„უმეტესობისთვის ინგლისურია მშობლიური ენა, ასეთი დრო მოვიდა“ – EDU.ARIS.GE-ს გამოკითხვა საგამოცდო ცენტრებში
ინგლისურ ენას აბიტურიენტების იმდენად დიდი ნაწილი აბარებს, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მსგავსად, მასზეც 5 სესიის გამოყოფა გახდა საჭირო. პირველი გამოცდისგან განსხვავებით, ამ გამოცდაზე დაგვიანებების არაერთი შემთხვევა გვქონდა როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში, თუმცა გამოცდა 90%-ზე მეტმა მაინც დაწერა.
რა იწვევს ინგლისურის შეუქცევად პოპულარობას, რომელია მეორე ენა, რა ენას აირჩევდნენ თუ არა ინგლისურს და როგორია მისი დატვირთვა კონკურენტუნარიანი განათლების მიღების პროცესში? – ამ კითხვებით მიმართა გამოსაცდელების მშობლებსა და გამოცდიდან გამოსულ აბიტურიენტებს EDU.ARIS.GE-მ და ტესტის სირთულეზე მათი შეფასებებიც მოისმინა.
“ჩემთვის მეორე ენა რუსულია, მაგრამ მაინც ინგლისური ენის გამოცდა ჩავაბარე. გავლენიანი ენაა, არა მხოლოდ დასაქმების კუთხით, გაცვლით პროგრამებზე და სხვადასხვა ქვეყნის კულტურისა და ხალხის შესწავლისთვის სასურველი ენაა. უცხო ქვეყნებში მოგზაურობის დროსაც ამ ენაზე ვსაუბრობთ, საერთაშორისოა.
“უმეტესობისთვის ინგლისურია მშობლიური ენა, ასეთი დრო მოვიდა. ვერ ვიტყვი, რომ ქართულ ენას არ ექცევა ყურადღება სკოლებში, პირიქით, მაგრამ ახალგაზრდობა მაინც უცხო ენების დაუფლებაში ხედავს მეტ პერსპექტივას და ალბათ, განვითარებასაც”, – გვითხრა მირიან მოდებაძემ, რომელსაც, როგორც თავად ამბობს, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით სწავლა აქვს გადაწყვეტილი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მომავალი სტუდენტი, ლიკა გეგეშიძე კი გამოცდაზე შესრულებული თხზულების თემას იხსენებს და სიხარულით აღნიშნავს, რომ თხზულება ზუსტად იმ თემაზე მოვიდა, რა საკითხზეც ჩვენ დავუსვით კითხვა.
“არის თუ არა აუცილებელი, რომ იცოდეთ ერთ უცხო ენაზე მეტიო – ასეთი იყო ჩვენი თხზულების თემა, ძალიან ჰგავს თქვენს კითხვას. სამი არგუმენტი დავასახელე. ვფიქრობ, რაც მეტი უცხო ენა გვეცოდინება, მით უკეთესია ჩვენი განვითარებისთვის, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქართული ენა დავივიწყოთ. მგონია, რომ საჭიროა მეტი კონკურსი ტარდებოდეს აბიტურიენტებისთვის, ამით ჩვენც გავიხარებთ და ჩვენი ენაც დაფასდება”, – გვითხრა მომავალმა სტუდენტმა 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრის დატოვების შემდეგ.
ტესტების სიმარტივეს ჩვენთან საუბარში ხაზს უსვამენ 39-ე სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტები. ტესტირებიდან გამოსულმა ერთ-ერთმა ბიჭმა ისიც კი შესძახა – “საბავშვო ბაღის მასალა იყოო”.
“საკმაოდ ადვილი იყო. გასააზრებელი ტექსტიც მარტივი იყო, არ იყო გამოყენებული რთულად გასაგები სიტყვები. ესე დავწერეთ შემდეგ თემაზე: ახალგაზრდა ადამიანებმა საქართველოში ერთზე მეტი ენა იციან. ამ თემის ირგვლივ ჩემ დამოკიდებულებაზე და შეხედულებებზე ვიმსჯელე.
“რაც შეეხება არჩევანს, ჩასაბარებლად ინგლისური იმიტომ ავირჩიე, რომ ჩვენს თაობაში ეს ენა ყველაზე მთავარია, ეს კავშირშია ინტერნეტის განვითარებასთან, მისი სწავლის საჭიროება ონლაინ სწავლების პერიოდშიც გაიზარდა. ყველა ვარიანტში ისევ ინგლისურს ჩავაბარებდი, მაგრამ თუ მეორე ენა უნდა ამერჩია, რუსულ ენას ჩავაბარებდი, რადგან საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილია მისი საჭიროება”, – გვითხრა ნინო სუმბაძემ.
ლუსინა ნოზაძე, რომელიც გამოცდიდან ბედნიერი გამოვიდა, მეორე ენად ესპანურს ასახელებს:
“ყველა დავალება საკმაოდ ადვილი იყო, არ გამჭირვებია. მოსასმენებიც მარტივად გასაგები მოვიდა, არც მაგაში იყო სირთულე. ესეს რაც შეეხება, მომეწონა თემის სათაური და, ვფიქრობ, დღევანდელობასთან კავშირშია. ინგლისური იმიტომ ჩავაბარე, რომ ყველაზე მეტად მჭირდებოდა, თან ყველაზე უკეთ ვიცი.
“რაც შეეხება მეორე ენას, რომ არა ინგლისური, რა თქმა უნდა, ესპანური ენის გამოცდას ჩავაბარებდი, რადგან ძალიან მომწონს და სასწავლად ყველაზე ადვილი ენაა”.
ზურაბ უგულავა კი გვიხსნის, რომ რუსულს ბავშვობიდან პროტესტს უცხადებს და, შესაბამისად, არც არასდროს უსწავლია:
“ესე დღევანდელ საქართველოსთან კავშირში იყო, ნორმალური, ადვილად დასაწერი თემა, მომეწონა. სკოლაში ინგლისურს ვსწავლობდი. სხვა ენის ჩაბარებას არ განვიხილავდი, სხვაში რუსულს ვგულისხმობ. ბავშვობიდან პროტესტს ვუცხადებ რუსულ ენას, სოხუმიდან ვართ დევნილები მე და ჩემი ოჯახი. ამ მიზეზის გამო, არასდროს მისწავლია რუსული და თან ვიცი, რომ არაფერში გამომადგება. მომავალში ესპანურისა და ფრანგულის სწავლა მინდა”, – ამბობს ზურა, რომელსაც იურიდიულ ფაკულტეტზე სურს ჩაბარება, არჩევანს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გააკეთებს.
კიდევ ერთი აბიტურიენტი, რომელიც ამბობს, რომ სასაუბრო ინგლისურის პრაქტიკა არ აქვს, იხსენებს რა გაურთულდა ტესტის წერისას და მეორე ენად ფრანგულს განიხილავს:
“სიტყვების ჩასმა ჩემთვის ყველაზე რთული იყო, რადგან სასაუბრო ინგლისურის პრაქტიკა ჯერ არ მქონია. სკოლებში შესაბამისად რომ ისწავლებოდეს, ალბათ, ფრანგულს ჩავაბარებდი.
“რაც შეეხება კითხვას რატომ ინგლისური, ალბათ, ისევ იმ გამოწვევების გამო, რომელიც არის. უმეტესობა ამ აზრზე იქნება, რადგან ჩვენს ქვეყანაშიც ბევრი უცხოელი ცხოვრობს და, სულ რომ არაფერი, მათთან ურთიერთობისთვისაც საჭიროა. ვინც მომსახურეობის სფეროში მუშაობს, მათაც სჭირდებათ”, – აღნიშნა შავი ზღვის უნივერსიტეტის მომავალმა სტუდენტმა, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით აბარებს.
საკითხზე საკუთარ პოზიციას გვიზიარებენ აბიტურიენტების მშობლებიც, რომმლებსაც თავიანთი არგუმენტები აქვთ.
“ინგლისური ენა ყველაზე მნიშვნელოვანი ენაა დღეს, იქიდან გამომდინარე, რომ პირველ რიგში, საქართველოს მომავალი ევროპისკენ მიდის. თუ არ იცი ინგლისური, ვერაფერს მიაღწევ. წარმატების მიღწევა თუ გინდა, ეს ენა კარგად უნდა იცოდე. ახალგაზრდების აზრიც მსგავსია. მე ორი შვილი მყავს და ორივე ასე ფიქრობს.
“რომ არა ინგლისური, ჩემს შვილს გერმანული ენის ჩაბარებას, ან მომავალში სწავლას ვურჩევდი, რადგან გერმანული ენაც მოთხოვნადია. თან, გერმანია, მოგეხსენებათ, საკმაოდ განვითარებული ქვეყანაა”, – ფიქრობს აბიტურიენტის დედა, ელისო ზუბიაშვილი.
მეორე უცხო ენად, ასევე, გერმანული დაასახელა თამარ სეფაშვილმა, რომლის აზრითაც, უცხო ენის სრულყოფილად ფლობა ყველა თაობისთვის მნიშვნელოვანია:
“საერთოდ, დღევანდელი ახალგაზრდებისთვის ეს ენა ძალიან მნიშვნელოვანია. ინგლისური საერთაშორისო ენაა, ამიტომ მისი ცოდნა სრულყოფილ დონეზე ამ ქვეყანაში საჭიროა ყველასთვის, არამხოლოდ ამ თაობისთვის, არამედ დიდებისთვისაც. მე ჩემს შვილს გერმანული ენის სწავლას ვურჩევდი. თავად მაქვს შეხება ამ ენასთან და ამიტომ”.
ქუთაისის 23-ე სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტებიც ტესტების სიმარტივეზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ვინც საგანში კარგად ერკვევა, ტესტის ჩაბარება არ გაუჭირდებოდა.
“თანამედროვე სამყაროში ბევრ უცხოელ ადამიანთან გვაქვს შეხება და კომუნიკაციისთვის ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია. ჩემთვის ტესტი საკმაოდ მარტივი იყო. მე მინდა პროგრამისტი გავხდე. შესაბამისად, ინგლისური აუცილებელია, თუმცა ამ სფეროში არა მხოლოდ ინგლისურის ცოდნაა სასურველი და აუცილებელი. რომ არა ინგლისური, ალბათ ავირჩევდრი გერმანულს, რუსულს ან თუნდათ ფრანგულს, რადგან ეს ენები ჩემს მომავალ პროფესიაში წამყვანია”,- ამბობს ლიზი გეწაძე.
გაგვიზიარეთ თქვენი შეფასებებიც, როგორ ფიქრობთ, რატომ არის, რომ წელსაც ინგლისური ენის გამოცდაზე ყველაზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული.
ასევე იხილეთ:
იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება