GE

„თუ მასწავლებელი ძლიერია, რა მნიშვნელობა აქვს, ახალგაზრდაა თუ არა“ – ღვაწლმოსილი პედაგოგები რაჭა-ლეჩხუმიდან

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ 15-16 სექტემბერს, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა. გივი მიქანაძემ ცერემონიაზე განაცხადა, რომ ზრუნავენ მასწავლებელთა შრომის აღიარებასა და დაფასებაზე და ამ მიზნით, მიმდინარე წლის 10 ოქტომბრამდე, ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დაჯილდოვდებიან. მასწავლებლის ეროვნულ დღეს – 27 ოქტომბერს კი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დასკვნითი ღონისძიებაც გაიმართება.

EDU.ARIS.GE-მ გადაწყვიტა, მოესმინა იმ პედაგოგებისთვის, რომლებიც სიმბოლური საჩუქრებით განათლების მინისტრმა რამდენიმე დღის წინ უკვე დააჯილდოვა და გაერკვია, რამდენად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაფასება, რას ფიქრობენ მიხეილ ბატიაშვილის განათლების მინისტრობისას განხორციელებულ პროექტზე – საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილი პედაგოგების სისტემიდან ფულადი ჯილდოთი გასვლაზე და როგორ აფასებენ მასწავლებელთა ახალ თაობას და მშობლების მოსაზრებას, რომ სკოლებში „უფროსები“ „ახლებმა“ უნდა ჩაანაცვლონ.

„სკოლაში პედაგოგთა ახალი თაობა უნდა მოვიდეს, დიდი შემართებითა და მოლოდინით ვართ“ – 15 სექტემბრის ემოციები

ჩვენი პირველი რესპონდენტი ღვაწლმოსილი პედაგოგი მაყვალა ბენდიანიშვილია. ის ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პიპილეთის საჯარო სკოლაში, დაახლოებით, 50 წელია სპორტს ასწავლის. მაყვალა ბენდიანიშვილი სოფელ ჟაშქვაში ცხოვრობს, სახლიდან მის მშობლიურ სკოლამდე და უკან, წლების მანძილზე, ჯამში, რვა კილომეტრს ფეხით გადიოდა. ახლა 70 წლის პედაგოგს უფროსი მასწავლებლის სტატუსი აქვს და საკუთარ სპეციალობაზე შეყვარებული, გაკვეთილის ჩასატარებლად ყოველთვის ხალისით მიდის.

„პირადად ჩემთვის, უდიდესი ჯილდო განათლების მინისტრთან შეხვედრა და მის მიერ მადლობის სიგელის გადმოცემა იყო. ასევე გადმომეცა თაიგული, გუბერნიისგან – მურმან ლებანიძის ექვსტომეული და სკოლისგან – ფასიანი საჩუქარი. დაჯილდოების დღეს ჩემი დაბადების დღეც დაემთხვა. მინისტრმა გამოგვიცხადა, რომ 27 ოქტომბერს, დასკვნით ღონისძიებაზე, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გვიწვევენ. რაც შეეხება უშუალოდ ჩემს წარდგენას, როგორც ვიცი, ადგილობრივმა რესურსცენტრმა ითხოვა სკოლისგან ღვაწლმოსილი პედაგოგის დასახელება, სკოლამ კი, მე წარმადგინა. ზოგადად, ჯილდოზე წარდგენამ სტიმული მოგვცა. ეს კარგი მაგალითია ახალგაზრდა პედაგოგებისთვისაც. მათაც მიეცემათ სტიმული და ეცოდინებათ, რომ კარგად მუშაობის შემთხვევაში, შრომა დაუფასდებათ“, – ამბობს მაყვალა ბენდიანიშვილი.

როგორც მასწავლებელი გვიყვება, იმ დროს, როცა ღვაწლმოსილი პედაგოგების სისტემიდან გაშვების საკითხი დადგა, პენსიონერი იყო და სტატუსი არ ჰქონდა, თუმცა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მასწავლებლის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაებარებინა და სასკოლო საზოგადოებაში დარჩენილიყო:

„ჩემი სპეციალობა ძალიან მიყვარს და ვამაყობ, რომ სპორტის მასწავლებელი ვარ. ეს საგანი მაძლევს საშუალებას, რომ მოსწავლეებთან ახლოს ვიყო. ზღვარი ნამდვილად არსებობს, მაგრამ ხშირად დამყავს ბავშვები შეჯიბრებაზე, რაც მათთან მეტი ურთიერთობის საშუალებას მაძლევს. ყველა საგანი უყვართ, თუმცა სპორტი – განსაკუთრებით. ამიტომაც, როდესაც ორი წლის ხელფასის ანაზღაურება შემომთავაზეს, უარი ვთქვი. ვიბრძოლე იმისთვის, რომ სტატუსი მიმეღო და მუშაობა გამეგრძელებინა. გადაწყვეტილება ყველამ სურვილის მიხედვით მიიღო. ეს პროგრამა რომ არ დასრულებულიყო, ასეთი სურათი გვექნებოდა – ვისაც უნდოდა, გააგრძელებდა მუშაობას და სტატუსის მისაღებად იბრძოლებდა, ვისაც არ უნდოდა – თავისთავად წავიდოდა“.

ღვაწლმოსილი პედაგოგის მოსაზრებით, სკოლებში ახალი თაობის მასწავლებლების შესვლა საჭიროა, თუმცა ძველისა თუ ახლის შემთხვევაში, ყველაფერი მაინც ინდივიდუალურად პედაგოგის მონდომებაზეა დამოკიდებული.

„სკოლაში, სადაც ვმუშაობ, დაწყებითი კლასების არაჩვეულებრივი მასწავლებლები გვყავს – ყველას სტატუსი აქვს. ჩემი აზრით, თუ დაწყებითი კლასების პედაგოგები ახალგაზრდები იქნებიან, უფრო უკეთესია. სად ახალგაზრდა რომ აქტიურია ყველანაირად და სად უკვე ასაკიანი. მე 70 წლის ვარ. ჩემი საგანი ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემს ადგილზე ახალგაზრდა რომ იყოს, უკეთესი იქნებოდა. თუმცა, კონკრეტულად ჩემ მიმართ, პრეტენზია არავის აქვს. მოსწავლეებს მეც ძალიან ვუყვარვარ და სპორტიც. სულ რომ რაღაც [არ მინდოდეს გაკვეთილის ჩატარება], ბავშვი ამის საშუალებას არ მომცემს. „მასწავლებელო, სპორტი გვაქვს“ – ამბობენ. აბა, მიდი და გაკვეთილს ნუ ჩაუტარებ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ყველაფერი ინდივიდუალურად მასწავლებელზეა დამოკიდებული. ზოგი მონდომებულია“, – გვიხსნის მაყვალა ბენდიანიშვილი.

EDU.ARIS.GE-მ მასწავლებელთა ძველსა და ახალ თაობაზე, შრომის დაფასებასა და ჯილდოს მნიშვნელობაზე მოსაზრებები კიდევ ერთი დაჯილდოებული ღვაწლმოსილი პედაგოგისგანაც მოისმინა. ტრისტან გუგავა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი და ისტორიის უფროსი მასწავლებელია. სკოლაში 54 წელია მუშაობს, აქედან ხუთი ათეული წლის განმავლობაში კი, დირექტორის პოზიციას იკავებს. 74 წლის მასწავლებელს საკუთარ მიღწევებზე საუბარი ეუხერხულება, თუმცა გვეუბნება, რომ მოსწავლეებისა და კურსდამთავრებულების სიყვარულს ყოველთვის გრძნობს. ახლა კი, შრომის აღიარება ახარებს განათლების სამინისტროსგანაც.

„მნიშვნელოვანია ღვაწლმოსილი პედაგოგების შრომის დაფასება და მადლობა მას, ვინც ეს მოიფიქრა – განათლების სამინისტროდან დაწყებული ადგილობრივი ხელისუფლებით დამთავრებული. დაჯილდოებაზე გადმომცეს მადლობის სიგელი და ჩანთა ჯვრით და ხატებით. 500-ლარიანი ვაუჩერი გადმოგვეცემა ცაგერის მერიისგანაც. გარდა ამისა, როგორც დელეგატები, დასკვნით ღონისძიებასაც დავესწრებით. ეს ჯილდო მხოლოდ ასაკისა და სტაჟის გამო არ არის. რთულია, ჩემს თავზე ვისაუბრო, მოსწავლეებს უნდა მოუსმინოთ. ჩემს ხელში ძალიან ბევრმა კარგმა მოსწავლემ გაიარა, მათ შორის, ბევრი პოეტი და სხვადასხვა დარგში მოღვაწე წარმატებული ადამიანია. ლექსებს მიძღვნიან, ყოველდღიურ ცხოვრებაში მათგან სიყვარულს ნათლად ვგრძნობ. ეს მთავრობამაც რომ დაინახა და დააფასა, ძალიან სასიამოვნოა“, – გვეუბნება ტრისტან გუგავა.

ბატონი ტრისტანი იმ პერიოდსაც იხსენებს, როდესაც მასწავლებელთა ნაწილს განათლების სისტემის დატოვება მოუწია და ამბობს, რომ ეს „დამსახურებული წასვლის“ მაგალითია. მაშინ თვითონ პენსიონერი იყო, თუმცა შესაბამისი გამოცდები ჩაბარებული ჰქონდა და საქმის სიყვარულის გამო, სკოლაში მუშაობა განაგრძო:

„სკოლაში დატოვეს ის მასწავლებლები, მათ შორის პენსიონერებიც, ვისაც სერტიფიკატი ჰქონდა. ვისაც სერტიფიკატი არ ჰქონდა და თან პენსიონერები იყვნენ, მათ მისცეს ფულადი ანაზღაურება და გაუშვეს. ეს იყო დამსახურებული წასვლა სკოლიდან. მე დავრჩი – პენსიონერი ვიყავი, მაგრამ მასწავლებლისა და დირექტორის გამოცდები ჩაბარებული მქონდა. მიყვარს ჩემი პროფესია და გაკვეთილის საინტერესოდ ჩატარება. არასდროს ვჯერდები მხოლოდ იმ მასალას, რაც საგნის წიგნშია მოცემული. გაკვეთილი სხვა ლიტერატურიდანაც უნდა გაამდიდრო, ბავშვებს ისტორიებიც საინტერესოდ უნდა მოუთხრო, წიგნის სიყვარულიც უნდა ჩაუნერგო. ამ მხრივაც ვმუშაობდი მთელი ცხოვრების მანძილზე. მოსწავლეებთან სიმკაცრე არასდროს დამჭირვებია“.

მისი მოსაზრებით, მთავარია, პედაგოგი პროფესიონალი და თავის საქმეზე შეყვარებული იყოს, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს.

„თუ მასწავლებელი ძლიერია, რა მნიშვნელობა აქვს, ახალგაზრდაა თუ ძველი. თუ ძლიერია და საგნის სწავლება შეუძლია, ვერ ეტყვი, ასაკი გაქვს და სკოლიდან წადიო. თუ არ შეუძლია, ყველა შეატყობს. რა თქმა უნდა, სასურველია, ახალგაზრდა და ძლიერი იყოს, მაგრამ გამოცდები ბევრმა ახალგაზრდამაც ვერ ჩააბარა. მთავარია, იყოს ძლიერი, პროფესიაზე შეყვარებული და ესმოდეს ყველაფერი, რაც სწავლა-სწავლებას უკავშირდება“, – ეუბნება EDU.ARIS.GE-ს ტრისტან გუგავა.

მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური