GE

თელავის უნივერსიტეტის მოქმედი პროფესორები ადმინისტრაციის მხრიდან ჩადენილ კანონდარღვევებზე მიუთითებენ

თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში შიდა დაპირისპირებებს ბოლო არ უჩანს. ჯერ კიდევ სასამართლოს განხილვის საგნად დარჩენილი ყოფილი რექტორის გადაყენების, ახალი რექტორის ხმაურიანი აქციის ფონზე არჩევისა და დიპლომების გაყალბება-არგაყალბებაზე დღემდე უპასუხო კითხვების შემდეგ, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ახალი სკანდალი აგორდა. მტყუან-მართალის გარჩევა ამ შემთხვევაშიც არ არის მარტივი, თუმცა ერთი ფაქტია, თელავის უნივერსიტეტს საგანმანათლებლო დაწესებულების სახის დაკარგვა არ უნდა სურდეს.

ბოლო შიდა დაპირისპირების ქრონოლოგია კი ასეთია:

თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება გააუქმეს. ამ სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება  ,,თესაუს“ აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების გაერთიანებულ სხდომაზე  მიიღეს.

განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი ქეთევან გიგაშვილი აღნიშნულ ფაქტს რექტორის, ირმა შიოშვილის  მხრიდან მასზე განხორციელებულ პირად შურისძიებად აფასებს და Aris.ge – განათლებასთან დეტალებზე საუბრობს.

gigashvili,,რექტორისთვის მიუღებელია ყველა ადამიანი, რომელსაც საკუთარი აზრი გააჩნია საუნივერსიტეტო საკითხებთან დაკავშირებით და შეუძლია პრობლემებზე  დაუფარავად საუბარი. ზოგადად, პრობლემების თემა თელავის უნივერსიტეტში ტაბუირებულია. ვინც ამაზე საუბარს ბედავს, მიუღებელი და საშიშია არა მხოლოდ ხელმძღვანელობისთვის, არამედ მასთან დაახლოებული გარემოცვისთვისაც. თუმცა ეს გარემოცვა არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს რექტორის რეალურ დასაყრდენს, რადგან ის შედგება პიროვნულად და პროფესიულად არასანდო ადამიანებისაგან, რომლებიც მორჩილების რეჟიმში იმყოფებიან პირველ პირთან.

რექტორს სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების გაუქმებისათვის კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა: მე მთელი ბოლო პერიოდის განმავლობაში ცალსახად გამოვხატავ ყოფილი რექტორის ავთანდილ ღელაღუტაშვილისადმი მხარდაჭერას, რადგან ის უსამართლოდაა დაჩაგრული. ირმა შიოშვილის მიზანია, რომ ავთანდილ ღელაღუტაშვილი თანამდებობაზე არ დაბრუნდეს. დღეს თელავის უნივერსიტეტში ისეთივე ტაბუირებულია ყოფილი რექტორის სახელი და გვარი, როგორც პრობლემების თემა. ის ტაბუირებულია, პირველ რიგში, სწორედ ზემოთ ნახსენები გარემოცვისთვის, რომელიც ისეთივე „ერთგულებით“ ემსახურებოდა მას მისი რექტორობის პერიოდში, როგორი ერთგულებითაც დღეს შიოშვილს ემსახურება. ძალიან მარტივად შეგიძლიათ ამაში დარწმუნება. ნებისმიერ  თანამდებობის პირს ჰკითხეთ, რა აზრი აქვს ყოფილი რექტორის საქმესთან დაკავშირებით, თუ ვინმე გაბედავს და მის მხარდამჭერ მოსაზრებას გამოთქვამს. მოქმედი რექტორის შიშით ამას ვერ გაბედავენ. მე კი ამ დროს ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ავთანდილ ღელაღუტაშვიილი უნივერსიტეტში უნდა დაბრუნდეს. ეს ხომ მთლიანად ეწინააღმდეგება შიოშვილის თანამდებობრივ ვნებებს. როგორ ფიქრობთ, არ ჰქონდა მას მიზეზი, რომ სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება გაეუქმებინა?! მისი ხელმძღვანელი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ღელაღუტაშვილის სამართალზე საუბრით ხომ მის სკამს არყევს?!

იმას, რომ ქეთევან გიგაშვილი მოქმედი რექტორის ირმა შიოშვილის პირადი შურისძიების მსხვერპლია ,,თესაუ“-ს პროფესორი მადონა ქებაძეც იზიარებს.

12596413_952746821477838_306403404_n„სამეცნიერო  -კვლევითი განყოფილება არის ქალბატონი ირმა შიოშვილის პირადი შურისძიების აშკარა გამოვლინება. რექტორი ებრძვის ყველას, ვინც მის აზრს შეეწინააღმდეგება.  ეს განყოფილება ეწეოდა ძალიან აქტიურ სამუშაოს, რომელშიც ჩართული იყო აკადემიური პერსონალი. სტატიის დაბეჭდვა, ტრენინგი თუ სხვა რაიმე აქტივობა იყო საჭირო, ეს სტრუქტურული ერთეული ხელს უწყობდა პროფესორებს. მას შემდეგ, რაც შიოშვილი გახდა რექტორი, თელავის უნივერსიტეტი მიდის რეგრესისკენ,“- განაცხადა მადონა ქებაძემ.

როგორც თავად ამბობს, პროფესორ ქეთევან გიგაშვილისთვის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების გაუქმება მოულოდნელი აღმოჩნდა.

მან ამის შესახებ 17 დეკემბერს ღამით თანამშრომლისგან შეიტყო. გიგაშვილი აცხადებს, რომ ის წინასწარ არ იყო ინფორმირებული შესაბამისი ინიციატივის შესახებ და აკადემიური დაწარმომადგენლობითი საბჭოების სხდომის შესახებაც მისთვის არ უცნობებიათ.

 „სხდომა ოთხშაბათს ჩატარებულა. ამ დღეს მე ვიყავი უნივერსიტეტში, მაგრამ შესვენებისას ქალაქში გავედი. მანამდე არავის უცნობებია ჩემთვის ამის შესახებ. სხდომა 2 საათზე დაწყებულა და მაშინ უნახავთ, რომ თურმე ოთახში არ ვიყავი. არ შეეძლოთ, რომ თუნდაც სხდომამდე 10 წუთით ადრე დაერეკათ და შეეტყობინებინათ, ხომ  მოვიდოდი? ან იქნებ იმ დღეს ქალაქიდან გავედი  (მე ხშირად მიწევს თბილისში მუშაობა), წინა დღეს არ უნდა ეცნობებინათ? ამდენი არ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ?“ – ამბობს გიგაშვილი.

გიგაშვილი ამტკიცებს, რომ ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მთელი რიგი მუხლები.

,,ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მთელი რიგი მუხლები, კერძოდ: მე-13 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები, 32-ე მუხლი, 60 პრიმა მუხლის მე-2 პუნქტი, 95-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები, 108-ე მუხლის 1-ლი და მე -2 პუნქტები. თუ გავაერთიანებთ დასახელებულ მუხლებს, პოპულარულე ენაზე ეს ნიშნავს შემდეგს: წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა უნდა ყოფილიყო საჯარო და არა დახურული, ადმინისტრაციული ორგანო (ჩვენ შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭო) ვალდებული იყო, ჩემთვის, როგორც დაინტერესებული მხარისთვის, ეცნობებინა სხდომის ჩატარების თარიღი მის გამართვამდე სულ მცირე 7 დღით ადრე, ასევე ვალდებული იყო,უზრუნველეყო ჩემი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში და ჩემი მოსაზრების მოსმენა.

ღიმილისმომგვრელია, რომ სპიკერმა მანანა ღარიბაშვილმა, მას შემდეგ, რაც  განყოფილების გაუქმებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია მოვითხოვე, სხდომის ოქმში ცვლილებები შეიტანა  და იქ გასცა პასუხები სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ჩემს სტატუსებს. გარდა ამისა, როგორც ჩანს, მან საერთოდ არ იცის,  როგორ აწარმოოს  საქმე.  მართვის ერთ-ერთი ორგანოს მუშაობას წარმართავს სპიკერი, რომელსაც წაკითხული არა აქვს კანონები. ის იმიტომაც არის ჩვენს უნივერსიტეტში სპიკერი, რომ კანონები არ წაიკითხოს. შიოშვილი სპიკერად არ აარჩევინებდა ადამიანს, რომელსაც კანონების წაკითხვა სჩვევია.  ღარიბაშვილმა არ იცის, რომ საბჭოს სხდომა ღიაა და არა დახურული. მან არ იცის, რომ მე კი არ უნდა მეთხოვა წერილობით სხდომაზე დასწრება, არამედ მას უნდა შეეტყობინებიდნა ჩემთვის სხდომის ჩატარების შესახებ და უნდა უზრუნველეყო ჩემი იქ დასწრება. ის ვალდებული იყო, ასე  მოქცეულიყო. ადმინისტრაციული კოდექსი ავალდებულებდა ამას, ”-განაცხადა ქეთევან გიგაშვილმა.

უნივერსიტეტის რექტორმა ირმა შიოშვილმა, ქეთევან გიგაშვილის პირდაპირი ბრალდებების მიუხედავად საკითხთან დაკავშირებით კომენტარზე უარი განაცხადა და მოადგილესთან გადაგვამისამართა. Aris.ge-განათლებასთან სატელეფონო საუბარში კი აღნიშნა, რომ მას ამ თემისთვის არ სცალია.

geldiashvili nunuრექტორის  მოადგილე ჩვენთან საუბარში რექტორის პირად დაინტერესებას გამორიცხავს. ნუნუ გელდიაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული განყოფილების გაუქმება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ორგანიზაციულ სრულყოფას და ხარისხობრივ ამაღლებას ისახავს მიზნად. მისი განმარტებით, უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირმა სამეცნიერო დარგში დანიშნა მოადგილე, რის შედეგადაც სწავლება და კვლევა რანგობრივად გათანაბრდა.

„წლებია, რაც უნივერსიტეტში რანგობრივი ბალანსი იყო დარღვეული. ჩვენ გვყავს რექტორის მოადგილე სასწავლო მიმართულებით. რექტორს სამეცნიერო მიმართულებითაც ჰყავდა მოადგილე, მაგრამ დიდი ხნის წინ ეს შტატი გაუქმდა. ეს მიმართულება გადაიქცა განყოფილებად, რომელიც ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს იყო დაქვემდებარებული. უნივერსიტეტში განხორციელდა ორგანიზაციული სრულყოფა. ამ მიმართულებით კვლავ დაემატა რექტორის მოადგილის შტატი, რომელმაც კოორდინაცია, საჯაროობა უნდა უზრუნველყოს. შეიქმნა კავკასიური კვლევების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებს და რამდენიმე დარგი გაერთიანდება. უნივერსიტეტში არსებობს 10 დეპარტამენტი, რომელიც არის სამეცნიერო სტრუქტურა. დეპარტამენტის ხელმძღვანელი არის სამეცნიერო თანამდებობა. დეპარტამენტებში თავმოყრილია აკადემიური პერსონალი. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში შემავალი სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების დატოვება გამოიწვევდა ფუნქციების დუბლირებას. რაც შეეხება იმას, რომ ქეთევან გიგაშვილი აღნიშნული განყოფილები გაუქმების შესახებ წინასწარ არ იყო გაფრთხილებული. მას დაუძახეს აკადემიურ საბჭოზე, თუმცა ის სამსახურში არ იყო. გარდა ამისა, საბჭოების სხდომის დღის წესრიგი საჯაროდ იყო გამოკრული“, – აღნიშნა ნუნუ გელდიაშვილმა.

წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, მანანა ღარიბაშვილი სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების გაუქმებას მართებულ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. ღარიბაშვილის აზრით, რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში სრულ კოორდინაციას გაუწევს აკადემიური პერსონალის საქმიანობას.

,,აღნიშნული კვლევითი სამეცნიერო განყოფილების გაუქმება მხოლოდ და მხოლოდ დაკავშირებულია პირიქით, სამეცნიერო კვლევითი მუშაობის რანგობრივ და ხარისხობრივ სრულყოფასთან. ამ შემთხვევაში ქეთევან გიგაშვილი არაფერ შუაში არ არის, მოხდა სტრუქტურული რეორგანიზაცია, გაუქმდა სამეცნიერო კვლევითი განყოფილება . მხარი დაუჭირა როგორც აკადემიურმა საბჭომ ასევე წარმომადგენლობითმა საბჭომ და ეს არავისი ერთპიროვნული გადაწყვტილება არ ყოფილა. ჩვენი განყოფილების წარმომადგენელი მივიდა მის კაბინეტში  გასაფრთხილებლად, თუმცა კარები სამი დღისგანმავლობაში სამუშაო საათებში დაკეტილი იყო. ასევე სხდომის ჩატარების შესახებ 5 დღით ადრე გავიტანეთ ინფორმაცია საინფორმაციო დაფაზე და რატომ არ მოგვაკითხა თვითონ? ჩვენ პირადად გვინდოდა მისი გაფრთხილება და ამიტომ არ ვცადეთ მასთან დარეკვა. მას ჩვენთვის არ მოუართავს თხოვნით დასწრებასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ მაინც ვცადეთ მისი საქმის კურსში ჩაყენება, მაგრამ უშედეგოდ“ – განუცხადა Aris.ge – განათლებს მანანა ღარიბაშვილმა.

ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა  არც ერთი ადრესატის ბრალდებებს არ უპასუხა. რაც შეეხება მისი მოადგილის მიერ გაჟღერებულ პოზიციას, გიგაშვილისთვის ეს საკმარისი არ არის.

”რატომ არ აკეთებს რექტორი კომენტარს განყოფილების გაუქმებასთან დაკავშირებით? მართალია, მისი მოადგილე, ნუნუ გელდიაშვილის პირით ვიგებთ, რას ფიქრობს, მაგრამ ის პირველი პირია და თავისი პოზიცია უნდა გამოხატოს.  გელდიაშვილს საკუთარი მოსაზრებები არასდროს არა აქვს, მისი მთავარი ამოცანა მხოლოდ რექტორის შეხედულებების გამართლებაა. ხვალვე რომ უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი ავთანდილ ღელაღუტაშვილი დაბრუნდეს და გელდიაშვილს უთხრას, სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება უნდა აღვადგინოთო, ის ისეთივე მონდომებით დაადასტურებს სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების არსებობის აუცილებლობას, როგორი მონდომებითაც საპირისპირო დაადასტურა (არ დაგავიწყდეთ, რომ ამ „ერთგულებით“ ის თანამდებობრივად დაწინაურდა). მოკლედ, ირმა შიოშვილს გელდიაშვილისნაირები სჭირდება. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი გელდიაშვილია დღეს უნივერსიტეტში. რაც შეეხება კავკასიურ ცენტრს, ეს  კარგია, მივესალმები (თავის დროზე გია გოცირიძემ შექმნა ეს ცენტრი, თუმცა მისი წასვლის  შემდეგ გააუქმეს), მაგრამ, როდესაც ამბობენ, რომ სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება კი გაუქმდა, მაგრამ კავკასიური ცენტრი ხომ შეიქმნაო,  აი ეს არის სისულელე! კავკასიური ცენტრი განყოფილების ალტერნატივა ვერ იქნება. ქმნიან ისეთ შთაბეჭდილებას,  რომ არ იციან, რა გააუქმეს და არ იციან, რა შექმნეს,“ – დასძინა  ქეთევან  გიგაშვილმა.

გიგაშვილი თვლის, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები დარღვეულია და აკადემიურმა საბჭომ სამეცნიერო კვლევითი განყოფილების გაუქმების საკითხი ხელახლა უნდა განიხილოს. თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს აღნიშნულთან დაკავშირებით რექტორი ირმა შიოშვილი, უცნობია.

ნინო არის© ჩორგოლიანი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური