GE

„თუ ვინმე დარჩა უკმაყოფილო, მათ კეთილგანწყობასაც მოიპოვებს ჩვენი ყურადღებიანი მინისტრი“ – მოქმედი მასწავლებლები საგამოცდო ცენტრიდან

„რა თქმა უნდა, ვარ კმაყოფილი“, „მჯერა ხელფასის მატება გაგრძელდება“, „ხელფასები ისე არასდროს გაზრდილა, როგორც ახლა“, „ეს სუფთა გადაწყვეტილება იყო“, – ნუ გაგიკვირდებათ, ეს ფრაზები EDU.ARIS.GE-მ 11 ივლისს, მასწავლებლის გამოცდაზე გასული აპლიკანტებისგან მოისმინა და ჩაწერა.

სომხური ენა, მუსიკა, ფიზიკა, საბაზო უნარების გამოცდა სპეცმასწავლებლობის მსურველებისთვის – ეს ის გამოცდებია, რომლებსაც, მასწავლებლობის მსურველები თუ მოქმედი პედაგოგები, დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ საგამოცდო ცენტრებში აბარებდნენ.

გამოსაცდელებს ჩვენ ტესტირების წინ და მისი დასრულების შემდეგ გავესაუბრეთ. მუხიანის 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში არ შეგვხვედრია გამოცდაზე მისული ისეთი მოქმედი პედაგოგი, რომელიც ხელფასების მატების გადაწყვეტილებას დადებითად არ აფასებს, თუმცა, EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე – რამდენი ლარით მოემატათ ხელფასი, პასუხისგან ყველამ თავი შეიკავა. არგუმენტი კი ასეთი მოვისმინეთ – „იცით, ზუსტად ვერ გეტყვით, ჯერ არ მინახავს ბაზაში“.

„საბაზო უნარები წელს პირველად ტარდება და ინტერესის გამო გავედი. მოქმედი სპეციალური პედაგოგი ვარ, საჯარო სკოლაში ვარ დასაქმებული, მყავს 5 მოსწავლე და ამ გამოცდის ჩაბარება წამყვანობისთვის მინდა. სპეცმასწავლებლებს ფიქსირებული ყოველთვიური ხელფასი აქვთ, დანამატი კი მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით გვეძლევა. რა თქმა უნდა, ვარ კმაყოფილი, რომ ჩვენი შრომა დაფასდა. სიმართლე გითხრათ, ვერ გეტყვით, არ მინახავს ბაზაში რამდენით მომემატა.. ჯერ არ ამიღია, თავს შევიკავებ კონკრეტულ ციფრებზე საუბრისგან“, – ამბობს მოქმედი სპეცმასწავლებელი, თათია რუხიშვილი.

ჩვენმა რესპონდენტმა რჩევა იმ მეოთხეკურსელი სტუდენტებისთვისაც გაგვიზიარა, რომლებსაც სპეციალური მასწავლებლობა სურთ:

„ყველას წარმატებებს ვუსურვებ. საჭიროა გქონდეთ მუდმივი განვითარების სურვილი. უნდა ესწრებოდეთ ტრენინგებს, ვებინარებს. მოქმედი მასწავლებლის სამუშაო გრაფიკი გექნებათ. მთავარი მოტივაცია ჩემთვის მაინც არის მოსწავლეების სიყვარული. დილის 10-ის ნახევრიდან, 4-ის ნახევრამდე ვარ სკოლაში. მუდმივი კომუნიკაცია მაქვს მშობლებთან და ყველა პედაგოგთან, ეს აუცილებელია“, – გვიხსნის პედაგოგი.

კიდევ ერთმა მოქმედმა პედაგოგმა, რომელმაც გვთხოვა გვარ-სახელის თქმის გარეშე ჩაგვეწერა, განგვიცხადა, რომ პედაგოგების ხელფასები ისე არასდროს გაზრდილა, როგორც ახლა და, შესაბამისად, თავადაც კმაყოფილია:

„ასეთი მატება როდის იყო ბოლოს, თქვენ თუ იცით? დიდი ხანი არ არის, რაც მე პროფესიაში ვარ, მაგრამ ვინც არის, ვერც ისინი იხსენებენ. ეს იყო ძალიან სუფთა გადაწყვეტილება და მჯერა, რომ მატება კიდევ გაგრძელდება. თუ ვინმე დარჩა უკმაყოფილო, მათ კეთილგანწყობასაც მოიპოვებს ჩვენი ყურადღებიანი მინისტრი“, – ამბობს, პედაგოგი, რომელიც ფიზიკის საგნის გამოცდას წერს.

„რატომ არ ამბობენ რამდენი ლარით მოემატათ? რაღაც კმაყოფილ სახეებს ვერ ვხედავ“,- ღიმილიანი სახით აკეთებს რეპლიკას ახალგაზრდა მასწავლებლობის მსურველი, რომელიც, როგორც თავად გვითხრა, ჩვენს ინტერვიუებს საგამოცდო ცენტრთან ყურადღებით უსმენდა.

მირანდა გოგუაძე, რომელიც მასწავლებლობის მსურველია და დღეს ტესტირებაზე მუსიკის საგანში გავიდა, საკმაოდ ამომწურავად გვესაუბრა საკუთარ მოტივაციაზე. მას შემდეგ კი, რაც მასწავლებელთა ახალი სახელფასო ფორმულის შეფასება ვთხოვეთ, აღმოჩნდა, რომ „სადღაც“ ეჩქარებოდა.

„მუსიკის გამოცდას პირველად ვაბარებ, ვარ მასწავლებლობის მსურველი. ჩემი საქმის პროფესიონალი. საფორტეპიანო გამოცდილება მაქვს, ამ მიმართულებით მივიღე უმაღლესი მუსიკალური განათლებაც. ხელფასების საკითხზე ვერაფერს გეტყვით, საერთოდ არ ვიცი რა და როგორ არის, მაპატიეთ, სადღაც მეჩქარება “.

EDU.ARIS.GE კვლავ გააგრძელებს მასწავლებელთა საგნის გამოცდებზე გასული აპლიკანტების პოზიციების მოსმენას მასწავლებელთა „უპრეცედენტო“ სახელფასო მატების შესახებ, სოციალურ ქსელში კი ერთგვარი ფლეშმობის სახე მიიღო მასწავლებელთა ნაწილის პროტესტის ფორმამ, რომლებიც მაღალი სტატუსის მიუხედავად მცირედით და ისიც 2 წლით გაზრდილი ხელფასის განსხვავებას განათლების მინისტრს ურიცხავს:

“განათლების მინისტრს სიმბოლურად „41“ ლარი გადავურიცხე. მინდა გაიაზროს, რომ ძალაუფლების სათავეში ყოფნის სანაცვლოდ, ღირსება არ უნდა გაიყიდოს. ქვეყნის მომავლის საზომია თუ როგორ მოიაზრებს სისტემა მასწავლებლის როლს და საქმიანობას!”, – პედაგოგი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, როლანდ შავაძე.

„ამილახვარს ყოველ თვე გადავურიცხავ შემწეობას! საათზე ელემენტს თუ შეცვლის ჩემს სახელზე! ჩემი თავმოყვარეობა არ მომცემს უფლებას, ეს შემწეობა მივიღო ყოველ თვე, ორი წლის მანძილზე!“, – მასწავლებელი მანანა მიქავა.

ასევე იხილეთ:

იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური