„სწორედ ესაა მანიშნებელი, რომ განათლების სისტემა არ ვარგა, ფასადურ ცვლილებებს პოლიტიკური შიშები იწვევს“
ფორმალური ცვლილებები, საბჭოთა კავშირის დროინდელი განათლების კონცეფცია, არაკვალიფიციური მასწავლებლები და პოლიტიკური შიშების გამო გაჩერებული რეფორმები – ასე აფასებენ EDU.ARIS.GE-სთან განათლების სისტემას ადამიანები, რომელთაგან ყველას არ აქვს უშუალო შეხება საგანმანათლებლო პროცესთან.
მე–12 კლასის საატესტატო გამოცდებზე წელს დამდგარი შედეგი, რომლის მიხედვითაც, გამოცდაზე გასული 11 000 მოსწავლე არ არის კომპეტენტური, რომ გადალახოს მინიმალური ზღვარი, შარშანდელის მსგავსია. ყოველ წელს მედია და საზოგადოება დიდი აღშფოთებითა და წუხილით წერს და საუბრობს ამ შედეგზე, თუმცა ფაქტია, რომ შედეგი ჯიუტად არ იცვლება. EDU.ARIS.GE-სთან ამჯერად განათლების სპეციალისტებთან ერთად, სხვა პროფესიის ადამიანები საუბრობენ.
განათლების ექსპერტების, მწერლებისა და ფსიქოლოგების შეფასებით, მიზეზი, რის გამოც წლიდან წლამდე მოსწავლეების შედეგები არ უმჯობესდება, რის გამოც ყოველწლიურად მხოლოდ საატესტატო გამოცდებში, სტაბილურად, 11 ათასამდე (ოდნავ მეტი ან ოდნავ ნაკლები) მოსწავლე იჭრება და საშუალო სკოლის ატესტატს ვერ იღებს, სწორედ არსებული არასწორი განათლების სისტემის შედეგია.
და მიუხედავად იმისა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, განათლების სისტემაში მუდმივად ხდება რეფორმების განხორციელება; მიუხედავად იმისა, რომ მომავალ წელს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოები იცვლება; თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ გაგოშიძე მიიჩნევს, რომ დღევანდელი განათლების სისტემის მთავარი ხარვეზი ის არის, რომ მოსწავლეებს 21-ე საუკუნეში „მე-19 საუკუნის კონცეფციით ვასწავლით”.
„დღემდე მიგვაჩნია, რომ ბავშვებს რაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია უნდა ჩავუტენოთ თავებში, არადა, ჩვენ კომპიუტერებს ვერ გავეჯიბრებით – ვერც ინფორმაციის მოცულობაში და ვერც დაგროვებაში. არ ვასწავლით იმას, რაც 21-ე საუკუნეში უნდა ისწავლოს ადამიანმა. მაგალითად, ჩვენ არ ვასწავლით სკოლაში ანალიტიკურ და კრიტიკულ აზროვნებას. არ ვასწავლით იმ უზარმაზარი ინფორმაციის მასის გაცხრილვას, რომელიც ინტერნეტიდან მოდის.
„ამასთან, გამოცდებთან დაკავშირებით ხშირია იმის აღნიშვნა, რომ არ არის თანასწორობა დაცული. ამის მიზეზად კი ის სახელდება რომ ვისაც შეუძლია ცალკე რეპეტიტორთან ამზადებს ბავშვს და როცა I-II კლასის მოსწავლეებს რეპეტიტორი სჭირდება, რაზე უნდა ვისაუბროთ. სწორედ ეს არის იმის მანიშნებელი, რომ განათლების სისტემა არ ვარგა.
„განათლების სისტემის კონცეფციაა მთლიანად შესაცვლელია. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ვინ გვინდა რომ ეს ბავშვები გამოვიდნენ, როგორი მოქალაქეები გვინდა მივიღოთ და მერე უნდა ვიცოდეთ როგორ ვასწავლოთ“, – აღნიშნავს გაგოშიძე.
სწორედ სწავლებისა და ინფორმაციის სწორად მიწოდების პრობლემას თვლის განათლების სისტემის მთავარ ნაკლად ფსიქოლოგი სალომე ფანჯიკიძეც, რომელიც EDU.ARIS.GE – სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ თუკი რეალურად გვსურს განათლების სისტემისა და ხარისხის გაუმჯობესება, უპირველეს ყოვლისა მასწავლებელთა სერიოზული გადამზადება უნდა მოხდეს.
მისი თქმით, მასწავლებლებმა არ იციან როგორ მოექცნენ სხვადასხვა ასაკის ბავშვს. ,,მაგალითად, მაღალ კლასებში, როცა მოსწავლეებს გარდატეხის პერიოდი ეწყებათ და ფიზიოლოგიურ–ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე სწავლის მოთხოვნილება და მოტივაცია ბუნებრივად იწევს დაბლა. პედაგოგებმა არ იციან როგორ მიუდგნენ მოსწავლეებს და როგორ აათვისებინონ ისედაც რთული სასწავლო პროგრამა. არ იციან, როგორ მიუდგნენ აგრესიულ, დაუმორჩილებელ ბავშვებს, რა შეიძლება იყოს მათი ასეთი საქციელის საფუძველი, შესაბამისად, კატასტროფულ შედეგებს ვიღებთ.
„ამიტომ, ყველაზე მთავარი, რაც განათლების სისტემაში უნდა გაკეთდეს მასწავლებელთა საფუძვლიანი დატრენინგებაა. ყველაზე დიდი რესურსი უნდა დაიხარჯოს პედაგოგების სერიოზულ გადამზადებაში, სხვა შემთხვევაში აზრი არ აქვს არაფერს. ეს უნდა იყოს არა სამდღიანი ტრენინგი, არამედ სერიოზული გადამზადება, სადაც პედაგოგებს ასწავლიან სწავლების მეთოდოლოგიას და ბევრი რაღაცის ამოცნობას, მაგალითად ბულინგის ამოცნობას, ისწავლიან როგორ დაიმორჩილონ ბავშვი, როგორ მოიქცნენ მაშინ, როცა მოსწავლე პრობლემურია, როცა რაღაც ხდება კლასში, ამასთან როგორ მიაწოდონ სასწავლო პროგრამა ისე, რომ მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო გახდეს.
„დღეს კი უნდათ სამოცი წლის ადამიანი 3 დღეში დაატრენინგონ და ახალი რაღაცები აათვისებინონ. ეს არის ფულის ყრა, რომელიც არანაირ შედეგს არ იძლევა.
„პედაგოგიკა არ არის ის, რომ მე ქართული ვიცი და შემიძლია ვიღაცას ჭავჭავაძეზე ველაპარაკო. ეს სერიოზული პროფესიაა, რომელიც ისწავლება. კარგი პედაგოგი კი ამ წიგნებში არსებული პროგრამიდანაც შეძლებს საინტერესო გაკვეთილის ჩატარებას და მოსწავლეებში ინტერესის გაღვიძებას. ზოგადად კი გეტყვით, რომ არ ვიცი რას ეფუძნება დღევანდელი განათლების სისტემა“, – აღნიშნავს ფსიქოლოგი სალომე ფანჯიკიძე.
მეორეს მხრივ, განათლების სისტემაში რეალური რეფორმების განუხორციელებლობას პოლიტიკურ შიშებს მიაწერს მწერალი ლაშა ბუღაძე და აღნიშნავს, რომ რეფორმის გატარების ეშინიათ, რადგან არ სურთ მასწავლებლები გააღიზიანონ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ რეალურად, მათთვის საარჩევნო ხმები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შინაარსობრივი შედეგები. ამიტომაც, განათლების სისტემაში ფასადური ცვლილებებია.
„ერთ-ორ მინისტრს გამოცვლიან და გეგონება რაღაც იცვლება. სინამდვილეში კი არაფერი იცვლება, დღეს იგივენაირად არის ჩამყაყებული სიტუაცია, განსაკუთრებით საჯარო სკოლებში, როგორც ეს ჩემს ბავშვობაში საბჭოთა დროს იყო“.
მისივე თქმით, ერთია ეკონომიკური პრობლემები, რაც არის მასწავლებლებისთვის დაბალი ხელფასები და მშობლებისთვის შემოსავლის სიმცირე, ხოლო მეორეა ნება იმისა, რომ სიტუაცია შეიცვალოს და რაღაც დონეზე მაინც დაიწყოს ცვლილებები, თუნდაც საჯარო სკოლებში. „გასაგებია რომ ეს ყველაფერი ჯაჭვურად არის ერთმანეთთან გადაბმული, თუმცა მე ვერ ვხედავ რეალურ ნაბიჯებს“.
მწერალი განათლების სერიოზულ რეფორმად ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღებას მიიჩნევს, თუმცა აღნიშნავს, რომ „ეს რეფორმა მისი განხორციელებისთანავე გაჩერდა, რადგან ამის შემდეგ სერიოზული ცვლილება განათლების სისტემაში აღარ მომხდარა.
“ყოველთვის ეშინიათ პოლიტიკური რეაქციების, არჩევნების, ეს ხმები სჭირდებათ და განძრევაც კი ეშინიათ, რომ ამით ზედმეტი აგრესია არ გამოიწვიონ“, – ამბობს ბუღაძე.
თავის მხრივ, რეფორმების არარსებობაზე საუბრობს განათლების ექსპერტი შალვა ტაბატაძეც და აღნიშნავს, რომ „განათლების სისტემის მთავარი პრობლემა არის ის, რომ განათლების სისტემა არის ისეთი როგორიც არის და მისი შეცვლა არავის არ უნდა. გვაქვს სისტემა, რომელიც ყველამ იცის რომ შესაცვლელია, მაგრამ არავინ ცდილობს ამის გაკეთებას და არ აკეთებს.“
მისივე თქმით, განათლების სამინისტრო ფულს იმაში იხდის, რაც არ ვარგა. ამის მაგალითად სპეციალისტს საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილი მოსწავლეების რაოდენობა მოჰყავს, რომელიც წლიდან წლამდე თითქმის უცვლელი რჩება.
„თუ საატესტატო გამოცდების შედეგებს ჩავუღრმავდებით, კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობას დავინახავთ. მაგალითად, თუ გავმიჯნავთ ქალაქისა და სოფლის მაჩვენებლებს, ან ქალაქის, სოფლის და მაღალმთიანი სკოლების მაჩვენებლებს აღმოჩნდება, რომ სოფლისა და მაღალმთიან სკოლებში გამოცდაზე 40% ჩაიჭრა. რეგიონალურ ჭრილში თუ განვიხილავთ საატესტატოზე ჩაჭრილთა რაოდენობას, აღმოჩნდება, რომ გვაქვს რეგიონები, სადაც 60% არის ჩაჭრილი. თუ სკოლის ზომის მიხედვით შევადარებთ მონაცემებს, მცირეკონტინგენტიან სკოლებში მოსწავლეთა 40%-ზე მეტი იქნება ჩაჭრილი. კიდევ უფრო ღრმად თუ ჩავალთ და შედეგებს მოსწავლეების ეთნიკურობის მიხედვით გავაცალკევებთ, ცალსახად აღმოჩნდება, რომ სომხურ და აზერბაიჯანენოვან სკოლებში 50-45% იჭრება“, – აღნიშნავს ტაბატაძე.
მისი თქმით, სამინისტრო უფრო დიდ ყურადღებასა და ფინანსებს მცირეკონტინგენტიან, სოფლისა და მაღალმთიან რეგიონებში არსებულ სკოლებზე, ასევე არაქართულენოვან სკოლებში ხარჯავს, თუმცა შედეგები აქაც იგივე რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო თანხას ცუდ პროდუქტსა და სერვისში ზრდის.
„მთელი პრობლემა ის არის, რომ რეფორმებს არ ვატარებთ, არ ვცვლით სასწავლო გეგმებს მთელი თავისი შინაარსითა და კომპეტენციებით, სასწავლო საათების გადანაწილებით, საათობრივი ბადით. არ ვცვლით ჩვენი სკოლების სტრუქტურას, ვერ ვცვლით მასწავლებელთა კონტინგენტს, რომელიც გვყავს, რომელიც დაძველდა და ვეღარ ვითარდება. ვერ ვცვლით ინფრასტრუქტურას. ანუ ვერაფერს ვერ ვცვლით – უბრალოდ დაფინანსების თანხას ვზრდით”, – გვითხრა ტაბატაძემ.
განათლების ექსპერტი მიიჩნევს, რომ „არ გვინდა და არ გვაქვს უნარი შევქმნათ და განვახორციელოთ ახალი საგანმანათლებლო რეფორმა, რომელიც შექმნის ახალ საგანმანათლებლო სივრცეს და რომელიც მნიშვნელოვანია 21-ე საკუნისთვის. ზოგადად ისიც კი არ გვინდა, საატესტატო და მისაღები გამოცდების სისტემა შევცვალოთ, რომელიც გააუმჯობესებს და ხელს შეუწყობს სწავლების ხარისხს.”
2018 წლის საატესტატო გამოცდებზე მინიმალური ზღვარი 11 000–ზე მეტმა მოსწავლემ ვერ გადალახა
მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება