GE

„ვაპირებ ეკოლოგია და კომპიუტერული მეცნიერება შევათავსო” – ინტერვიუ ილიაუნის ეკოლოგიის მიმართულების სტუდენტთან

პროექტში CaBOL, რომელიც 2020 წელს დაიწყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინირებითა და გერმანიის განათლებისა და კვლევების სამინისტროს დაფინანსებით, საქართველოს, სომხეთისა და გერმანიის შვიდი კვლევითი დაწესებულებაა ჩართული.

ვაშლოვანის ექსპედიცია კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების (CaBOL) პროექტის ფარგლებში ჩატარდა. პროექტის მიზანია 3 წლის მანძილზე 50 000 განსხვავებული სახეობის ცხოველისა და მცენარის გენეტიკური აღწერა და კავკასიის მრავალფეროვნების გენეტიკური ბიბლიოთეკის შექმნა. პროექტში უდიდესი როლი სხვადასხვა საფეხურზე მყოფ სტუდენტებს უკავიათ.
უფრო ახლოს გაგაცნობთ მორიგ სტუდენტს, რომელიც პროექტის მონაწილეა:

ალისა სანაკოევი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ეკოლოგიის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტია.

– რატომ გადაწყვიტეთ ამ მიმართულებაზე სწავლა?

– ბავშვობიდან მიყვარდა ბუნება და ცხოველები. თანდათან ეს სიყვარული ინტერესში გადაიზარდა. პატარაობაში ვყოყმანობდი, ვეტერინარიისკენ ვიხრებოდი, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ ველური ბუნება, მისი შესწავლა და უშუალოდ ველზე მუშაობა ბევრად უფრო მაინტერესებს.

– რას ნიშნავს იყო ეკოლოგი და როგორია ეკოლოგის სტუდენტური ცხოვრება?

– ობიექტურად რომ ვთქვა, იყო ეკოლოგი, ნიშნავს სწავლობდე ბიომრავალფეროვნებას, მათ ურთიერთქმედებას ერთმანეთთან და თავის საარსებო გარემოსთან. მე, პირადად, მინდა, ისეთი უნიკალური მოვლენა, როგორიც სიცოცხლისა და ბიომრავალფეროვნების არსებობაა, მაქსიმალურად იქნეს შესწავლილი და განადგურებისგან დაცული. ეკოლოგიის მიმართულების სტუდენტის ცხოვრება ალბათ ისეთივეა, როგორიც ნებისმიერი სხვა ადამიანის, თუმცა შედარებით ხშირად გვიწევს ველზე გასვლა და კვლევა.

– როგორ მოხვდით კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების პროექტში (CaBOL)? რა მიზანს ისახავს ის და რატომ არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის? თქვენი აზრით, რას ნიშნავს კავკასიის მრავალფეროვნების გენეტიკური ბიბლიოთეკის შექმნა?

– სკოლიდანვე საკმაოდ აქტიურად ვერთვებოდი სხვადასხვა პროექტში. ბოლო კლასებში უკვე გადაწყვეტილი მქონდა ილიაუნიში ჩაბარება, ამიტომ ხშირად ვმონაწილეობდი უნივერსიტეტის აქტივობებში. ჩემი აბიტურიენტობისას დაიწყო CaBOL-ის საპილოტე პროექტი, რომელში მონაწილეობის შანსიც გამომიჩნდა. იქიდან მოყოლებული, ჩართული ვარ CaBOL-ში. კავკასიის რეგიონი ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთი ცხელი წერტილია, რაც ნიშნავს, რომ შედარებით მცირე ტერიტორიაზე მაღალია სახეობათა მრავალფეროვნება. ამასთან რეგიონი სუსტადაა შესწავლილი. CaBOL-ის მიზანია შეიქმნას კავკასიის ბიომრავალფეროვნების გენეტიკურ მონაცემთა ბაზა. გვეცოდინება კავკასიაში გავრცელებული ცოცხალი არსებების, იქნება ეს მცენარე, ცხოველი თუ სხვა, გენეტიკური კოდი. ამ პროექტის განხორციელების შედეგად, გარდა იმისა, რომ უამრავ ახალ ინფორმაციას გავიგებთ, თუნდაც იმაზე, რა სახეობები გვხვდება კავკასიაში, ბევრად გამარტივდება ბიომრავალფეროვნების მომავალი კვლევებიც.

– პროექტში კონკრეტულად რა როლს ასრულებთ, რა აღმოჩენები გააკეთეთ/რა აღწერეთ?

– ჩემი როლი პროექტში ცხოველების შეგროვება და იდენტიფიკაციაა. წინა ექსპედიციაში, მაგალითად, ვიპოვეთ საქართველოს უკიდურესი აღმოსავლეთისთვის ახალი სახეობის ობობა. უფრო დასავლეთით მისი პოვნის ყველაზე ახლო წერტილი აფხაზეთშია. თუმცა ობობები ჩემი სფერო არ არის, ამიტომ სახეობა დაადგინა მეგობარმა, რომელთან ერთადაც ის ვიპოვე. პროექტის დაწყებიდან ბევრი მსგავსი აღმოჩენა გავაკეთეთ.

– რას ნიშნავს თქვენთვის, ახალგაზრდა მკვლევრისთვის, ამ მასშტაბის პროექტში მონაწილეობა?

– ძალიან კარგი შანსია მივიღო როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება. გავიცანი არაერთი ქართველი და უცხოელი მკვლევარი, მათგან ბევრი ახალი ვისწავლე და კიდევ ვსწავლობ. შანსი მაქვს, მონაწილეობა მივიღო ასეთი მასშტაბური მონაცემთა ბაზის შექმნაში, რომელიც მომავალში მეცნიერებს საქმეს გაუმარტივებს.

– რა გეგმები გაქვთ? აპირებთ თუ არა სამეცნიერო კარიერის გაკეთებას?

– ჩემი გეგმები ზოგჯერ ცვალებადია, თუმცა არჩეული კვლევის ობიექტი (ქვეწარმავლები) და ის, რომ ჩემი რესურსის დიდ ნაწილს მეცნიერებას მოვახმარ, უცვლელი რჩება. კარიერასაც ამ მიმართულებით გავაგრძელებ, თუმცა მინდა შევუთავსო პროგრამირებაც. ანუ ვიხრები ბიოინფორმატიკისკენ, რომ სამუშაოს დიდი ნაწილი კომპიუტერმა აიღოს თავის თავზე, მკვლევრებს კი მეტი დრო დარჩებათ იმ საქმისთვის, რომელსაც ჯერჯერობით მხოლოდ ადამიანი გაართმევს თავს. ერთი სიტყვით, ვფიქრობ შევათავსო მეცნიერების ორი სხვადასხვა დარგი – ეკოლოგია და კომპიუტერული მეცნიერება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური