უნივერსიტეტებზე დაფინანსება გადანაწილდება იმის მიხედვით, რომელ უნივერსიტეტზე რა მოთხოვნილება იქნება – განათლების მინისტრი
უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციაში „გაუმართავი დაფინანსების სისტემა“ ერთ-ერთ გამოწვევად არის დასახელებული და ნათქვამია, რომ: „გადასინჯვას საჭიროებს უმაღლესი განათლების დაფინანსების არსებული, საგრანტო სისტემა, რომელიც სათანადოდ არ ითვალისწინებს სხვადასხვა ფაკულტეტის განსხვავებულ ფინანსურ საჭიროებებს და არ არის ორიენტირებული უმაღლესი განათლების სფეროში სახელმწიფო ამოცანების შესრულებაზე“.
კონცეფცია გამოწვევა #6-ის დაძლევის გზას ასე გვისახავს, თუმცა არ აკონკრეტებს ზუსტად რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას და როგორ აისახება ცვლილება როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტებზე და მთავარი, უშუალოდ სტუდენტებზე. ვიცით მხოლოდ ის, რომ ამჟამად არსებული საგრანტო სისტემა სრუდად უნდა ჩაანაცვლოს სახელმწიფო დაკვეთაზე ორიენტირებულმა პირდაპირმა დაფინანსებამ:
ამონარიდი კონცეფციიდან: „დაფინანსების სისტემა. სრულად უნდა გადაისინჯოს უნივერსიტეტების დაფინანსების სისტემა. უნდა გაუქმდეს დაფინანსების არსებული, საგრანტო წესი და ის სახელმწიფო დაკვეთაზე დაფუძნებულმა მოდელმა უნდა ჩაანაცვლოს. აღნიშნული მოდელის ფარგლებში, განისაზღვრება სახელმწიფო დაკვეთა თითოეული უნივერსიტეტისთვის სახელმწიფო ამოცანებიდან გამომდინარე. ამასთან, სახსრების განაწილებისას, სათანადოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული თითოეულ სპეციალობაზე სტუდენტისთვის განათლების მიწოდების საშუალო ხარჯი“.
დოკუმენტში არ არის ახსნილი რას მოიაზრებს პირდაპირი დაფინანსების სისტემა, მოიმატებს თუ არა, სტუდენტის გადასახადი იმ შემთხვევაში, თუ ამოვარდება საგრანტო/ვაუჩერული დაფინანსების პრინციპი.
მეტი კონკრეტიკა პრემიერ-მინისტრისგან არც პარლამენტის წევრებს მიუღიათ. საკანონმდებლო ორგანოში რეფორმაზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ დღევანდელ საგრანტო დაფინანსებას უხეში მოდელი უწოდა, რომელიც მარტივად, ერთ სტუდენტზეა გათვლილი და უნდა ჩანაცვლდეს: „არის ძალიან უხეში სისტემა – წლების განმავლობაში მოქმედებს საგრანტო დაფინანსების მოდელი ერთ სტუდენტზე 2250 ლარი, ეს თანხაც კი არ შეცვლილა, არც ინფლაციას მიჰყვება, არც არაფერს, არის უბრალოდ მოჭრილი უხეში დაფინანსება. ვფიქრობთ, ეს მიდგომაც უნდა გადაიხედოს, უნდა შეფასდეს, რა მიმართულებით რა საჭიროება არსებობს, მათ შორის კონკრეტული სპეციალობების კონკრეტული საჭიროებებიც უნდა განისაზღვროს. მაგალითად, ექიმის მომზადებას შეიძლება, დასჭირდეს მეტი თანხა, ვიდრე იურისტის მომზადებას, ამასაც კი არ ითვალისწინებს დღევანდელი მოდელი. ეს ყველაფერი უნდა გადაიხედოს და ეს საგრანტო უხეში მოდელი, რომელიც არის მარტივად მოჭრილად ერთ სტუდენტზე გათვლილი, ვფიქრობთ, რომ უნდა ჩანაცვლდეს დაკვეთაზე დაფუძნებული სისტემით, რომელიც ბევრ კომპონენტს გაითვალისწინებს ერთობლივად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ერთადერთი, ვისგანაც შედარებით მეტი მოვისმინეთ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი იყო, რომელმაც რეფორმაზე არაერთ გადაცემაში ისაუბრა. გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო უნდა იყოს დამკვეთი კვლევებიდან გამომდინარე და, შესაბამისად, უნივერსიტეტებზე დაფინანსება გადანაწილდება იმის მიხედვით, პროფილურად რომელ უნივერსიტეტზე რა მოთხოვნილება იქნება.
„ეს დაკვეთა არ გამორიცხავს, რომ რაღაც სეგმენტებში კერძო უნივერსიტეტების მიმართაც განხორციელდეს ეს, მაგრამ ძირითადი კომპონენტი იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტებზე.
აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ, გარდა არსებითი და მნიშვნელოვანი გამონაკლისებისა, სახელმწიფო უნივერსიტეტებში უცხო ქვეყნის სტუდენტები აღარ გვეყოლება. ანუ, ეს სეგმენტი, დაინტერესების შემთხვევაში, მთლიანად გადავა კერძო უმაღლეს სასწავლებლებზე. თქვენთვის ცნობილია, რომ უცხო ქვეყნის სტუდენტებისთვის დაწესებული გადასახადი, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უნივერსიტეტებში, გაცილებით მაღალია, ვიდრე ის დაფინანსება, რომელსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს. სახელმწიფო უნივერსიტეტები თავიდან ბოლომდე უნდა იყვნენ ორიენტირებული სახელმწიფოს მოთხოვნებზე და ამ მოთხოვნების შესრულებაზე. რა თქმა უნდა, პარალელურად, სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე სრული დაფინანსება, რათა პროცესი მიმდინარეობდეს ყოველგვარი შეფერხების გარეშე და თითოეული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი უზრუნველყოფილი იყოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ბიბლიოთეკით, ბაზებთან წვდომით, ლაბორატორიებით, კონკრეტული დანადგარების არსებობით სხვადასხვა ცდის თუ ექსპერიმენტის ჩასატარებლად და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურით და სახელფასო უზრუნველყოფით, რომელიც უზრუნველყოფს, ხარისხიანი და მაღალი სტანდარტის განათლება მივცეთ ახალგაზრდებს“, – თქვა განათლების მინისტრმა.
ასევე იხილეთ:
რატომ „არა“ უმაღლესი განათლების რეფორმას? – სიმონ ჯანაშიას მოსაზრება
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“ – ახალი გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება
-
მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში
by ARIS.GE-განათლება
