უნდა იყოს თუ არა სავალდებულო მასწავლებლების ტესტირება კოვიდ ინფექციაზე?
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალ 2020-2021 სასწავლო წელს სკოლებში ბავშვებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო იქნება შექმნილი. კორონავირუსის მომატებული შემთხვევების ფონზე კი, მშობლების ნაწილი სამედიცინო კუთხით დამატებითი ზომების გატარების მომხრეა, მაგალითად როგორიცაა სკოლისა და საბავშვო ბაღების პერსონალის სავალდებულო ტესტირება.
არსებული რეკომენდაციებით, სკოლის ან ბაღის თანამშრომელი, ასევე მოსწავლე სავალდებულო პჯრ ტესტირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექვემდებარება, თუ მას დაწესებულებაში მაღალი ტემპერატურა და რესპირატორული სიმპტომები დაუფიქსირდება.
„სკოლაში ცხელების, რესპირატორული სიმპტომების დაფიქსირების ყველა შემთხვევის შემდგომ მოსწავლეების, მასწავლებლებისა და თანამშრომლების სასწავლო დაწესებულებაში დაშვება ხდება პჯრ ტესტირების დასკვნის საფუძველზე (COVID-19 -ით ინფიცირების არ არსებობის შემთხვევაში); მოსწავლის/თანამშრომლის COVID-19-ით ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, მათ შორის კონტაქტების მოძიებისა და კარანტინის/თვითიზოლაციის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება ხდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების რეკომენდაციების შესაბამისად“, – ვკითხულობთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციაში (დანართი 37).
როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლებისა და ჯანდაცვის უწყებებში დაუდასტურეს, მასწავლებლებისთვის, დაავადების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ვირუსზე ტესტირება უფასო იქნება.
მოსწავლეთა მშობლების ნაწილი ფიქრობს, რომ მსგავსი რეგულაცია უსაფრთხოებისთვის საკმარისი არ არის, რადგან სკოლის პერსონალს შეხება ათასობით მოზარდთან ექნება, ქვეყანაში კი იყო შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებს ინფექცია სიმპტომების გარეშეც დაუფიქსირდათ. EDU.ARIS.GE-ს მიერ გამოკითხული მშობლების უმრავლესობა მომხრეა, საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალი კოვიდ ინფექციაზე პერიოდულად შემოწმდეს, რომ დამატებითი რისკები გამოირიცხოს.
„როგორც ვიცი სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულ პირებს, რომლებსაც ხშირი შეხება აქვთ საზოგადოებასთან, ყოველ 2 კვირაში უტარებენ პჯრ ტესტირებას, ჩემთვის როგორცაა ცნობილი, ესაა საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, სამაშველო სამსახური, ასევე სამედიცინო დაწესებულებების პერსონალი. ვერაფერს ვხედავ საგანგაშოს იმაში, რომ ამ ჩამონათვალს სკოლების და ბაღების პერსონალიც დაემატოს, რადგან მათ ძალიან დიდი რაოდენობის მოზარდებთან ექნებათ შეხება. მე ვფიქრობ თავადაც უნდა ჰქონდეთ სურვილი იცოდნენ ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ, თან უფასოდ. საკითხავი ესაა რამდენად გაწვდება ამხელა ხარჯს სახელმწიფო. გითხრათ სიმართლე, არც იმის წინააღმდეგი ვიქნები ბავშვებიც რაღაც პერიოდულობით გაიტესტონ, უფრო მშვიდად იქნება ყველა, მაგრამ არ ვიცი რ ამდენად შესაძლებელია ეს ფიზიკურად“, – ამბობს მე-8 კლასის მოსწავლის მშობელი თეა ვარდოსანიძე.
„ტესტირება უნდა იყოს აუცილებლად. თუ პედაგოგი გარეთ გასულ ბავშვს არ ეტყვის დეზობარიერზე გაიაროს და ხელებზე დაისხას სანიტარული სითხე, რაც ექნება კლასში. ან იქნებ თითონ არ დაიბანა ხელი და არ დაიცვა რეკომენდაციები და ასე შემდეგ, ასეთი პედაგოგი რისკ ჯგუფშია და შესაბამისად ჩვენი შვილებიც“, – ამბობს ხათუნა ხუსკივაძე.
„ვფიქრობ, რომ მასწავლებელიც გარკვეულწილად საჯარო მოხელეა და ნამდვილად არ იქნებოდა ურიგო თუ მათაც პერიოდულად ჩაუტარდებოდათ სწრაფი ტესტირება, ბავშვებთან უწევთ მუშაობა და ეს საკმაოდ ფართო კონტაქტებია, ამიტომ თუ ვსაუბრობთ სკოლებში საპრევენციო ღონისძიებებზე ვირუსის წინააღმდეგ, მივესალმები თუ მასწავლებლებს და სკოლების პერსონალს ტესტირებები ჩაუტარდებათ. ამით მშობლებიც უფრო მშვიდად ვიქნებით, ჩემი აზრით ეს ვირუსთან საბრძოლველადაც ერთ-ერთი ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნება, ვიდრე ხშირ შემთხვევაში გაურკვეველი რეკომენდაციები, რომლის შესრულებაც ხშირად კეთილ ნებაზეა დამოკიდებული და შემოწმების მექანიზმიც რამდენად ეფექტური იქნება, ან რამდენს გაწვდება კიდევ საკითხავია“, – აცხადებს მე-3 კლასის მოსწავლის მშობელი ანა მირცხულავა.
„მოგონილია ყველაფერი და მსოფლიო აფიორაა, ვინმე თქვენს ახლობელს ჰქონია ეს დაავადება? ვიღაცას აწყობს და გამოკეტეს ხალხი სახლებში, „დაჩლუნგდნენ“ ბავშვები დისტანციური სწავლებით. ჩემს უფროს შვილს, რომელიც მე-6 კლასშია ნერვული პრობლემები დაეწყო, უმიზეზოდ ტიროდა, ნერვიულობდა ვიდეო ჩართვისას მასწავლებელს ხმას რომ ვერ აგებინებდა. ასეთ სიტუაციას მირჩევნია სკოლაში იაროს და ყველაფერი მუშაობდეს, გრიპი და ვირუსი ყოველთვის იყო და არავინ ჩაუკეტავთ სახლებში, არანაირი ტესტირება, ბლეფია ყველაფერი“, – აცხადებს ნათია პაპიძე, რომელიც მე-3 და მე-6 კლასის მოსწავლეების მშობელია.
რაც შეეხება პედაგოგებს, ისინი ამბობენ, რომ თუ აუცილებლობა გახდება, სახელმწიფოს მიერ დაწესებული ვალდებულებების შესრულებაზე უარს არ იტყვიან.
„ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ არ იგეგმება მასობრივი ტესტირება. სავალდებულო იქნება იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდა სიცხე, გნებავთ მოსწავლესთან, გნებავთ უფროსთან. იქიდან გამომდინარე, რომ ეპიდემიური სიტუაცია ცოტა გამძაფრდა, ალბათ, უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო. ახლა ისეთი სეზონი მოდის რესპირატორული დაავადებები ძალიან გააქტიურდება, ძნელი იქნება გარჩევა რომელია ჩვეულებრივი გრიპი და რომელი კოვიდ ინფექცია. ტესტირება, ალბათ, საკმაოდ დიდ ფინანსებთან იქნება დაკავშირებული, თუ ანაზღაურდება რატომაც არა. გითხრათ სიმართლე არ მიფიქრია ამაზე, თუ გამძაფრდება სიტუაცია, ალბათ, ცუდი არ იქნება მეტი სიფრთხილე გამოვიჩინოთ, კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ კვლავ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის“, – ამბობს კერძო სკოლის პედაგოგი და პირველი კლასის მოსწავლის მშობელი ვენენო მენაბდე.
„როგორც ვიცი პისიარ ტესტის ჩაბარება ძალიან უსიამოვნო პროცედურაა, ტელევიზიით მინახავს, რომ ხახიდან და ცხვირიდან იღებენ ბიოლოგიურ მასალას, ამიტომ დიდად არ მინდა, მაგრამ თუ აუცილებელი გახდება რას ვიზამთ, მოთხოვნებს უნდა დავემორჩილოთ. არ არის სახუმარო ეს დაავადება, ბევრი მშობელი და ჩემი კოლეგაც, არასერიოზულად უყურებს და მსოფლიო აფიორის თეორიების სჯერათ, მაგრამ თუ გადავხედავთ ისტორიას, ხშირად ყოფილა მსგავსი ეპიდ აფეთქებები და ცოტა სერიოზული დამოკიდებულება გვმართებს. ჩვენ პედაგოგებს ხომ გვინდა როცა ვასწავლით, რომ დაგვიჯერონ, ახლა ისეთი დროა, რომ მედიკოსებს უნდა დავუჯეროთ“, – აცხადებს საჯარო სკოლის ერთ-ერთი პედაგოგი.
„ჩემი აზრით, სასურველია იყოს, თუმცა ეს სკოლაში შემსვლელ ნებისმიერ პირს უნდა ეხებოდეს, იმედია უფასო იქნება“ – ამბობს კიდევ ერთი პედაგოგი ლია ღაჭავა.
საწინააღმდეგო პოზიცია აქვს საბავშვო ბაღის მასწავლებელს და მიაჩნია, რომ ვირუსტე ტესტირება პედაგოგებისთვის სავალდებულო არ უნდა იყოს.
„არა, არ უნდა იყოს სავალდებულო კორონავირუსზე ტესტირება პედაგოგებისთვის, თერმოსკრინინგი ხომ ჩაგვიტარდება სამსახურში მისვლისას და ვისაც ტემპერატურა დაუფიქსირდება ის გამოიკვლიონ. ისე თუ რამე ვაქცინა გამოვა, ალბათ, პირველი ჩვენ დაგვტესტავენ და საერთოდაც ვფიქრობ გაიხსნება კი საბავშვო ბაღები? ისეთი რეგულაციები შემოიღეს, მისი შესრულება საკმაოდ რთული იქნება, დისტანცია როგორ უნდა დაიცვათ ამდენ ბავშვებში არ ვიცი. ხელები დააბანინეთ ხშირადო, მარტო ამ პროცედურას დასჭირდება მთელი დღე და ასევე, მშობლების შემოსვლაც ხომ აკრძალული იქნება, ვინ არბენინებს ამ ბავშვებს ზემოთ-ქვემოთ?! ჩვენ უნდა გავხადოთ და ჩავაცვათ, წარმოიდგინეთ რამდენი დრო უნდა. ჩვენთან სივრცეც არ არის შემოსასვლელში და არც ეზოში, რომ 11 მასწავლებელი იდგეს და ბავშვებს იღებდეს“, – ამბობს თბილისის ერთერთი სახელმწიფო ბაღის პედაგოგი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
ამ ეტაპზე არსებული ოფიციალური ინფორმაციით, საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლების სავალდებულო ტესტირება დადგენილი არ არის და სკოლის თუ ბაღის ადმინისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შედგენილი რეკომენდაციებით იხელმძღვანელებენ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 64 000 პედაგოგი მუშაობს, რასაც ემატება ადმინისტრაციაში დასაქმებულების რიცხვიც. სკოლებში მოსწავლეების რაოდენობა კი 592 ათასია.
რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, საქსტატის მონაცემებით, საქართველოში სულ 1574 სკოლამდელი დაწესებულება ფიქსირდება, სადაც 13 338 აღმზრდელ-პედაგოგი, აღმზრდელი/აღმზრდელის თანაშემწეა დასაქმებული. ბავშვების რიცხვი კი 161 848-ს შეადგენს.
ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, სხვა ქვეყნებში მასწავლებლებისთვის სავალდებულო ტესტირების საკითხისადმი განსხვავებული მიდგომები აქვთ.
– გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები ამ თემასთან დაკავშირებით.
ამავე თემაზე:
რა რეგულაციებით დაიწყება საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბრიდან – ინსტრუქცია სკოლებს!
რა შემთხვევაში შეუძლია მასწავლებელს გაკვეთილზე პირბადის მოხსნა
რა წესების დაცვა მოეთხოვებათ პანდემიის პირობებში მოსწავლეებსა და მშობლებს – რეკომენდაციები
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- თუ აბიტურიენტი ხარ, ან სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებას გეგმავ, ეს უნდა იცოდე – ცვლილება ორ ბრძანებაში by ARIS.GE-განათლება
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება