GE

თამარ სანიკიძე: „რეორგანიზაცია აუდიტის დასკვნის გამო არ განხორციელებულა“

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მასშტაბური რეორგანიზაცია განხორციელდა, რის შედეგადაც თანამშრომლების გარკვეულ ნაწილს სამსახურის დატოვება მოუწიათ, ვინაიდან მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და შესასრულებელი სამუშაოს შინაარსი შეიცვალა, მოვალეობის შემსულებლებად განისაზღვრნენ და კონკურსების ხელახლა გავლა მოუწიათ. კონკურსის დროს კი, რიგ შემთხვევებში, არჩევანი სხვებზე შეჩერდა.

როგორც ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, რეორგანიზაციას, სამსახურების გადალაგების გარდა, უამრავი სხვა სიახლე მოჰყვა თან. ამ სიახლეებზე იგი დეტალურად საუბრობს.

 როგორც ვიცით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან თანამშრომელთა გარკვეული რაოდენობა განთავისუფლდა. სიმართლეა თუ არა ეს?

-თამარ სანიკიძე: განთავისუფლებით არავინ განთავისუფლებულა. რეორგანიზაცია განხორციელდა. თქვენ იცით, რომ ახალი მიმართულებები გამოიკვეთა რომლებსაც გაძლიერება სჭირდება. შესაბამისად ცენტრის სტრატეგიაც შეიცვალა. წინა პლანზე ინტერნაციონალიზაცია და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა წამოვწიეთ. შესაბამისად, გარკვეული სამსახურები გადალაგდა. ზოგი გაიყო, ზოგიც შეერთდა, როგორც ეს რეორგანიზაციას სდევს ხოლმე თან.

ამის შემდეგ, კანონის მიხედვით, ის თანამშრომლები, რომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და შესასრულებელი სამუშაოს შინაარსი შეიცვალა, მოვალეობის შემსრულებლებად განისაზღვრნენ. მათ კონკურსების გავლა და საკონკურსო პირობების დაკმაყოფილება მოუწიათ. კონკურსის დროს, რა თქმა უნდა, კონკრეტულ პოზიციებზე ისინი შევარჩიეთ, ვინც საუკეთესოდ მივიჩნიეთ.  ამ ეტაპისათვის სამსახურები ბოლომდე დაკომპლექტებულია და განსაზღვრული მიმართულებებით მუშაობენ.

–ანუ, არსებული თანამშრომლებიდან სამსახურის დატოვება არავის მოუწია?

–თ.ს: სამსახურის დატოვება მხოლოდ და მხოლოდ კონკურსის შედეგად მოუწიათ. ანუ, როდესაც ახლად განსაზღვრულ პოზიციებზე თანამშრომლები ახლიდან, კონკურსის წესით შეირჩნენ.

–შეეხო თუ არა რეორგანიზაცია  აკრედიტაციის პროცესში ჩართულ ექსპერტებსაც?

–თ.ს: ცვლილებები ძირითადად სამსახურებს შეეხოთ. ახალ სტრატეგიას, ახალ გამოწვევებს მოვერგეთ და მუშაობას ამ ფორმატში ვაგრძელებთ. აკრედიტაციის ექსპერტებთან დაკავშირებით სხვა სახის ცვლილებები ხორციელდება.

–უკავშირდება თუ არა ეს ყველაფერი სახელმწიფო აუდიტის შარშანდელ დასკვნას ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმებთან დაკავშირებით, რომელსაც ცენტრი ახორციელებს ?

–თ.ს: რეორგანიზაცია აუდიტის დასკვნის გამო არ განხორციელებულა. ეს უფრო  პრიორიტეტული საკითხების წინ წამოწევას უკავშირდებოდა, რომლებიც, ჩვენი აზრით, გააუმჯობესებს როგორც ცენტრის მუშაობას, ასევე  ხელს შეუწყობს იმ საკითხების შესაბამისობაში მოყვანას, რომლებიც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია.

მოგეხსენებათ საუბარია Study in Georgia-ს შესახებ, რომლის ფარგლებშიც რაც შეიძლება მეტი უცხოელი სტუდენტის მოზიდვა გვინდა. ამისათვის რიგი ცვლილებების განხორციელება იქნება საჭირო. მათ შორის საერთაშორისო აკრედიტაციის პრინციპების დანერგვა და ა.შ.

რაც შეეხება აუდიტის დასკვნას, იგი ზოგადად, მთელ საქმიანობაში არის გათვალისწინებული. როდესაც აუდიტის დასკვნა დაიდება, აუდიტის სამსახურთან ამ დასკვნის შესაბამისად სამოქმედო გეგმას ვათანხმებთ, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს ესა თუ ის ხარვეზი. ამ კონტექსტში აუდიტის დასკვნის შედეგები, რა თქმა უნდა, სრულად გათვალისწინებულია და შუალედური ანგარიშიც კი წარდგენილი გვაქვს, სადაც უკვე ვაჩვენებთ რა მიმართულებებში და როგორ ვასწორებთ იმ ხარვეზებს, რომლებიც აღმოჩენილი იყო.

მათი ერთერთი ძირითადი შენიშვნა აკრედიტაციის სტანდარდებს ეხებოდა. დასკვნაში ეწერა, რომ ისინი ნათლად და მკაფიოდ განსაზღვრული არაა. გაკეთდა თუ არა ამ ერთი წლის განმავლობაში რამე სტანდარტების დასახვეწად?

–თ.ს: სტანდარტებისა და პროცედურების დახვეწა, აუდიტის ანგარიშში სულ რომ არაფერი თქმულიყო, ისედაც იგეგმებოდა, რადგან ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ თუკი ინტერნაციონალიზაცია და განათლების ხარისხის გაზრდა გვინდოდა, ბევრი რამ უნდა შეგვეცვალა. ამ მიზნით, 2015 წლის ბოლოს მოხდა კანონის ცვლილებების ინიცირება, რომელიც  2016 წლის დასაწყისში დამტკიცდა. შედეგად, ავტორიზაციის სტანდარტები თავიდან ბოლომდე შეიცვალა და იგი  ევროპულ სტანდარტებთან  და რეკომენდაციებთან მოვიდა შესაბამისობაში. ცვლილებები განხორციელდა აკრედიტაციის ნაწილშიც, განსაკუთრებით პროცედურულ ნაწილში. დაინერგა პირობითი აკრედიტაციაც.

ამისათვის არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა. მუშაობის პროცესში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვნენ.  მათ ახალი სტანდარტებისა და პროცედურების რეფერირება გააკეთეს. შედეგად მოგვცეს რეკომენდაციები.  ყველა ამ სამუშაოს გათვალისწინებით, ევროპულ სტანდარტებთან და რეკომენდაციებთან თავსებადი ახალი სტანდარტები და პროცედურები შემუშავდა, რომლებიც დღეისათვის სამინისტროში დასამტკიცებლადაა  გაგზავნილი.

მათი შენიშვნები იმ ექსპერტებსაც ეხებოდა, რომლებიც უშუალოდ ამოწმებდნენ ამა თუ იმ პროგრამის ავკარგიანობას. ეწერა, რომ ისინი მიმართულებების მიხედვით არ იყვნენ შერჩეულნი, რომ მათი რაოდენობა შეუსაბამო იყო და დრო კი ძალიან ცოტა ჰქოდნათ. რა გაკეთდა ამ კუთხით?

–თ.ს: ეს ყველაფერი სტანდარტებისა და პროცედურების ცვლილების თანმდევი პროცესია. ამას  ექსპერტთა კორპუსში სერიოზული ცვლილებებიც მოჰყვა. მათი მუშაობის წესში ძალიან ბევრი ცვლილება შევიდა. ყველა ის საკითხი, რაზეც თქვენ ისაუბრეთ – შესწავლისათვის ადეკვატური დრო, წინასწარ დაგეგმილი დღის წესრიგი, უნივერსიტეტების მიერ წარმოსადგენი არგუმენტაციები და ა.შ. როგორც თანმდევი პროცესი, დალაგდა და დღეისათვის  ახალი მოთხოვნების შესაბამისად ახალ ექსპერტებს ვარჩევთ.

ექსპერტთა შერჩევა ახალი წესის მიხედვით ხორციელდება, რომელიც არსებული ხარვეზის აღმოფხვრას უზრუნველყობს. ხარვეზების ნაწილზე აუდიტის დასკვნაში იყო საუბარი, ნაწილი კი საერთაშორისო სტანდარტებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარეობს.

შერჩეულ ექსპერტთა პირველმა ნაკადმა  შესაბამისი გადამზადება უკვე გაიარა. ამაში მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით, ავსტრიის ხარისხის უზრუნველყოფის  სამსახურის ხელმძღვანელი დაგვეხმარა, რომელიც ევროპაში ცნობილი ექსპერტია ამ მიმართულებით. მან პირველადი ტრენინგები ჩაატარა. ანუ, შეიქმნა ის ბირთვი, რომელსაც დანარჩენი ექსპერტები მუდმივ გადამზადების რეჟიმში ეყოლება.

თავად კონკურსი ივნისის ჩათვლითაა გამოცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ეტაპობრივი შერჩევის საფუძველზე სისტემაში შემოვლენ ახალი ექსპერტები. ისინი იქნებიან მუდმივი გადამზადებისა და პერიოდული შეფასების რეჟიმში. შესაბამისად ექსპერტი მუდმივად აღჭურვილი იქნება განახლებული, საჭირო ინფორმაციით, რაც მისი საქმიანობის ეფქტურად განხორციელებასთან პირდაპირ კავშირშია.

–ანუ, ექსპერტების რაოდენობა გაიზრდება?

–თ.ს: ეს ამას არ ნიშნავს. ექსპერტები სფეროებისა და დარგების  მიხედვით პროგრამულ აკრედიტაციაში გვჭირდება. ავტორიზაციის ექსპერტების შერჩევის პროცესი უკვე მიდის და შემდეგ ეტაპზე აკრედიტაციის ექსპერტებისათვის კონკურსი ჩატარდება. აკრედიტაციის ექსპერტების რაოდენობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მიმართულებებს ახორციელებენ საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. თუ ჩავთვლით, რომ თითქმის ყველა მიმართულება აქტიურია, უნდა შევეცადოთ, რომ ყველა სფერო დავაკმაყოფილოთ.

ექსპერტთა ადეკვატური რაოდენობა უფრო იმისთვისაა საჭირო, რომ ინტერესთა კონფლიქტები გამოირიცხოს. მოგეხსენებათ, ექსპერტები ძირითადად რომელიმე საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური სფეროს წარმომადგენლები არიან. თუკი ადამიანი შესამოწმებლად თავისივე ან სხვაგვარად მასთან დაკავშირებულ დაწესებულებაში მივა, ეს ბუნებრივია ინტერესთა კონფლიქტს გამოიწვევს. ამიტომაც, უნდა ვიზრუნოთ, რომ ასეთი რამ არ მოხდეს და საჭირო რაოდენობის კადრები გვყავდეს.

ჩვენი სურვილია კადრები საერთაშორისო ექსპერტებითაც დავაკომპლექტოთ. ეს გათვალისწინებულია პროგრამაში – ისწავლე საქართველოში. გვინდა, რომ სააკრედიტაციო პროცესში დამოუკიდებელი უცხოელი ექსპერტები მაქსიმალურად ჩაერთონ. წელს ამის პირველი მცდელობა გვექნება და ინგლისურენოვანი პროგრამების შეფასებით დავიწყებთ, რადგან იქ ყველანაირი მასალა, რაც შეფასებას ექვემდებარება, უკვე უცხო ენაზეა. ამიტომ, დროს არ დავკარგავთ, უცხოელ ექსპერტებს ჩავრთავთ და ვნახავთ პროცესი როგორ წავა. თანდათანობით კი ამ მიდგომას სხვა პროგრამებზეც გავავრცელებთ.

ავტორიზაციის ნაწილში კი ექსპერტთა რაოდენობას საწყის ეტაპზე დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება. ეს იმის მიხედვით უნდა განვსაზღვროთ, თუ რა რაოდენობის ავტორიზაციები გვიწევს, რათა ექსპერტთა ადეკვატური რაოდენობა დავახვედროთ. ამ მომენტისათვის ვფიქრობთ, რომ იმდენი ექსპერტი ავიყვანოთ,  რაც 10-12 ჯგუფის დაკომპლექტების საშუალებას მოგვცემს. თითოეულ ჯგუფში 5-6 ადამიანის გათვალისწინებით.

ამ სიახლეების პირობებში რომელიმე უნივერსიტეტი ხომ არ დაზარალდება და აკრედიტაცია დროში ხომ არ გაეწელებათ?

–თ.ს: მთლიანი გეგმა გვაქვს ჩამოყალიბებული და აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესებიც მისი მიხედვით გვაქვს დალაგებული.  ეს დეტალური გეგმა კანონში ცვილებების შესატანად გვჭირდებოდა. იმისათვის, რომ არავინ დაზარალდეს ჩვენც და დაწესებულებებსაც კარგად მომზადება გვჭირდება, რისთვისაც კანონით დადგენილი ვადები გადავწიეთ. ამიტომ, ეს კარგად ნაფიქრი, დალაგებული და გააზრებულია.  ამ ეტაპზე რისკებს ვერ ვხედავ. თუ რაიმე სახის რისკი წარმოიშვა, ეს მასობრივი ხასიათის არ იქნება და შევძლებთ გამოწვევას ვუპასუხოთ.

–განახლებული წესები ითვალისწინებს თუ არა მონიტორინგსაც?

–თ.ს: აუცილებლად. მონიტორინგის სისტემა წელს  უკვე ამუშავდა კიდეც. გეგმიური მონიტორინგი დაიგეგმა ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით. ეს გეგმები დამტკიცებულია და სრულდება. ანუ, მონიტორინგი მიმდინარეობს.

–ანუ, იქნება გეგმიური ვიზიტები და შემოწმებებიც და მოულოდნელიც?

–თ.ს: დიახ. რამდენიმე ეტაპია.  პირველია, როდესაც დაწესებულება აკრედიტაციას ან ავტორიზაციას მოიპოვებს. ეს ერთ-ერთი ძირითადი შემოწმებაა. შემდეგ, დაწესებულებების თვითშეფასებებიდან და საჩივრებიდან გამომდინარე ვარჩევთ, თუ რომელი დაწესებულებებია მაღალი რისკის შემცველი. მონიტორინგს ამის მიხედვით ვგეგმავთ. ვითვალისწინებთ აკრედიტაციისა და ავტორიზაციის საბჭოს რეკომენდაციებსაც, რომლებიც რიგ შემთხვევაში გვეუბნება, რომ ავტორიზაციის, ან აკრედიტაციის მინიჭების მიუხედავად გარკვეული მიმართულებების გადამოწმება საჭიროა. ეს ინფორმაციაც გეგმიური მონიტორინგის ნაწილში მოიყრის თავს და გეგმაც ამ ინფომაციაზე დაყრდნობით შემუშავდება.

მოულოდნელ შემოწმებას რაც შეეხება, ეს უკვე იქიდან გამომდინარეობს, რა სახის საჩივრები, განაცხადები და რეკომენდაციები იქნება თუნდაც უკვე განხორციელებული მონიტორინგის შედეგად. სისტემა „დაიქოქა“, მიმდინარეობს და ყურადღებით ვაკვირდებით.

–აუდიტმა პრობლემები აკრედიტაციის საბჭოსთან დაკავშირებითაც გამოავლინ. ეწერა, რომ არ აქვთ საკმარისი დრო იმისათვის, რომ ექსპერტის დასკვნას გაეცნონ. ახლა მდგომარეობა შეიცვალა?

–თ.ს: 2012 წელს სრული კატასტროფა იყო, რადგან 1000-ზე მეტმა პროგრამამ აკრედიტაცია თითქმის ერთდროულად გაიარა. ამიტომ, აქ ხარისხზე საუბარი ვერანაირად ვერ გვექნება. ეს მართლაც ძალიან არასწორი ქმედება იყო. დაზუსტებით არ ვიცი იგი  რისგან გამომდინარეობდა, რადგან იმ მომენტში ამ პროცესებში ჩათული არანაირი ამპულით არ ვიყავი.

გავითვალისწინეთ, რომ ამ  1000-ზე მეტ პროგრამას ხელახალი აკრედიტაცია ისევ ერთდროულად, დროის მცირე მონაკვეთში მოუწევდა, ამიტომ გავწერეთ გეგმა და იგი რამდენიმე წელზე გავანაწილეთ. საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებაც სწორედ ამის მიხედვით მოვახდინეთ. აღარ გვექნება შემთხვევა, როცა საბჭოს 1000-ზე მეტი პროგრამის მოკლე დროში განხილვა დაევალება. ასეთი რამ აღარ უნდა მოხდეს, რადგან ის შედეგები, რაც გვაქვს, ნაწილობრივ აქედანაც გამომდინარეობს.

–ვინაიდან პროცესი რამდენიმე წელზე გადანაწილდა, პროგრამებს აკრედიტაციის  ვადა ამოეწურებათ?

–თ.ს: არა, არ ამოეწურებათ. ვადების გაგრძელება  კანონით დავუშვით და ამ მხრივ პრობლემა არ ექნებათ. სამაგიეროდ, გეგმა ისე დალაგდა, რომ მათ ჯერ განმავითარებელი შეფასებები მოუწევთ და შემდეგ აკრედიტაცია. ეს ძალიან კარგია, რადგან განამავითარებელ შეფასებაში  უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან. ისინი დამოუკიდებელი შეფასების საფუძველზე დაწესებულებას მისცემენ რეკომენდაციებს, რომ აკრედიტაციაზე გამართული და ხარისხიანი პროგრამები შემოიტანონ. ამისათვის ცალკე თანხებია გამოყოფილი.

–ზემოთ ახსენეთ, რომ აუდიტის დასკვნისა და რეკომენდაციების გათვალისწინება უკვე დაიწყეთ და შუალედური ანგარიშიც წარადგინეთ. შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად გვითხრათ რა შესრულდა და რა წერია ანგარიშში?

–თ.ს: შენიშვნების უმეტესობა შესრულებულია. შემიძლია ვთქვა, რომ  90 %. დანარჩენ შემთხვევებში  კი პროცესი არ დასრულებულა. მათ გამოსასწორებლად  2016 წლიდან ვმუშაობთ.

ამოქმედდა თუ არა უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის კუთხით დაგეგმილი ცვლილებები?

–თ.ს: ახალი სტანდარტები, დაახლოებით 2 კვირის წინ, სამინისტროში დასამტკიცებლად გაიგზავნა. იქიდან გამომდინარე, რომ ახალი სტანდარტები საფუძვლიან ცვლილებებს მოითხოვს თავად დაწესებულებების შიდა ხარისხის მექანიზმების სწორად დანერგვაში, კანონით  გავაკეთეთ დათქმა, რომ 2017 წელს მონიტორინგი მანამდე მოქმედი სტანდარტებით განხორციელდეს, ხოლო ეს პერიოდი უმაღლესებმა  ახალი სტანდარტების დანერგვისათვის გამოიყენონ. ხოლო  ახალ ავტორიცაზიებს უკვე ახალი სტანდარტების მიხედვით გაივლიან.  ეს ცვლილება საკანონმდებლო დონეზე უკვე ინიცირებულია.

–ანუ, ახალი სტანდარტების მიხედვით ჯერ ავტორიზაცია არავის გაუვლია?

–თ.ს: არა.

–და როდის მოუწევთ?

–თ.ს: არსებულ უმაღლესებს ძირითადად 2018 წლიდან უწევთ. იმ შემთხვევაში, თუ მანამდე ახალი დაწესებულება გაჩნდება და განაცხადს შემოიტანს, ის  ავტორიზაციას უკვე ახალი პროცედურებით გაივლის.

გარდა ამისა, სავარაუდოდ აგვისტო-სექტემბერში გვექნება  ახალი სტანდარტების მიხედვით შეფასების პილოტირება,  რომელსაც დახლოებით სამ დაწესებულებაში განვახორციელებთ. მათი შერჩევა ახლა მიმდინარეობს.

–რაც შეეხება სააპელაციო საბჭოს, რას აჩვენებს მისი მუშაობა?

–თ.ს: სააპელაციო საბჭომ ძალიან კარგი შედეგები დადო. ზუსტად ის შედეგი გამოიღო, რისთვისაც სააპელაციო პროცედურები დაინერგა. ძალიან მნიშვნელოვანია თუ ვისგან შედგება სააპელაციო საბჭო და მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ მაღალი კვალიფიკაციისა და კარგი რეპუტაციის ადამიანებისაგან დაგვეკომპლექტებინა. მართლაც, მათი განხილული საკითხები ჯერ სასამართლოში არ გასაჩივრებულა.  დღემდე  ერთი თუ ორი საქმეა, რომელიც სააპელაციო საბჭომ პირველად საბჭოს თავიდან განსახილველად დაუბრუნა. დანარჩენ შემთხვევებში ჩათვალა, რომ გადაწყვეტილება სწორი იყო.

–ანუ, მათი გადაწყვეტილებები ქმედითია და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი არ ექნება?

–თ.ს: არა, ისინი იღებენ გადაწყვეტილებას დაუბრუნონ თუ არა თავიდან განსახილველად საქმე პირველად საბჭოს. ის რეკომენდაციებს არ გასცემს. ეს პირველადი საბჭოს პრეროგატივაა.

რა სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევთ უმაღლეს სასწავლებლებს ავტორიზაციის გასავლელად

აუდიტის სამსახურმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მძიმე სისტემური დარღვევები აღმოუჩინა

„ნაკლოვანებები პროცესის ყველა ეტაპზე არსებობს“ – სახელმწიფო აუდიტი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციაზე

მოამზადა თაკო მათეშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური