GE

„ტალღებზე უნდა ვილივლივო“, „ფანჯარას გავაღებ და ვიყვირებ“ – რის გაკეთებას გეგმავენ აბიტურიენტები გამოცდების შემდეგ

„რაც მთელი წელი მოვიკელი, ავინაზღაურებ“ – 2024 წლის აბიტურიენტების გეგმები, მათთვის ყველაზე რთული წლის შემდეგ, ძირითადად, გართობისა და დასვენებისკენაა მიმართული. მათი უმრავლესობა აპირებს, რომ მეცადინეობა და გამოცდები დაივიწყოს და აღარც გაიხსენოს მანამ, სანამ აგვისტოში ჯერ ქულები, მოგვიანებით კი გრანტები და ჩარიცხვები არ გახდება ცნობილი.

დასვენება ნამდვილად დაიმსახურეს, რადგან მთელი წელი სკოლასა და რეპეტიტორთან სიარულში გაატარეს. მეცადინეობის გამო იკლებდნენ ძილსაც, გართობასაც, დასვენებასაც, სიამოვნებასაც, მეგობრებთან თუ ახლობლებთან ურთიერთობასაც. არიან ისეთები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ მიუხედავად გიჟური რეჟიმისა, გასართობად დროს მაინც პოულობდნენ, თუმცა ახალგაზრდების უმეტესობა, რომელთაც, 191-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრთან ვესაუბრეთ, ერთხმად ამბობს, რომ ეს ყველაზე დამღლელი წელი იყო მათ ცხოვრებაში.

დასასვენებლად წასვლა, მათ გეგმებში, მეორეა. მანამდე კი, ეროვნულების ფინალში გასვლის აღნიშვნას, მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად, სხვადასხვაგვარად აპირებენ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე – გამოცდების დასრულების შემდეგ რას გააკეთებ პირველი, აბიტურიენტებისაგან ასეთი გამოხმაურებები მივიღეთ:

სალომე: „გამოცდებზე ყველა ნერვიულობს, მე კიდევ გიჟივით გახარებული მოვდივარ. მიხარია, რომ, როგორც იქნა, გავდივარ ბოლოში. ერთი სული მაქვს მორჩეს. ყველაზე ბედნიერი იმით ვარ, რომ დილაუთენია მაღვიძარა აღარ გამაღვიძებს და მთელი დღე დედაჩემის ჩხუბს აღარ მოვისმენ – დაჯექი, იმეცადინეო. მისი თქმის გარეშეც ვმეცადინეობდი, მაგრამ, ხომ იცით, დედისთვის მეცადინეობა არასდროსაა საკმარისი. პირველი, რასაც გამოცდების დასრულების შემდეგ გავაკეთებ, ის იქნება, რომ მაღვიძარას გავთიშავ, საზეიმოდ. თუმცა, იმედია, ოქტომბერში ისევ დამჭირდება ჩართვა, ლექციების გამო. მერე კი დედაჩემს სიტყვა „იმეცადინე“-ს თქმას ავუკრძალავ, სამუდამოდ“.

ლუკა ურუმაშვილი: „ბოლო გამოცდა სამოქალაქო განათლებაში მაქვს, რომლის შემდეგაც სომხეთში მივდივარ „ერასმუსის“ გაცვლითი პროექტით. დალევას განვიხილავდი, მაგრამ საჯაროდ არ ვსვამ, ამიტომ მოგვიანებით იყოს, როცა ჩამოვალ. უცხოეთში, ვეცდები, გამოცდები დავივიწყო და არ ვიფიქრო იმაზე, თუ რა შედეგს დავდებ. ასევე, ვეცდები მაქსიმალურად გავერთო, გავიცნო ბევრი ახალი საინტერესო ადამიანი და დავიწყო იმაზე ფიქრი, თუ რას ვაპირებ სამომავლოდ, როგორ და როდის“.

მარიამ მანჯავიძე: „ძალიან კარგი წელი იყო. დამღლელი ნაკლებად, რადგან სწავლაზე უფრო მეტად, ვერთობოდი. შესაბამისად, არც სტრესული ყოფილა. ჩემი აზრით, ასეთი განწყობით სჯობს მიუახლოვდე გამოცდებს, ვიდრე ნერვები იწყვიტო. აბიტურიენტობა მაინცადამაინც დაღლასთან, უძილობასთან, სტრესთან და ნერვიულობასთან არ უნდა ასოცირდებოდეს. გართობაც მნიშვნელოვანია. გამოცდების დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტის დაწყებამდე, მათემატიკაში მოვემზადები. გამოცდებზე ისტორიას ვაბარებ, უნივერსიტეტში კი მათემატიკა დამჭირდება, ამიტომ, მირჩევნია ახლავე დავიწყო. თუმცა, მანამდე აუცილებლად მოვასწრებ ზღვაზე წასვლას, ოჯახთან ერთად, და ცოტა ხნით მეცადინეობაზე აღარ ვიფიქრებ“.

ნინი: „დამღლელი და სტრესული წელი იყო, მაგრამ თან – კარგი. ისტორიიდან თუ ცოცხალი გამომიყვანეს, უფრო ბედნიერი ვიქნები. გამოცდების მერე, პირველ რიგში, უნდა დავლიოთ, მერე კი ზღვაზე წავალ დასასვენებლად“.

მანონი (სახელი შეცვლილია): „რაც უფრო ახლოვდება გამოცდების დასასრული, მით უფრო მიჩქარდება გული სიხარულისგან. მე არაფერი მომენატრება ამ წლიდან. საკმაოდ გამიჭირდა. სულ ვშფოთავდი, სულ სადღაც მეჩქარებოდა. საკუთარ თავს, გართობას, ან სიამოვნებას დროს ვერ ვუთმობდი. თუ ერთ საათს მაინც გართობაში დავხარჯავდი, სინდისი მქენჯნიდა და ვერ ვირგებდი. არადა, ამდენი მეცადინეობაც აღარ შემეძლო. მოკლედ, ნამდვილად გადავიწვი. გამოცდებს რომ დავასრულებ, ალბათ ფანჯარას გავაღებ და სიხარულისგან ვიყვირებ“.

მარიამი: „ძალიან, ძალიან, ძალიან დამღლელი წელი იყო. გადავიქანცე. 15 ივლისს, ბოლო გამოცდის შემდეგ, ყველაზე ბედნიერი ვიქნები. პირველი რასაც ვიზამ – დავლევ! სრულწლოვანი არ ვარ, მაგრამ მანამდე გავხდები და თუნდაც მარტო დავლევ!“

ანა ფიცხელაური: „ძალიან დამღლელი და დამძაბველი წელი იყო, თუმცა კარგ ხალხში ვტრიალებდი. გამოცდების დასრულების შემდეგ, ორი დღე ვიძინებ. მერე კი, მეგობრებთან ერთად, დასასვენებლად წავალ“.

დათო (სახელი შეცვლილია): „ჩემი მიზნისთვის ყველაფერი გავაკეთე და იმედია შრომა დამიფასდება. ძალიან დამღლელი იყო. მთელი წელი გადარბენაზე და გადავარდნაზე ვიყავი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ წელი, როგორც იქნა, დასრულდა. ერთი სული მაქვს ბოლო გამოცდა დავწერო და სოფელში გავიქცე“.

ნია აბრამაშვილი: „რთული წელი იყო, მაგრამ რეპეტიტორებთან ბევრი ახალი მეგობარი გავიჩინე. საერთო ჯამში, მადლობა ღმერთს, რომ ეს წელი დასრულდა. გამოცდების შემდეგ, პირველ რიგში, მეგობრებთან ერთად აუცილებლად დასალევად წავალ, მერე კი ჩემს მშობლებთან ერთად ქობულეთში – დასასვენებლად. აქ გაჩერება აღარ შემიძლია“.

კახა მათიაშვილი: „აუ, დავიტანჯე. დამღლელი და უძილო წელი იყო. სკოლაში არ დავდიოდი, მაგრამ რეპეტიტორებთან სიარული მიწევდა. ცოტაოდენ გართობასაც ვახერხებდი, მაგის დრო ყოველთვის გვაქვს, მაგრამ მიხარია, რომ ეს წელი დასრულდა. პირველი რას ვიზამ გამოცდების მერე? დავლევ, მეგობრებთან და მამაჩემთან ერთად. მერე კი, მეგობრებთან ერთად, ძალიან ბევრს გავერთობი. რაც მთელი წელი მოვიკელი, ავინაზღაურებ“.

ზუკა: „პირველ რიგში, ჩემს მშობლებს დანაპირების შესრულებას მოვთხოვ – დამპირდნენ, რომ თუ მთელი წელი კარგად ვიმეცადინებდი, გამოცდების შემდეგ ტელეფონს გამომიცვლიდნენ. iPhone 15 მინდა და ვნახოთ, იმედია არ გადადებენ. მერე კი, შედეგების გამოცხადებამდე, ტალღებზე უნდა ვილივლივო და არაფერზე ვიფიქრო“.

ელენე გალდავა: „კარგი იყო აბიტურიენტობა, ბევრი მეგობარი შევიძინე. თან ვსწავლობდი და თან ვერთობოდი. ყველაზე მეტად 4 საათით რეპეტიტორებთან ჯდომა მღლიდა და მიშლიდა ნერვებს. გამოცდების დასრულებას მეგობრებთან ერთად ზღვაზე წასვლით აღვნიშნავ“.

თამარ გულიკაშვილი: „შრომატევადი წელი იყო, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ სტრესული. გამოცდების მერე, იმავე დღეს, აქედან უნდა წავიდე. რაც შეიძლება მეტს დავისვენებ და გამოცდებზე აღარ ვიფიქრებ“.

ასევე იხილეთ:

იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური