„უნდა შევძლოთ და მოვახერხოთ, რომ პედაგოგზე ბიულეტენის თანხა დანამატებიანად გაიცეს“
„ჩვენ უნდა შევძლოთ და მოვახერხოთ რომ დანამატებიანად გაიცეს ბიულეტენის თანხა, ეს უნდა დავარეგულიროთ კანონმდებლობით,“ – ასე უპასუხა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას მასწავლებლების პროტესტს იმის თაობაზე, რომ საჯარო სკოლის პედაგოგები ბიულეტენით განსაზღვრული შვებულებისას დანამატები არ ერიცხებათ.
ჯეჯელავას განმარტებით, კანონში ამ რეგულაციის დასახვეწად მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ის ვერ აკონკრეტებს, თუ როდის დარეგულირდება ბიულეტენით შვებულებაში გასვლისას მასწავლებელთა დანამატების ანაზღაურების საკითხი.
„კარგა ხანია მიდის მუშაობა. შესაძლოა, მომდევნო სასწავლო წლიდან ვივარაუდოთ, რომ მასწავლებლებს ბიულეტენით აღებული შვებულება აუნაზღაურდებათ თუმცა კონკრეტული დრო დადგინდება როგორც კი დავამთავრებთ მუშაობას. მიმდინარეობს მუშაობა, რომ ორ სამინისტროს ჰქონდეს ერთმანეთთან შეთანხმებული ბრძანება. იცით, რომ ბიულეტენის თანხები განიკარგება ჯანდაცვის ბიუჯეტიდან, ხელფასები და დანამატები კი ჩვენი ბიუჯეტიდან და ამ ორის დაკავშირება რომ მოხდეს კარგად და გამართულად. ამის შემუშავების შედეგად, მასწავლებლები რომ აიღებენ ბიულეტენით შვებულებას, დანამატების თანხაც აუნაზღაურდებათ. ეს არის მიზანი ამ ცვლილების,“ – გვითხრა მინისტრმა.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ განათლების სამინისტროსგან კორესპონდენცია მიიღეს და საკითხზე მუშაობენ, თუმცა როდის და რა შედეგით დასრულდება მასწავლებლების ბიულეტენის საკითხზე მუშაობა, ჯერ ვერ აკონკრეტებენ.
„როდესაც მასწავლებელი შრომის უუნარობის გამო არ იმყოფება სამსახურში, ცხადია, სპეციფიკა ითხოვს მისი სხვა მასწავლებლით ჩანაცვლებას. შესაბამისად, აქ არის საუბარი ხარჯების გაორმაგებაზე. ამჟამად ჩვენს სტრუქტურულ ერთეულებში მიმდინარეობს დათვლა, დამატებით რა თანხა იქნება საჭირო იმ შემთხვევაში, თუ კანონში ცვლილებებს შევიტანთ. არსებული კანონი უშვებს გამონაკლისებს თავდაცვის სამინსიტროსა და შსს-ის მოსამსახურეებისთვის – მათ თანამდებობრივ სარგოსთან ერთად ეძლევათ ეს დანამატებიც და სრულად უნაზღაურდებათ ბიულეტენის თანხა. რაც შეეხება საჯარო სკოლის მასწავლებლების საკითხს, ეს არის სპეციფიური და საჭიროებს განსაკუთრებულ კომპლექსურ მიდგომას. უნდა შეფასდეს რისკები და მერე იქნება პასუხი, ეს უახლოეს მომავალში მოხდება“, – აცხადებს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელზა ჯგერენაია.
ავად გახდომის უფლებაჩამორთმეული მასწავლებლები
მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა
-
„მასწავლებლებს საქართველოს განათლების სამინისტროსთვის ინფორმაციისა და ანგარიშების გადაგზავნა ბრალდებათ“ – ზოგადი და უმაღლესი განათლება ოკუპირებულ რეგიონებში
by ARIS.GE-განათლება
-
აბიტურიენტის ცნობარი 2026
by საცნობარო
-
დეპუტატი: „განათლების რეფორმა მიმდინარეობს ისე, რომ დადგენილი არ არის უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების წესი“
by ARIS.GE-განათლება