GE

„თითქმის შარშანდელის მსგავსი საკითხები იყო“ – მასწავლებელთა უცხო ენის გამოცდის პრაქტიკული ნაწილიც დასრულდა

2018 წლის ეროვნულ გამოცდებზე პრაქტიკოსმა პედაგოგებმა და მასწავლებლობის მსურველებმა დღეს გამოცდა უცხოურ ენებში, კერძოდ პრაქტიკულ ნაწილში ჩააბარეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი გუშინ გამოცდები აპლიკანტებს წერილობით უნდა ჩაებარებინათ, დღეს პირიქით, გამოცდაზე მოსულ თემებზე უნდა ესაუბრათ.

EDU.ARIS.GE–ს გამოცდიდან გამოსული ერთ-ერთ აპლიკანტი ესაუბრა.

მასწავლებლობის გამოცდილება აქვს და რამდენიმე წელი სკოლაშიც იმუშავა, თუმცა თვლის, რომ დღეს მასწავლებლის პროფესია ზედმეტად დაუფასებელია. ამბობს, რომ დაბალი ხელფასია და ამასთან, უამრავი ენერგიაა საჭირო იმისთვის, რომ მასწავლებელი იყო. ამიტომაც სკოლიდან წამოვიდა, სხვა საქმიანობა აქვს, თუმცა პარალელურად, მოსწავლეებს და მსურველებს სახლში, ინგლისურ ენაში ამეცადინებს.

როგორც ქეთი კაჭარავა ამბობს, გამოცდაზე შარშანაც გავიდა, მაგრამ არ გაუმართლა და სულ რაღაც 3 ქულა დააკლდა წარმატებისთვის. ჯერჯერობით სკოლაში დაბრუნებას არ აპირებს, თუმცა გამოცდაზე მაინც გავიდა და არცთუ რთულად ეჩვენა.

„რამდენიმე მოსასმენი ტექსტი იყო, რომელზეც ჩვენი აზრი უნდა გამოგვეთქვა. ნამდვილად არ ყოფილა რთული თემები სასაუბროდ. ერთ-ერთი საკითხი იყო, რომ გიორგის აქვს დაბადების დღე და რას ურჩევდით მის მშობლებს, სად გადაუხადონ დღეობა: კაფეში, „მაკდონალდსში“ თუ სახლშიო და ამაზე უნდა გამოგვეთქვა ჩვენი აზრი.

„ასევე გვეკითხებოდნენ, რომელი ტრასპორტს მიანიჭებდით უპირატესობას, ანუ რომლით უფრო იმგზავრებდით, მატარებელით თუ მანქანითო და ამაზეც დასაბუთებულად უნდა გამოგვეთვა ჩვენი აზრი.

“მესამე თემა სპორტს ეხებოდა. ამ შემთხევაშიც უნდა გამოგვეთქვა ჩვენი აზრი და დაგვესაბუთებინა ზამთრის სპორტი ჯობდა თუ ზაფხულის. კიდევ იყო ერთი საკითხი.

„როგორც გითხარით, გამოცდაზე მეორედ ვარ და ვერ ვიტყვი, რომ რაიმე განსხვავებული შემხვდა წელს. განსხვევებული კი არა, თითქმის მსგავსი საკითხები იყო. ერთადერთი პრობლემა, რომელიც მეც და არაერთ სხვა მასწავლებელს თუ მასწავლებლობის მსურველს აწუხებდა, ეს გუშინდელ გამოცდაზე მოსასმენი ხმა იყო, რომელიც კატასტროფულად ისმოდა. გამოცდებზე არც ამ მხრივ შეცვლილა რამე“, -გვითხრა ქეთი კაჭარავამ.

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური