GE

თსუ-სა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინოვაციების ხელშემწყობი ეკოსისტემის ფორმირების მიზნით თსუ-სა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ მოაწერეს.

,,ინოვაციები და მომავლისკენ ხედვა არის ის კრედო, რომელიც გააჩნდა ჩვენს უნივერსიტეტს დაარსების დღიდან. მემორანდუმი ხელს შეუწყობს პროექტების განხორციელებას, ცოდნის გადაცემის სისტემის აწყობას, სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას, სტუდენტების ჩართვას სამეცნიერო კვლევებში, ინტელექტუალური რესურსის სწორ გამოყენებას”, – აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

მემორანდუმის მნიშვნელობაზე საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემაც ისაუბრა: ,,მემორანდუმი დაეხმარება უნივერსიტეტში, სტუდენტებში ინოვაციების მაქსიმალურად დანერგვას, ინოვაციების ხელშეწყობას. თსუ არა მარტო დიდი ისტორიის მატარებელია, არამედ დიდი მომავალია ჩვენი ქვეყნისთვის.“

მემორანდუმი ითვალისწინებს უნივერსიტეტის ბაზაზე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით სტუდენტური სტარტაპების ხელშემწყობი სივრცის შექმნას; სტუდენტებში ინოვაციური ბიზნესიდეების აღმოჩენისა და მათი სტარტაპ კომპანიებად განვითარების ხელშეწყობის მიზნით პრე-აქსელერატორის პროგრამის განხორციელებას; სტუდენტებისთვის ბიზნესტრენინგებისა და სემინარების ინტენსიური, მოკლევადიანი კურსების ჩატარებას; უნივერსიტეტის ბაზაზე ინოვაციური სტუდენტური ბიზნესინიციატივების აღმოჩენას და სხვა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური