GE

თუ ქართულში ან ქიმიაში უმაღლესი ქულა გინდათ – რას ურჩევს აბიტურიენტებს მაქსიმალური შედეგის მქონე სტუდენტი

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2022 ახლოვდება და აბიტურიენტებიც უფრო მონდომებით აგრძელებენ მომზადებას. EDU.ARIS.GE კი ტრადიციულად ცდილობს, რომ ამ მნიშვნელოვან პერიოდში მომავალ სტუდენტებს საინტერესო და დროული ინფორმაციის მიწოდებით დაეხმაროს. ჩვენი დღევანდელი სტუმარია 18 წლის სალომე ჟოჟაძე, რომელმაც 2021 წლის ეროვნული გამოცდების ქიმიისა და ქართული ენისა და ლიტერატურის საგნებში უმაღლესი ქულები აიღო და საუკეთესო შედეგები აჩვენა.

თუ უცხო ენის გამოცდაში უმაღლესი ქულა გინდა – „აბიტურიენტობისას 45-წუთიან მეცადინეობას 10 წუთიანი დასვენება მოსდევდა“

სალომე მომავალი ექიმია და ახლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის პირველ კურსზე სწავლობს.

– სალომე, პირველ რიგში მოგვიყევი შენი დღის განრიგის შესახებ აბიტურიენტობისას. თუ გქონდა დღის განსაზღვრული პერიოდი, როცა მეცადინეობდი? რამდენ საათს უთმობდი მეცადინეობას და როგორ ანაწილებდი ამ დროს?

– კონკრეტული საგნისთვის არ მქონდა გამოყოფილი საათები ან დღის განსაზღვრული მონაკვეთი. თუმცა, თავისუფალ დროს თითქმის ყოველთვის სწავლას ვუთმობდი. არც კონკრეტულად გაწერილი გეგმა მქონია, რადგან ვცადე და ამან, ჩემს შემთხვევაში არ გაამართლა. ყველა საგანს მისი სირთულის მიხედვით ვუთმობდი დროს. ყველაზე ცოტას კი ინგლისურში ვმეცადინეობდი.

რაც შეეხება ქართულსა და ქიმიას, თითოეულ მათგანს 3-4 საათს მაინც ვუთმობდი. გამომდინარე იქიდან, რომ ქართულში მხატვრული ანალიზის, ესეს ან რედაქტირების წერა მიწევდა, ეს საგანი საკმაოდ ბევრ დროს მოითხოვდა. ასევე იყო ქიმიაც, რადგან ტექნიკური საგანია და სხვადასხვა სავარჯიშოებში სისტემატიურ მეცადინეობას საჭიროებს.

– ტესტის შეფასების ძალიან დიდი ნაწილი დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად გამართულად წერს აბიტურიენტი და რამდენად იცავს პუნქტუაციისა თუ მორფოლოგიურ – ორთოგრაფიულ წესებს. ამისთვის ცალკე დავალებაც კი არის გამოყოფილი, შენ როგორ დაძლიე ეს ნაწილი?

– ვფიქრობ, ყველაფერს რასაც ვსწავლობთ, სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. არც თუ ისე იშვიათია შემთხვევა, როდესაც აბიტურიენტს ჰგონია, რომ რომელიმე მორფოლოგიურ – ორთოგრაფიული წესი უკვე იცის და უბრალოდ ყურადღებას აღარ ამახვილებს იმ კონკრეტულ საკითხზე, მაგრამ სწორედ მარტივი და ერთი შეხედვით უკვე ნაცნობი საკითხების შეჯამებით მივდივართ საბოლოო სურათამდე.

მე პირადად, ქართულ გრამატიკის გასაუმჯობესებლად განვლილი წლების ეროვნული გამოცდების ტესტებს ვაკეთებდი, რათა უკეთესი წარმოდგენა შემქმნოდა იმაზე, თუ რა ტიპის შეცდომები არის მოცემული ტექსტის რედაქტირების დავალებაში. გარდა ამისა, ვიყენებდი „აიმც“-ის სავარჯიშოებსაც, რომლებიც წინადადებებში დაშვებული შეცდომების შესწორებას ეხებოდა. ეს დავალებები მეხმარებოდა უკეთ მივხვედრილიყავი, თუ რომელ საკითხზე უნდა გამემახვილებინა უფრო დიდი ყურადღება შემდეგი მეცადინეობისას.

– მასწავლებლები აბიტურიენტებს ხშირად ურჩევენ, რომ ესეს წერა გეგმის შედგენით დაიწყონ, შენ რამდენად იყენებდი ამ მეთოდს და რას აკეთებდი სანამ უშუალოდ წერის პროცესზე გადახვიდოდი?

– წერის დაწყებამდე მე თვითონ ვქმნიდი გეგმის მსგავს ჩანაწერს, სადაც რამდენიმე სიტყვით განვიხილავდი იმ ყველაფერს რის შესახებაც ჩემს ნაშრომში უნდა მესაუბრა. ვფიქრობ გეგმა საკმაოდ ეფექტურია, რადგან წერის დროს უკვე იცი რაზე უნდა გაამახვილო ყურადღება. ყოველთვის ვაანალიზებდი იმას, თუ რას გულისხმობდა ზუსტად სათაური. შემდეგ ფურცელზე ვწერდი ყველა იმ არგუმენტს, ნაწარმოებს, რომელთა გამოყენებაც ნაშრომში შემეძლო და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებდი წერას. ვფიქრობ, გეგმა საკმაოდ ეფექტურია, რადგან წერის დროს უკვე იცი რაზე უნდა გაამახვილო ყურადღება.

– ნებისმიერი ტიპის ესე 3 ნაწილისგან შედგება – შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნითი ნაწილი. თითოეულ მათგანზე რომ გვითხრა, როგორ გავხადოთ უკეთესი?

– ესეზე მუშაობის დროს პირველი და ბოლო აბზაცი ყველაზე მნიშვნელოვანია. შესავლის წერისას დაახლოებით 3-4 წინადადებით შემოვიფარგლებოდი, რათა ზედმეტად არ გაწელილიყო. ძირითად ნაწილში ადგილს ვუთმობდი მსჯელობას, აზრის განვითარებას და არგუმენტებს და ეს ნაწილი ყველაზე მოცულობითი გამომდიოდა. ჩემი რჩევაა, ამ ნაწილში აუცილებლად დასვათ კითხვები, რათა მკითხველი დააინტერესოთ.

ესეს დასკვნით ნაწილზე ასევე დიდი დატვირთვა მოდის, რადგან საბოლოო შტაბეჭდილება სწორედ ამ ნაწილით იქმნება. შეეცადეთ, შესავლის მსგავსად, აქაც რამდენიმე წინადადებით შეაჯამოთ სათქმელი.

– სალომე, წელს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში ცვლილებები შევიდა. მაგალითად, არგუმენტირებული ესეს მაგივრად ლიტერატურული ესეს დაწერა მოუწევთ. ასევე, 70-იდან 60-ამდე შემცირდა ქულების რაოდენობაც. შენი აზრით, ამან უფრო გაამარტივა აბიტურიენტებისთვის ამ დავალებაზე მუშაობა თუ პირიქით?

– ტესტის გაადვილება ან გართულება უფრო კონკრეტულ აბიტურიენტზეა დამოკიდებული. თუმცა ვფიქრობ, რომ ორის ნაცვლად ერთი ნაშრომის წერა მაინც გამარტივებას ნიშნავს. დავალებების შემცირება აბიტურიენტებს დროისა და ინფორმაციის უკეთესად გადანაწილებაში დაეხმარებათ, რაც სრულყოფილი ესეს შექმნისთვის მნიშვნელოვანია.

– რომელ წიგნს და საკითხავ მასალას იყენებდი მეცადინეობისას? ქიმიაზეც და ქართულზეც რომ გვითხრა.

– ქართულში საპროგრამო წიგნებით გავდიოდი მასალას. გრამატიკისთვის ვიყენებდი „აიმც“-ის წიგნს, „ქართული ენასა და მართლწერას“, ხოლო საპროგრამო ლიტერატურისთვის ვახტანგ როდონაიას მეთორმეტე კლასის სახელმძღვანელოს. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ ყოველთვის ვკითხულობდი დამატებით ლიტერატურას (როგორც უცხოურს, ისე ქართულს), მათგან ციტატებს ვიწერდი და ვიმახსოვრებდი, რაც ძალიან დამეხმარა ეროვნული გამოცდების დავალებების გააზრებაში და თემისა თუ ესეს წერისას უკეთესი პარალელების გავლებაში.
რაც შეეხება ქიმიას, როგორც ერთწლიანი გამოცდილებით მივხვდი, ქიმიაში ყველა პედაგოგს განსხვავებული სწავლის ტექნიკა აქვს. ჩემს შემთხვევაში უცხოური წიგნებით ვემზადებოდი გამოცდისთვის და სამწუხაროდ მათი ავტორები არ მახსოვს. ქიმიის ამოცანებში სავარჯიშოდ კი ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე გამოყენებულ დავალებებს ვაკეთებდი.

– ახლა ქიმიის გამოცდაზეც მოგვიყევი, ამ საგანში უმაღლესი ქულის მიღება საკმაოდ რთულია და შენ ეს მოახერხე. როგორ ფიქრობ, ამისთვის სასკოლო პროგრამაც საკმარისია თუ კლასგარეშე საკითხავი ან რეპეტიტორია აუცილებელი?

– სკოლის პროგრამა, რა თქმა უნდა, მოიცავს ყველა იმ ძირითად მასალას, რომლებიც გამოცდაზე გვხვდება. თუმცა, განვლილი მასალის განმტკიცებაში რეპეტიტორი მეხმარებოდა. ამასთან ერთად, მან ბევრი ახალი ინფორმაცია შემატა ჩემს ცოდნას. გამოცდაზე უმაღლესი ქულის მიღებაში სწორედ ჩემს რეპეტიტორს მიუძღვის უდიდესი წვლილი, რადგან ოლიმპიადაზე გამოყენებული ამოცანებისა და სავარჯიშოების გაკეთების შემდეგ ეროვნული გამოცდების ტესტები იმდენად რთული აღარ მეჩვენებოდა.

– რა არის ის ყველაზე რთული საკითხი ქიმიაში, რასაც უმაღლესი ქულის მსურველმა აბიტურიენტმა აუცილებლად დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს?

– საკითხი, რომელზეც ყველაზე დიდი ყურადღება უნდა გავამახვილოთ არის სწორედ ამოცანები. პირველ რიგში, ამოცანის სწორად გაკეთება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ განვლილი მასალა სრულყოფილად იცი. ჩემი რეპეტიტორი მასწავლიდა, რომ ამოცანას უფრო მარტივად გავაკეთებდით, თუ პროცესის მიმდინარეობას დავხატავდით და მეც სწორედ ასე ვაკეთებდი. ვხატავდი რეაქციის შედეგად ჭურჭელში დარჩენილ ნალექს და აორთქლებულ აირს. ეს მეთოდი კი მეხმარებოდა, რომ არაფერი გამომრჩენოდა და რაც ყველაზე მთავარია, ამოცანა ბოლომდე გამეაზრებინა. ამასთან ერთად, როგორც კი ვეჭვდებოდი, რომ ამოცანის ამოხსნისას არასწორი გზით მივდიოდი, ახლიდან ვიწყებდი გაკეთებას – ასე უფრო დაზღვეული ვიყავი ზედმეტი შეცდომებისგან. ხშირად ამოცანას სხვადასხვა ხერხებით ვხსნიდი და ამ ხერხებს მასწავლებელთან ერთად განვიხილავდი. საბოლოო ჯამში ყველაზე დიდ დროს ამოცანებს ვახმარდი, რადგან ყველაზე მეტი ქულით სწორედ ეს საკითხი ფასდება ეროვნულ გამოცდებზე.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებათი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

ესაუბრა გოგა ნიჟარაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური