GE

თამარ სანიკიძე თბილისის მე–18 საჯარო სკოლაში სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მე–18 საჯარო სკოლის მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების სპორტული დარბაზი ექნებათ. ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, განათლების სამინისტროს ცნობით, დარბაზს ექნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებული სველი წერტილები და გასახდელი. დარბაზთან ერთად სკოლაში საკლასო ოთახებიც რემონტდება და აქატიურად მიმდინარეობს ახალი სასწავლო წლისთვის მზადება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მე-18 სკოლას ეწვია და პირადად დაათვალიერა მიმდინარე სამუშაოები.

,,სამინისტრო მილიონობით ლარის ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი აქცენტი სკოლისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებაზეა გადატანილი (გადახურვა, გათბობის სისტემები, სველი წერტილები), სამინისტრო ყოველწლიურად ათეულობით სკოლაში ახორციელებს დახურული, თუ ღია სპორტული მოედნების კეთილმოწყობას და ამით, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს,” – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს ცნობითვე, თბილისის მე–18 საჯარო სკოლაში წლების განმავლობაში არ განხორციელებულა სარეაბილიტაციო სამუშაოები, მიუხედავად იმისა რომ ბოლო წლებში აქ ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, სკოლა დიდია და კვლავ საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს. პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და მალე კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების სკოლა შეემატება დედაქალაქს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური