GE

,,თუ თავს ცოტათი მაინც წარმატებულ ადამიანად ვთვლი, ამაში ბაქსვუდს ლომის წვლილი მიუძღვის”

მას შემდეგ, რაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ბაქსვუდის სკოლა ოლიმპიადიის მონაწილეებში უარყოფითი განწყობების შექმნაში დაადანაშაულა, ამ ფაქტს EDU.ARIS.GE-ზე ოლიმპიადის ყოფილი მონაწილეები გამოეხმაურნენ. მათ შორის გიორგი მოდებაძეა, რომელიც ბაქსვუდის ბანაკის ორგზის მონაწილეა და როგორც თავად ამბობს, სწორედ ბაქსვუდის სკოლის ბანაკს მიუძღვის ლომის წვლილი მის წარმატებაში.

გიორგი მოდებაძე:

,,ჩემ გამოცდილებას მოვუყვები ბატონ მინისტრს და აქ კომენტარებში ცოტათი გზა-აბნეულ ხალხს, ვისაც ასე გულით სწადია ბანაკის გაუქმება.

მე პირადად 2-ჯერ ვიყავი ბაქსვუდის ბანაკში. ბანაკმა ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. გავიცანი უამრავი ძალიან ჭკვიანი და კარგი ადამიანი, ბევრი ახლო მეგობარი შევიძინე, რომელთანაც დღემდე ვმეგობრობ. სახალისო და საინტერესო პროექტების მეტი არაფერი გვიკეთებია. მოვხვდი არჩეულთა სიაში და ლონდონში გამგზავრების ბედნიერებაც მქონდა. ლონდონში კი არა თბილისში ჩასვლის საშუალება არ ქონდა ჩემ ოჯახს, ქუთაისიდან ჩასული მეტროში ესკალატორზე ვკატაობდი ხოლმე ბავშვობაში და სულ ვფიქრობდი ოდესმე თუ ვესტუმრებოდი საქართველოს გარდა სხვა ქვეყანას.

ბაქსვუდმა დამანახა რომ აუცილებელი არაა მდიდარ ოჯახში დაიბადო წარმატების მისაღწევად, ლონდონში მივხვდი რომ თუ გულმოდგინებით ვეცდები ჩემი ბედის პატრონი მე ვიქნები და არა მამაჩემის სანაცნობო, რომ მონდომებულს და გამარჯვებულს აჯილდოებენ.

დღეს გერმანიაში პროგრამული ინჟინერი ვარ. თუ თავს ცოტათი მაინც წარმატებულ ადამიანად ვთვლი, ამაში ბაქსვუდს ლომის წვლილი მიუძღვის.

ძალიან კარგ პირობებში გვეძინა, არც კი მახსოვს რაიმე პრობლემა, მითუმეტეს სისუფთავესთან დაკავშირებით. რაც არ უნდა კარგი გაკეთდეს ჩვენ ქვეყანაში აუგის მთქმელი ყოველთვის გამოჩნდება, რა ვქნათ, ასეთი ბედნიერი ერი ვართ, სხვისი კარგი ყოველთვის გვწყინს.

მე ვიყავი იქ პირადად, თქვენ არა, და ვერცერთ ბავშვს ვერავინ წაართმევს იქ განცდილ ბედნიერებას. თუმცა გულახდილად გითხრათ, გინდა აგინეთ, გინდ ცილი დაგვწამეთ, გინდა ეჭვქვეშ დააყენეთ რამდენად დავიმსახურეთ ლონდონში წასვლა, მე დიდად არაფერს მაკლებს ეგ, ჩვენ მომავალ თაობას კი ძალიან ბევრს. ბანაკის აზრი ვერ გაუგია ჩვენ პოპულისტ მინისტრს თქვენსავით. ბანაკი იყო ყველაზე დიდი მოტივაცია ჩემთვის და ჩემნაირებისთვის რომ მაქსიმუმისთვის მიგვეღწია და ოლიმპიადაში გაგვემარჯვა, დაუმსახურებლად არავინ გაუშვიათ. თუ გამარჯვებულს აჯილდოებენ ეს არ ნიშნავს რომ სხვას ჩაგრავენ, პირიქით, ეს ნიშნავს რომ იმ სხვას სტიმულს აძლევენ. თუ ყველასთვის გაიხსნება, მაშინ ჩამოჰკარით მიშა-მაგარია და დაარქვით პატრიოტთა ბანაკები, გაუფასურდეს ყველანაირი გამარჯვება და ჯილდო, დაურიგეთ ყველას სერთიფიკატები მონაწილეობისათვის რომ ვინმეს გული არ დაწყდეს და გამოზარდეთ ერთფეროვანი გაუნაწყენებელი თაობა, იქნებ მერე მაინც შეეშვან კომბლესნაირი საშინელი ზღაპრების კითხვას,” – აღნიშნავს გიორგი მოდებაძე.

ჯეჯელავა ბაქსვუდის სკოლას ოლიმპიადის მონაწილეებში უარყოფითი განწყობების შექმნაში ადანაშაულებს

ეს არ იქნება გრძელვადიანი ინვესტიცია განათლებაში – ბაქსვუდის სკოლის პასუხი ალექსანდრე ჯეჯელავას

„არ შეიძლება ამ ემოციის წართმევა ბატონო მინისტრო“ – მოსწავლეთა პეტიცია ალექსანდრე ჯეჯელავას

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური