GE

თუ ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას მითითებული ტელეფონის ნომერი აღარ გაქვთ – ინსტრუქცია

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები სულ რაღაც თვენახევარში დაიწყება და გამოცდებზე რეგისტრირებულებს საორგანიზაციო საკითხებიც მოსაგვარებელი აქვთ. აპლიკანტები ხშირად მომართავენ EDU.ARIS.GE -საც კითხვით, როგორ უნდა მოიქცნენ იმ შემთხვევაში, თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას მითითებული ტელეფონის ნომერი აღარ აქვთ, ან მასზე ხელი არ მიუწვდებათ.

ამ კითხვაზე დეტალური პასუხის მისაღებად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დღეს, 17 მაისს დავუკავშირდით და დეტალები გავარკვიეთ.

ნომრის ცვლილების პროცედურა:

აპლიკანტი, იქნება ეს აბიტურიენტი თუ მაგისტრობის ან მასწავლებლობის მსურველი, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მინდელის#9). წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაწეროს განცხადება ტელეფონის ნომრის ცვლილებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ვადებს, ნომრის ცვლილებას განცხადების დაწერიდან მინიმუმ ხუთი სამუშაო დღე დასჭირდება.

„მინიმუმ ხუთ სამუშაო დღეს იმიტომ ვამბობთ, რომ ნომრის ცვლილებისთვის იურიდიულად გაწერილი ვადა არის ორი სამუშაო კვირა. მაგრამ, თუ იქნება ამის რესურსი, ნომერი შეიცვლება ხუთ სამუშაო დღეში. მოთხოვნა პროგრამულად უნდა დამუშავდეს და მასში აიტი სამსახურის თანამშრომელიც უნდა ჩაერთოს და ამიტომ სჭირდება ამდენი დრო“, – უთხრეს EDU.ARIS.GE -ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

გამოცდების ცენტრი აბიტურიენტებს ურჩევს, რომ რეგისტრაციისას გამოიყენონ ისეთი ტელეფონის ნომერი, რომელზეც წვდომა მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში ექნებათ, რადგან ცენტრი სწორედ რეგისტრირებულ ნომერზე აგზავნის საგამოცდო პროცესთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ამასთან ერთად, ნომერი საჭიროა ეროვნული გამოცდების სისტემაში შესასვლელი პაროლის აღდგენისთვის, იმ შემთხვევაში თუ აპლიკანტს კოდი დაავიწყდება.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა გოგა ნიჟარაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური