GE

„ველოდებით უნივერსიტეტების დაფინანსების სისტემის ცვლილებას“ – თსუ-ის რექტორი 2019 წელს აჯამებს

მიღწევები სამეცნიერო და უმაღლესი საგამანათლებლო პროგრამების კუთხით და საუკეთესო შედეგები კულტურის და სპორტის მიმართულებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში 2019 წელს უმაღლესი განათლების ჭრილში აჯამებს და 2020 წლის გეგმებზე საუბრობს.

-ბატონო გიორგი, პირველ რიგში როგორი იყო უშუალოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონკრეტული მიღწევები 2019 წელს?

-ბევრი მიღწევა იყო, რამოდენიმე სფერო არის, რომელიც ძალიან წარმატებული გახლდათ. წელს 40 000 – დან ყოველმა მეოთხე აბიტურიენტმა პირველი არჩევანი თსუ-ზე გააკეთა. თსუ-ის რიგებს 5000 სტუდენტი შეემატა, რომელთა ნახევარზე მეტი გრანტის მფლობელია. პირველკურსელების დასახვედრადაც წელს გამორჩეულად მოვემზადეთ, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, თბილისში ჩამოვიყვანეთ დეტროიტელი არტისტი, Kenny Larkin და საღამოს 8 000-ზე მეტი სტუდენტი დაესწრო. არანაკლებ საინტერესო ღონისძიებას ვგეგმავთ საახალწლოდ. თსუ-ს მოწვევით თბილისში დიჯეი და პროდიუსერი Terence Parker და Aleksandir Lawrence ჩამოდიან.

სტუდენტების საერთო რაოდენობიდან თსუ-ში 14% სწავლობს, ამ პროპორციის ფონზე კი რუსთაველის ფონდის სამეცნიერო გრანტების ჯამური ოდენობობის 50%-ის მიმღები სწორედ ჩვენი უნივერსიტეტია.

წელს საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატები პროფესორები რამაზ გახოკიძე და ზაალ კოკაია გახდნენ.

Elsevier-ის, Scopus-ის ბაზების მონაცემებით, თსუ-ის თანამშრომლების ავტორობით გამოქვეყნდა 503 პუბლიკაცია. ყველაზე მაღალრეიტინგულ „Nature“ ჯგუფის ორ ჟურნალში 2019 წელს თსუ-ის პროფესორის, დავით ლორთქიფანიძის ავტორობით ორი სტატია დაიბეჭდა, რომელიც პალეოანთროპოლოგიის სფეროში ახალ აღმოჩენებს ეძღვნებოდა.

წლევანდელი წელი თსუ-ის არქეოლოგების აღმოჩენებითაც გამორჩეული იყო: ექსპედიციამ, პროფესორ ვახტანგ ლიჩელის ხელმძღვანელობით, კუნძულ კვიპროსზე ნაეკლესიარი აღმოაჩინა. სვანეთში კი ექსპედიციამ პროფესორ ზვიად კვიციანთან ერთად ნამოსახლარი აღმოაჩინა.

2019 წელს თსუ-ში გაიხსნა ევროპული აკადემიის რეგიონული ცენტრი. ეს პირველი ცენტრია ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში, რომელიც ქართველ მეცნიერებსა და სტუდენტებს ახალ სამეცნიერო შესაძლებლობებს უხსნის.

თსუ-ში დღეისათვის 250-ზე მეტი (ეროვნული და საერთაშორისო) ფუნდამენტური და გამოყენებითი მიმართულების კვლევითი პროექტი ხორციელდება.

თსუ კვლავ ინარჩუნებს პირველობას და მეოთხე წელია ერთადერთი ქართული უნივერსიტეტია თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაში (Times Higher Education World University Rankings). 2020 წლის გამოცემაში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო 1396 უნივერსიტეტს შორისაა.

უნივერსიტეტის ყველაზე ძლიერი მხარე მისი ინტერნაციონალიზაციაა. თსუ ყოველწლიურად აძლიერებს საერთაშორისო კავშირებს. 2019 წლის ბოლოს პარტნიორი უნივერსიტეტების რიცხვმა 250-გადააჭარბა, ერასმუს+ საერთაშორისო მობილობის კუთხით კი თსუ რეგიონში ლიდერი უნივერსიტეტია. მიმდინარე წელს თსუ-ს მონაწილეობით ევროკავშირმა მობილობის 65 ახალი პროექტი დააფინანსა და ერაზმუს პლუსის პროექტების რაოდენობა 248 გახდა; 2019-2020 წლის მხოლოდ შემოდგომის სემესტრში თსუ-ს 142-მა სტუდენტმა მიიღო გრანტი საზღვარგარეთ სასწავლებლად; სანაცვლოდ, შემოდგომის სემესტრში ჩვენ ვმაპინძლობთ 44 სტუდენტს და 36 უცხოელ პროფესორს 12 ქვეყნიდან.

დასრულდა თსუ-ის II კორპუსის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი; სამუშაოების დასრულების შემდეგ, შენობა ყველა საერთაშორისო სტანდარტს დააკმაყოფილებს; საჭიროებების შესაბამისად გარემონტდა არაერთი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სივრცე; რეაბილიტაცია ჩაუტარდა ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის შენობას; პროფესიული სწავლების ცენტრის ქუთაისის ფილიალს; გარემონტდა მაღლივი კოპრუსის ფოიე. ბიბლიოთეკის შენობაში გარემონტდა საგამოცდო ცენტრის ფართები, სამკითხველო დარბაზები.

თსუ-ის პირველი კოპრუსის ეზოში გაიხსნა „ჩაის სახლი“, რომელსაც დიდი ხანი ელოდნენ სტუდენტები. რამდენიმე დღის წინ გაიხსნა მაღლივ კოპრუსში კაფეტერია და ძალიან მალე ბიოლოგების კორპუსშიც გაიხსნება კვების ობიექტი.

უნივერსიტეტის კალათბურთისა და ფუტსალის გუნდებმა კვლავ დიდი წარმატებით იასპარეზეს. თსუ კალათბურთის გუნდმა სუპერლიგის პირველი წრის 10 მატჩიდან 8 მოგებით დაასრულა და ამ დროისთვის პირველ ადგილს იკავებს. თსუ კაპელა კი საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული გახდა. მთლიანობაში 2019 წელს 350-ზე მეტი კულტურული და სპორტული ღონისძიება ჩატარდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული კლუბი „93-ე აუდიტორია“ აღდგა. კლუბის წევრები ალმანახის „პირველი სხივი“ გამოცემასაც გეგმავენ.

-ბატონო გიორგი, თსუ-მა უკვე გამოაცხადა მიღება საერთაშორისოდ აკრედიტებულ პროგრამებზე, რაც ასევე წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა, რა უპირატესობა ექნებათ ამ პროგრამების კურსდამთავრებულებს?

ჩვენს რეგიონში პირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორი საბაკალავრო პროგრამა ABET-ის აკრედიტაციას მიიღებს. ეს თსუ-ის კიდევ ერთი დიდი აღიარებაა საერთაშორისო მასშტაბით და იმ ადამიანების დიდი შრომის შედეგი, რომლებიც აღნიშნული პროგრამების განხორციელებაში არიან ჩართულნი. შედეგად, საქართველო იქნება მსოფლიოში 33-ე ქვეყანა, სადაც სტუდენტები მომავალი სასწავლო წლიდან შეძლებენ ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის და კომპიუტერული მეცნიერებების აკრედიტებულ პროგრამებზე სწავლას.

2019 წელი კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ამბით დაგვირგვინდა: საქართველო გახდა 24-ქვეყანა, სადაც ამერიკის ქიმიური საზოგადოების (ACS) საერთაშორისო წარმომადგენლობა გაიხსნა, რომელიც თსუ-ში განთავსდება. შედეგად, 2020-2021 სასწავლო წელს თსუ მიღებას ACS-ის მიერ სერტიფიცირებულ ქიმიის პროგრამაზეც გამოაცხადებს. აღსანიშნავია, რომ ამავე წელს ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის მხარდაჭერით, აკრედიტაცია გაიარა თსუ-სა და ლიონ2-ის ერთობლივმა სამაგისტრო პროგრამამ ტურიზმის მიმართულებით.

სტუდენტები, ვინც გაივლიან სწავლებას ამ პროგრამებზე, მიიღებენ ამერიკულ კვალიფიკაციას. ადგილების რაოდენობა ლიმიტირებული არ არის, ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ თითო მიმართულებაზე მივიღოთ ასამდე სტუდენტი. ხშირად მეკითხებიან რას ნიშნავს ABET აკრედიტაცია, ABET არის ამერიკის ინჟინრების და ტექნოლოგების ასოციაცია, რომელიც არის მსოფლიოში ძალიან მკაცრი სააკრედიტაციო ორგანო. მისი აკრედიტაციის მიღება არის ძალიან რთული და მრავალწლიანი პროცესი, უყურებენ ყველაფერს: ინფრასტრუქტურას, ლაბორატორიების აღჭურვილობას, სტუდენტების მომზადების დონეს, გამოშვებას, ვინ ასწავლის და როგორ ასწავლის. როგორც წესი ეს არის ხუთწლიანი პროცესი, თუმცაღა ჩვენ შევძელით და სამ წელიწადში გავიარეთ. წინათგრძნობა მაქვს, რომ წლის ბოლოს ვიქნებით პირველი უნივერსიტეტი ABET -ის ისტორიაში, რომელიც მიიღებს 6 წლიან უპირობო აკრედიტაციას. იგივე გზა აქვს გასავლელი ილიაუნს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ჩვენ უკვე გვაქვს უნიკალური გამოცდილება ABET- ის ექსპერტებთან მუშაობის და დავეხმარებით, რომ გავუზიაროთ.

-რაც შეეხება ზოგადად უმაღლესი განათლების წინსვლას ქვეყანაში, გვესაუბრეთ საკანონმდებლო ან სხვა ნაბიჯების შესახებ, რომელიც გადაიდგა ამ წლის მანძილზე უმაღლესი განათლების განვითარებისთვის სახელმწიფოსგან ან არ გადაიდგა და იყო მოლოდინი..

-ჩვენთვის ყველაზე დიდი ამბავი საკონმდებლო მიმართულებით არის ის, რომ მარტში ძალაში შევიდა საკონსტიტუციო ცვლილებები, საქართველოს კონსტიტუციის 27-მუხლში, რომლის თანახმადაც უმაღლესი სასწავლებლები საქართველოში არის სრულად ავტონომიური. ამ ცვლილების ინიციატორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო.  ჩვენი კონსტიტუცია განათლების მიმართულებით სამაგალითოა მთელს ევროპაში, ძალიან ცოტა ქვეყანაა, რომელსაც ორივე პარამეტრი აქვს დაფიქსირებული, ერთი არის უნივერსიტეტების აკადემიური თავისუფლება და მეორე – ინსტიტუციური ავტონომია, ეს ორივე გათვალისწინებულია ჩვენს კონსტიტუციაში.

ზოგადად, უამრავი ცვლილება შევიდა კანონმდებლობაში, რომელიც საინტერესოა თავისთავად, რაც მთავარია, ველოდებით უნივერსიტეტების დაფინანსების სისტემის ცვლილებას.

-2019 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება იყო ეროვნული გამოცდების ახალი მოდელის ჩამოყალიბება, ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენ განსხვავებული შეხედულებები გაქვთ, იქნება თუ არა ცვლილებები? რა დაპირება აქვს სამინისტროს?

-ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ გვქონდა ჩვენი მოსაზრება, რომელიც დავაფიქსირეთ. მაშინაც შევატყობინეთ განათლების სამინისიტროს წერილობით და ახლაც. იმედია, რომ გაითვალისწინებენ ჩვენს თხოვნას და პოზიციას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ გამოცდების მოდელში საბუნებისმეტყველო ციკლი საერთოდ გამოგვრჩა. ჩვენი წინადადება იყო, ვთქვათ, რომ აბიტურიენტს არჩევანი მივცეთ, თუ უნდა ჩაბარება მათემატიკით, ჩააბაროს მათემატიკით, თუ დავუშვათ ფიზიკაზე აბარებს და ურჩევნია ფიზიკის ჩაბარება, ჩააბაროს ფიზიკით. იგივე ქიმიის ფაკულტეტზე შეეძლოს მათემატიკით ჩაბარება ან ქიმიით, გეოგრაფიაზე – მათემატიკით ან გეოგრაფიით და ა.შ. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პოზიცია, ჩვენ ჩავატარეთ შეხვედრა, გვაქვს საინტერესო ფორმატი, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია, სადაც უნივერსიტეტებმა დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები. ჩვენი პოზიცია მივაწოდეთ სამინისტროს და იმედი გვაქვს, რომ დადებითად გადაწყდება.

როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი უნივერსიტეტის ადგილი და როლი ქართული უმაღლესი განათლების ჭრილში 2019 წელს და მოლოდინები 2020 წლისგან?

-თსუ უნიკალურია დღიდან დაარსებისა იმიტომ, რომ ის არ არის მხოლოდ ქართული ფენომენი. მართალია, ის შეიქმნა როგორც ქართული უნივერსიტეტი, თუმცა იმ პერიოდში რეგიონში არ არსებობდა სხვა უნივერსიტეტი. მაგალითად თსუ-ის დაარსებიდან ერთ წელიწადში შეიქმნა ბაქოს უნივერსიტეტი.  თსუ  ლიდერის ფუნქციას ინარჩუნებს დღესაც და  იმედია, რომ ასე გაგრძელდება. მეოთხე წელიწადია თსუ არის ერთდერთი უნივერსიტეტი, რომელიც წარმოდგენილია საერთაშორისო რანჟირების სისტემებში მთელი რეგიონიდან. ჩვენ გვინდა, რომ ერთადერთები არ ვიყოთ. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, საერთაშორისო ასპარეზზე უნდა გამოჩნდეს ბევრი ქართული უმაღლესი სკოლა. სხვანაირად ინტერნაციონალიზაცია ძალიან რთული მისაღწევი იქნება, ამდენად, ეს არის ჩვენი ფუნქციაც და ჩვენი ხედვაც. შევინარჩუნებთ პოზიციებს და დავეხმარებით სხვა უმაღლეს სკოლებს რომ გაიარონ ეს გზა.

-რა არის უნივერსიტეტის 2020 წლის გეგმები და პროგრამა მაქსიმუმი, რომელიც უნივერსიტეტმა უნდა შეასრულოს მომავალ წელს და როგორია თქვენი სურვილები ქართული უმაღლესი განათლების გაჯანსაღებისთვის; რაში ხედავთ სახელმწიფოს ჩართულობას, საით უნდა მიემართოს მათი ყურადღება.

-ძალიან გვინდა, რომ დასრულდეს უნივერსიტეტის მეორე კორპუსის რესტავრაცია და კიდევ ერთი ადგილი შეიქმნას, სადაც იქნება თანამედროვე სწავლების სივრცე. ბევრი პროექტები გვაქვს დაწყებული, მათ შორის ვიწყებთ 3000 ადგილიანი სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მშენებლობას, რომელიც თსუ-ის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. ახლო მომავალში, სტუდენტური კამპუსი იქნება უნიკალური სივრცე, რომელიც მთლიანად შეცვლის იქაური დასახლების იერ-სახეს და გვექნება თანამდროვე და ყველაზე დიდი საერთო სტუდენტური საცხოვრებელი კავკასიაში. ასევე ძალიან დიდი პროექტია ხიდი, რომელიც დააკავშირებს ბაგებს საბურთალოსთან.

სახელმწიფო გვეხმარება იმაში, რომ გვაფინანსებს – თანხები მეორე კორპუსის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფოს მიერაა გამოყოფილი. დანარჩენს რაც შეეხება, დაველოდებით ფინანსურ მოდელს და იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში გვექნება. მანამდე კი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში უკვე აისახა ხელფასების მოწესრიგებისთვის გადადგმული პირველი ნაბიჯები, რაც გულისხმობს თანამშრომელთათვის შრომის ანაზღაურების ზრდას. უნივერსიტეტის შიდა რესურსის ფარგლებში აკადემიურ პერსონალს მარტიდან, ხოლო ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს სექტემბრიდან მოემატება ანაზღაურება. სახელმწიფოს მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების ახალი მოდელის ამოქმედების პირობებში ანაზღაურება კვლავ გაიზრდება.

რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამებს, ძალიან ბევრი ცვლილება იგეგმება ყველა მიმართულებით. უამრავი ცვლილება იქნება, რაც შიდა პოლიტიკას შეეხება, რაც იდეაში გამოიწვევს იმას, რომ ხილვადობა გაიზარდოს ჩვენი მეცნიერების და უნივერსიტეტის, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ დონეზე და ამას ძალიან სწრაფად დაინახავს მთელი საზოგადოება.

ესაუბრა თამთა ვირსალაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური