GE

უნივერსიტეტებისთვის საავტორიზაციო განაცხადების მიღების ვადები განისაზღვრა – დეტალები

განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ უმაღლესი სასწავლებლები არაგეგმიურად შემოწმდებიან და ავტორიზაციის სტანდარტების შეუსაბამობა მათთვის სტუდენტების მიღების შეჩერების საბაბი გახდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, EDU.ARIS.GE დაინტერესდა,  როდის დაიწყება უმაღლესი სასწავლებლების ახალი სტანდარტით შემოწმება, როდის უნდა მიმართონ უნივერსიტეტებმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და დაკომპლექტდა თუ არა როგორც საავტორიზაციო საბჭოები, ისე უშუალოდ შემმოწმებელი ექსპერტების შემადგენლობა.

საავტორიზაციო განაცხადების მიღება 2018 წლის თებერვლის ბოლოდან დაიწყება – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ის განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ სანიკიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ საქმის წარმოების ვადა 6 თვეა, ავტორიზაციის რეჟიმებს შორის უნივერსიტეტებს წყვეტა რომ არ ჰქონდეთ, განაცხადების შეტანის დრო თავად უნდა განსაზღვრონ.

„ცნობილია და დამტკიცდა ავტორიზაციის, აკრედიტაციისა და სააპელაციო საბჭოების შემადგენლობა. ახლა მიდის ძირითადად მოსამზადებელი სამუშაოები, იმიტომ, რომ სტანდარტები და პროცედურები არის შეცვლილი.  შესაბამისად, საბჭოს წევრებიც არიან შეცვლილი. ამ ეტაპს დავასრულებთ წლის ბოლომდე და იანვრიდან აქტიურ მუშაობას დავიწყებთ საბჭოსთან“, – აღნიშნა თამარ სანიკიძემ.

მისივე თქმით, წელს ახალი სტანდარტებითა და ახალი შემადგენლობით ავტორიზაციის გავლა 29 უმაღლეს სასწავლებელს უწევს.

„უნივერსიტეტები ახალი წესით შემოწმდებიან. ექსპერტთა ჯგუფში ჩვენ ვიხილავთ სტუდენტსა და დამსაქმებელს, ასევე, სავალდებულო იქნება საერთაშორისო ექსპერტის ჩართვა, რომელიც ჯგუფის თავმჯდომარეობის ფუნქციას შეითავსებს. სტანდარტები და პროცედურები უკვე ცნობილია. ახალი დღის წესრიგის მიხედვით, განახორიცელებენ ვიზიტს, რომელიც ბევრად შინაარსიანი, უფრო შედეგის შეფასებაზეა ორიენტირებული, ვიდრე იმ რესურსების, რომელიც ძველი სტანდარტების ფარგლებში გვქონდა. ახალი სტანდარტით, ავტორიზაცია იქნება 6-წლიანი, ხოლო პროგრამული აკრედიტაცია კი 7-წლიანი. აქამდე, ავტორიზაციის საქმის წარმოების პროცესი იყო 3-თვიანი, ახალი წესით კი 6-თვიანი – 180-დღიანი იქნება“, – განაცხადა სანიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ კანონში ცვლილებების მიღების შემდეგ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ავტორიზაციას ნაცვლად 3 კრიტერიუმისა, 7 კრიტერიუმით გაივლის.

EDU.ARIS.GE გთავაზობთ 29 უნივერსიტეტის ჩამონათვალს, რომელთაც ავტორიზაციის ვადა 2017 წლის აგვისტოდეკემბერის განმავლობაში გასდით:

  1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
  3. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  4. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  5. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
  6. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  7. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  8. თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;
  9. სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია;
  10. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  11. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
  12. შპს-თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი;
  13. შპს – საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი;
  14. შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი;
  15. შპს – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი;
  16. შპს – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
  17. შპს ევრორეგიონალური სასწავლო უნივერსიტეტი;
  18. შპს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი;
  19. შპს – საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი;
  20. სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;
  21. შპს – ქუთაისის უნივერსიტეტი;
  22. ა(ა)იპ – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი;
  23. შპს – პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია;
  24. სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
  25. შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია;
  26. შპს – დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი;
  27. შპს – ექვთიმე თაყაიშვილის სხაელობის სასწავლო უნივერსიტეტი;
  28. შპს – თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი “ჰიპოკრატე”;
  29. ა(ა)იპ – საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის “საზოგადოება ცოდნა”.

ამავე თემაზე:

უმაღლესი სასწავლებლების არაგეგმიური შემოწმება მოხდება – განათლების მინისტრი

ავტორიზაციის ახალი სტანდარტის შესახებ

რა სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევთ უმაღლეს სასწავლებლებს ავტორიზაციის გასავლელად

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური