GE

უსაჩუქრო ზეიმები – როდის მიიღებენ ბაგა–ბაღების აღსაზრდელები საჩუქრებს თოვლის ბაბუასგან

როგორც ცნობილია, ზამთრის არდადეგებისთვის, თბილისის საჯარო ბაგა–ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 22 დეკემბერს უნდა დასრულდეს. აღსაზრდელები და მათი მშობლები ზეიმების მზადების პროცესში და თოვლის ბაბუს საჩუქრების მოლოდინში არიან.

თბილისის ზოგიერთ საჯარო ბაგა-ბაღში საახალწლო ზეიმები უკვე ჩატარდა, თუმცა აღსაზრდელებს საჩუქრები თოვლის ბაბუასგან გასული წლის მსგავსად, წელსაც ჯერ არ მიუღიათ.

ქეთის შვილი 45-ე საჯარო ბაღში დაჰყავს. როგორც ის EDU.ARIS.GE-ისთან ყვება, პატარას საახალწლო ზეიმი უკვე ჰქონდა, თუმცა უსაჩუქროდ. მშობელი ამბობს, რომ როგორც ბაღში ირწმუნებიან, აღსაზრდელები საჩუქრებს მოგვიანებით მიიღებენ.

იმის გათვალისწინებით, რომ საახალწლო საჩუქრების დაგვიანების შესახებ უკვე აქვთ ინფორმაცია თბილისის კიდევ ერთ საჯარო ბაღში, მშობლებმა გამოსავალი იპოვეს. ისინი შვილებისთვის საჩუქრების შეძენას თავად, საკუთარი სახსრებით ფიქრობენ.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი კახა გვანცელაძე კი EDU.ARIS.GE-ისთან საუბრისას ირწმუნება, რომ თბილისის მასშტაბით 171-ვე საბავშვო ბაგა–ბაღში აღსაზრდელები საახალწლო საჩუქრებსა და ტკბილეულს 20 დეკემბრამდე მიიღებენ.

როგორც კახა გვანცელაძემ ამბობს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ხვალ გამოვლინდება, რომელიც საჩუქრების მიტანას ბაღებში პარასკევიდან, 15 დეკებრიდან დაიწყებს.

„ჩემი რეკომენდაცია, როგორც სააგენტოს ხელმძღვანელის, იყო რომ  ბოლო კვირაში ჩაეტარებინათ ზეიმები და  ასე ტარდებოდა ყოველთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენც ისე დავგეგმეთ საჩუქრების ტენდერის ჩატარება, რომ ბავშვებს ბოლო კვირაში ჰქონოდათ საჩუქრები. თუ ვინმემ ჩემი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა, დაასწრო და ზეიმი ჩაატარა ეს მისი გადაწყვეტილებაა. მგონია, რომ არაეფექტური გადაწყვეტილებაა, როცა იცი, რომ საჩუქრები მოვა მაქსიმუმ ბოლო კვირაში, ზეიმიც უნდა ჩაატარო ბოლო კვირაში,“ –  აცხადებს კახა გვანცელაძე.

ცნობისთვის, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ აღსაზრდელებისთვის საახალწლო საჩუქრების შესაძენად ტენდერი 7 დეკემბერს გამოაცხადა. განაცხადების მიღება უკვე დასრულებია, ახლა კი მიმდინარეობს წინადადებების გადარჩევისა და გამარჯვებულის გამოვლენის ეტაპი. ტენდერში, ამ დროის მონაცემებით, 4 კომპანია მონაწილეობს. სააგენტოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციიდან კი ირკვევა, რომ მას ტენდერი 60 968 შეფუთვაზე აქვს გამოცხადებული. ერთი შეფუთვა შოკოლადისა და ტკბილეულის საწყისი სავაჭრო ფასი კი 6 ლარია. საერთო ჯამში, შესყიდვის საწყისი სავაჭრო ფასი 365 808  ლარია.

საბავშვო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგების დაწყების თარიღი ცნობილია

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური