაზე ვიღვიძებ თუ ფიზიოლოგიურად როცა მეღვიძება?! რამდენად მეტ დროს ვუთმობ თავის მოვლას?  ვახერხებ თუ არა, მეტი დრო გავატარო ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ერთად?  ისევ იმ სოციალურ როლში ვარ და იგივე ტიპის ქცევების განხორციელება მიწევს (მაგალითად პუნქტუალური, სტრუქტურული, მოწესრიგებული, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე და ა. შ.) თუ თავს უფლებას ვაძლევ, სხვა როლიც მოვირგო – უფრო ლაღი, შეიძლება პერიოდულად ბავშვურად უშუალო, უზრუნველი, მეტად მხიარული და არაფორმალური ქცევის? ეს პუნქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან დაისვენოს ჩვენმა “პროფესიულმა მე-მ” და შვებულებიდან დაბრუნებულებმა, მართლაც დასვენებულად და ახალი ენერგიებით სავსედ ვიგრძნოთ თავი.

– შეგიძლიათ, მიმართოთ  პედაგოგებს?

– თუ პედაგოგი სათანადოდ ფიზიკურად დასვენებული და ფსიქოლოგიურად განტვირთული არ დაუბრუნდა სკოლის კედლებს, იგი ვერ შეძლებს სასწავლო წლის შესაბამისი განწყობით დაწყებას, რაც აუცილებლად უარყოფითად აისახება როგორც თავად მასწავლებელზე, ასევე ბავშვებსა და მთლიანად სასწავლო პროცესზე. გირჩევთ, შეძლებისდაგვარად იფიქროთ ამ საკითხზე და გაუფრთხილდეთ საკუთრ თავსა და ჯანმრთელობას.

ასევე იხილეთ:

რა არის და როგორ ამოვიცნოთ მასწავლებლის პროფესიული დეპრესია – ინტერვიუ სპეციალისტთან

ესაუბრა მზეო შველიძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური