„თუ ცხრილში ცარიელი უჯრა არ არის ე.ი. აბიტურიენტმა ყველა საგანში გადალახა ზღვარი“
2020 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 27 აგვისტოს, 18:00 საათზე იწურება. სწორედ ამ ვადის გასვლის შემდეგ მალევე გახდება ცნობილი თუ რომელ უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ აბიტურიენტები და რამდენპროცენტიანი გრატი მოიპოვეს.
გათანაბრებული ქულების გამოქვეყნების შემდეგ EDU.ARIS.GE-ს არაერთი აბიტურიენტი მიმართავს კითხვით – როგორ უნდა მიხვდეს გადალახა თუ არა ზღვარი მან ამ თუ იმ საგანში. ჩვენ განმარტების გაკეთება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ვთხოვეთ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე აბიტურიენტებს ურჩევს კარგად შეამოწმონ საკუთარი გვერდი და ყურადღებით გაეცნონ ეროვნული გამოცდების შედეგებს. მისი თქმით, პირველ ეტაპზე საკმარისია აბიტურიენტმა შეხედოს სკალირებული ქულების ცხრილს, თუ ცხრილში ცარიელი უჯრა არ არის ეს ნიშნავს, რომ მას ყველა საგანი გადალახული აქვს. ერთი უჯრაც თუ ცარიელია პიროვნება კონკურსს ეთიშება.
„უფრო მარტივად რომ გაარკვიოს აბიტურიენტმა გადალახული აქვს თუ არა ზღვარი ყველა საგანში, უნდა შეხედოს სკალირებულ ქულებს, აქ საკმარისია ვნახოთ ის, რომ სკალირებული ქულის ყველა უჯრა შევსებულია. თუ სკალირებული ქულა დათვლილია ე.ი. ყველა საგანში ბარიერი გადალახულია. თუ რომელიმე უჯრა ცარიელია, ეს ნიშნავს, რომ სკალირებული ქულები აღარ დაითვალა იმიტომ, რომ გათანაბრებული ქულა არ აღმოჩნდა გამსვლელ ქულაზე მეტი. ანუ ერთი შეხედვით რომ ნახავს აბიტურიენტი, თუ ყველა უჯრა აქვს შევსებული ე.ი ყველაფერი რიგზეა და აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას“, – ამბობს სოფო გორგოძე.
მისივე განმარტებით, ნებისმიერ საგანში თუ გათანაბრებული ქულა მეტია გამსვლელ ქულაზე, აპლიკანტი კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს.
„გათანაბრებული ქულა არის ზუსტად ის ქულა, რითაც აბიტურიენტი მონაწილეობს კონკურსში, გათანაბრება ხდება იმ საგნებში, სადაც ერთზე მეტი ვარიანტი წერეს აბიტურიენტებმა. რიგ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ისე, რომ აბიტურიენტმა, რომელსაც ეგონა რომ გამოეთიშა კონკურსს გათანაბრების შედეგად აღმოაჩინოს, რომ სინამდვილეში ასე არ არის, რადგან მისი გათანაბრებული ქულა უკვე მეტია გამსვლელ ქულაზე. თუ არის ასეთი ბედნიერი შემთხვევა, ისინი ამას აუცილებლად თავიანთ პირად გვერდზე გაიგებენ” , – განმარტავს სოფო გორგოძე.
ცნობისთვის, იმ შემთხვევაში თუ აპლიკანტმა 2 (ან მეტი) არჩევითი საგანი ჩააბარა და ამათგან ერთ-ერთში ვერ გადალახა ზღვარი, მიუხედავად იმისა, რომ ამ საგნისთვის განკუთვნილი გრაფა ცხრილში ცარიელი იქნება, ის მაინც აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას. ასეთმა აბიტურიენტმა უნდა გაითვალისწინოს რომ პროგრამების არჩევისას მიუთითოს ის ფაკულტეტები, რომლებზეც მიღება ჩაბარებული საგნით ხდება.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავება ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილებისათვის. ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ, აგვისტოს თვის ბოლოს გამოქვეყნდება.
ასევე იხილეთ:
აბიტურიენტები რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანას 27 აგვისტოს ჩათვლით შეძლებენ
აბიტურიენტთა აპელაციის შედეგები და გათანაბრებული ქულები ცნობილია
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება