GE

„ვიზიარებთ, ძალიან მტკივნეულია“ – განათლების სამინისტროს პასუხი პირველკლასელების მშობლებს

6-თვიანი მოლოდინის მიუხედავად, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლება 15 სექტემბრიდან მაინც ვერ ხერხდება. ყველაზე დიდი გაღიზიანება განათლების სამინისტროსადმი პირველკლასელთა მშობლებს აქვთ. მათთვის გაუგებარია თუნდაც ონლაინ სწავლების უზრუნველყოფის შემთხვევაში, როგორ უნდა შეიცნოს ბავშვმა სკოლა, ან გაითავისოს მოსწავლის ვალდებულებები, უნარ–ჩვევები და სხვა.

ამის შესახებ დასმულ კითხვას კი, განათლების მინისტრის მოადგილე პასუხობს და ამბობს, რომ ეს მტკივნეულია.

„გულწრფელი მოლოდინი გვქონდა, რომ 15 სექტემბერს სკოლის კარებს გავხსნიდით და ყველა მოსწავლე წავიდოდა სკოლაში. გაზაფხულზე, როდესაც პანდემია დაიყო და ჩვენ დისტანციურ სწავლაზე გადავედით, თუნდაც 1-ელ, მე-2, მე-3, მე-4 კლასებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ აღექვათ რა არის საკლასო ოთახში გაკვეთილის ჩატარება, რა არის სკოლა და რას წარმოადგენს. ახლა კიდევ უფრო სერიოზული გამოწვევის წინაშე დგანან და აბსოლუტურად ვიზიარებთ, ეს არის ძალიან მტკივნეული, ჩვენც ძალიან სერიოზულად განვიცდით ამ პროცესებს. ყველას აქვს გააზრებული რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის ადაპტაცია მოხდეს სოციუმში, საკლასო ოთახში, ათასნაირი უნარი უნდა შეიძინონ ამ მოსწავლეებმა. დავიცვათ წესები, რომ ჩვენი შვილები 1-ელ ოქტომბერს წავიდნენ სკოლაში და ეს არის ჩვენი, განათლების სამინისტროს თხოვნა და ასევე ჩვენი რეკომენდაციაა, მუდმივად რაზეც ვსაუბრობდით, თუ სკოლა დისტანციური სწავლებაზე გადავა, შერეულ პრინციპზე, მაინც სავალდებულოდ იყო განსაზღვრული I-IV ჩათვლით კლასის მოსწავლეების სკოლაში სიარული, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

მისივე მტკიცებით, არასწორია, როდესაც ისმის კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ განათლების სამინისტრო ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოუმზადებელი შეხვდა.

„ძალიან ბევრ აზრს ვისმენთ, რომ განათლების სამინისტრო არ იყო მზად სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაეწყო, მაგრამ ეს ასე არ არის. როდესაც არის ჰიგიენა-სანიტარიაზე საუბარი, ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შევიმუშავეთ პროტოკოლი, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს სკოლა, იმისთვის რომ სასწავლო წელი დაიწყოს. ბიუჯეტიდან სახელმწიფოს მიერ დიდი თანხა დაიხარჯა იმისთვის, რომ სკოლებს ყველა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინათ. მე გამიჭირდება ვთქვა, რომ ასივე პროცენტი სკოლების იდეალურ მდგომარეობაშია, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ რომ 80 პროცენტი მაინც აკმაყოფილებს. ყველა სკოლა ეტაპობრივად გაკონტროლდება, როგორც კერძო ასევე საჯარო სკოლებისთვის არის ერთნაირი პროტოკოლი და წესები ყველამ უნდა დაიცვას“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

დისტანციური სწავლების სასკოლო სასწავლო გეგმა დამტკიცდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური