GE

წერა-კითხვის დაუფლება ადრეულ ასაკში – სწავლის ხელშეშლა თუ წახალისება

ბევრი მშობელი მიიჩნევს, რომ ბავშვმა წერა-კითხვა ადრეული ასაკიდან უნდა ისწავლოს. მიიჩნევს და ცდილობს შვილს ეს უნარი პატარაობიდანვე განუვითაროს. ზოგი ამას ძალდატანებით აღწევს, ზოგი კი ნელ-ნელა, მიზანმიმართულად ორიენტირებული ხდება მისმა შვილმა წერა და შესაბამისად, კითხვა დროულად ისწავლოს. არადა, ეს 6 წლის ასაკიდან, სკოლაში შესვლისთანავე, პირველ კლასში ისწავლება. ფსიქოლოგებისა და ფილოლოგების აზრით, სწორედ ეს ასაკია შესაბამისი, ბავშვი წერა-კითხვას რომ დაეუფლოს და დაეუფლოს რაც მთავარია სწორად, სწორი აქცენტებით, ასო-ბგერების მოყვანილობის სწორად მინიშნებითა და სწორი ქვეტექსტებით. ფსიქოლოგების აზრით, შესაძლოა, ნაადრევი სწავლების მეთოდმა უარყოფითი შედეგები გამოიღოს  და პრობლემები შეუქმნას ბავშვის ფსიქო-მოტორულ განვითარებას.

ფილოლოგი, პირველი კლასიკური გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაკა სახურია მიიჩნევს, რომ ბავშვს წერა-კითხვა პედაგოგმა შესაბამისი კონტექსტებითა და ასოების მოხაზულობის ახსნით უნდა ასწავლოს სკოლის ასაკში და არა ვინმე სხვამ არასწორი მეთოდებით, ნაადრევად.

„სკოლამდელ ასაკში წერა-კითხვის შესწავლა არ უნდა იყოს რეკომენდირებული. ბავშვმა ამ უნარების დაუფლება პირველ კლასში პედაგოგის მეთვალყურეობით უნდა დაიწყოს. ხშირად, მშობელს ჰგონია, რომ ასოების მოხაზულობის შესწავლა ბავშვს მარტივად შეუძლია და თუ სკოლაში უკვე წერა-კითხვის მცოდნე მივა, წინ წასწევს მას სწავლაში. პირიქით, უარყოფით შედეგს იძლევა. მთელი პირველი კლასი ანბანის შესწავლასა და წერისა და კითხვის უნარების დასწავლას ეძღვნება, რაც წერა-კითხვის მცოდნე ბავშვისთვის უკვე მოსაწყენია. ის მთლიანად ეთიშება სასწავლო პროცესს. მეორე უარყოფითი მხარეა ის, რომ მშობელი  არაპროფესიონალურად ასწავლის წერა-კითხვას. შესაძლოა, ასოს სწორად დაწერა ასწავლოს, მაგრამ ასოს გრაფიკული მოხაზულობის გამოყვანას, მასთან მიბმულ სხვა კონტექსტები აუცილებლად მასწავლებელმა უნდა მიაწოდოს ბავშვს, პროფესიონალის დონეზე. ამას მოსწავლე ეთიშება, მაშინ, როცა მან უკვე იცის წერა-კითხვა. მისთვის ეს საინტერესო აღარაა,“ –  უთხრა EDU.ARIS.GE-ის მაკა სახურიამ.

იმავეს ამბობს პირველი კლასიკური გიმნაზიის დაწყებითი კლასის პედაგოგი ხათუნა ბაჯელიძე. მისი თქმით, ბავშვებმა, რომლებმაც წერა და კითხვა ბაღის ასაკში უკვე იციან, პირველ კლასში სწავლის ინტერესი ეკარგებათ.

„მნიშვნელოვანია, ბავშვს სკოლაში მოსვლამდე ჰქონდეს სივრცის აღქმის უნარი, ვიდრე ის, რომ იცოდეს რომელი ასო როგორ იწერება. ამ ბოლო წლებში, ეს უნარები უფრო ნაკლებად აქვთ, სამაგიეროდ იციან წერა-კითხვა. უპირველესად, მნიშვნელოვანია, ბავშვმა იცოდეს მარჯვენა, მარცხენა, ზემოთ, ქვემოთ, პირველი გვერდი, შემდეგი გვერდი, დიდი ფიგურა, პატარა ფიგურა, ვიდრე კონკრეტული ასო-ბგერები. ასეთი ბავშვი საგაკვეთილო პროცესში ნაკლებადაა ჩართული. ხშირად მომისმენია ასეთი მოსწავლისგან რეპლიკა, განსაკუთრებით, პირველი კლასის პირველ სემესტრში, რომ ის სკოლაში ახალს ვერაფერს სწავლობს. აქვს გარკვეული მოლოდინი, ელოდება სიახლეს და გამოდის რომ აბრუნებენ უკან. იმედგაცრუებული რჩება. ჩემი რეკომენდაციით, მშობლებმა სკოლამდელ ასაკში სასურველია თავი შეიკავონ ამგვარი სწავლებისგან და სხვა უნარები გამოუმუშავონ. თუნდაც  ისტრუქციის სწორად გაგების უნარი,“ – უთხრა EDU.ARIS.GE-ის ხათუნა ბაჯელიძემ.

თამუნა დიასამიძე 6 წლის ნიტას დედაა. ნიტა სკოლაში სექტემერში მიდის. უკვე მეორე წელია მან ანბანი და  მინიმალური არითმეტიკა იცის. ქუჩაში ბილბორდებზე ნელა, თუმცა წარმატებით კითხულობს წარწერებს. თამუნა ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს, პირიქით, მიაჩნია, რომ მისი შვილი მარტივად ეუფლება ამ უნარებს და ამის გამო, არც პირველ კლასში შეექმნება პრობლემა.

ბავშვთა ფსიქოლოგები კი ფიქრობენ, რომ წერა-კითვის უნარის ჩამოყალიბებამდე აუცილებელია წინააკადემიურ უნარებზე მუშაობა, რომლებიც ქმნის ბაზისს, რაზეც დაშენდება სხვა, უფრო კომპლექსური უნარები. ამისთვის მნიშვნელოვანია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ადეკვატური ხედვა ჩამოყალიბდეს ბავშვის სასკოლო მზაობასთან და წინააკადემიური უნარების მნიშვნელოვნებასთან დაკავშირებით. თამაშ-თამაშით და სხვადასხვა აქტივობით სწორედ წინასასკოლო უნარების განვითარებაზე წარიმართოს მუშაობა.

როგორც ფსიქოლოგი ლიკა ბუწაშვილი EDU.ARIS.GE-ისთან საუბრისას ამბობს, წერა-კითხვის უნარი უნდა ჩამოყალიბდეს სასკოლო ასაკში, როდესაც ბავშვი ბიოლოგიურადაც მზადაა და ბაზისური წინასასკოლო უნარებიც ჩამოყალიბებული აქვს.

„იმისათვის, რათა წერის უნარი ჩამოყალიბდეს, ბავშვი უნდა ახერხებდეს სიმბოლოსა და მისი სამეტყველო შესატყვისის დაკავშირებას, სიმბოლოს ვიზუალური ხატის და ამ სიმბოლოს ფონოლოგიური შესატყვისის მეხსიერების საცავში შენახვას,  მის აღდგენას და შემდეგ ფურცელზე გადმოტანას, რაშიც წვლილი შეაქვს წვრილ მოტორიკას და ვიზუალურ-მოტორულ კოორდინაციას. ნებელობითი სფეროს სიმწიფე კი ბავშვს საშუალებას აძლევს დროის კონკრეტულ მონაკვეთში დაკავდეს მიზანმიმართული აქტივობით. კიდევ სხვა მრავალი ფუნქციაა, რომლებიც დაკავშირებულია წერა-კითხვის უნარის ჩამოყალიბებასთან. ასევე, სკოლამდელ ასაკში შესაძლებელია მეორე ენის დაუფლება თუკი მეტყველების ფუნქცია ბავშვთან ადეკვატურად ვითარდება. თუმცა, არსებობს რიგი კვლევები, რომელთა მიხედვით, მოზარდობის ასაკშიც მსგავსი წარმატებით ხდება მეორე ენის დაუფლება. განსაკუთრებით სკოლამდელ ასაკში საჭიროა მეტყველების დაუფლება ნამდვილი, ყოფითი ურთიერთობების ფარგლებში მოხდეს და არა ეკრანიდან. დღეისთვის ხშირია შემთხვევა, როდესაც ბავშვი ეუფლება მეორე ენას ეკრანიდან. თუმცა, ამ შემთხვევაში მეტყველება არაა მოქნილი და მის ზოგად კოგნიტურ და ფსიქო-ემოციურ განვითარებას ზიანი ადგება ეკრანთან გატარებული საათების გამო,“ – ამბობს ბუწაშვილი.

მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები ნაადრევი სწავლებისგან თავის შეკავებას კი რიგი მიზეზების გამოგვირჩევენ:

  • 2-3 წლის ასაკში ბავშვებისთვის წერისა და კითხვის სწავლას ჯობს მათ ზღაპრები წაუკითხოთ, გაახმოვანოთ პერსონაჟები ინტონაციებით და აქცენტი ფერად წიგნებზე გააკეთოთ.
  • ეს არის ზედმეტი ინფორმაცია, რომლის გადახარშვასაც ადამიანის ტვინი ვერ ახერხებს. ბავშვს 2, 3 ან თუნდაც 4 წლის ასაკში აქვს შესაძლებლობების ფართო სპექტრი. მას აქვს უნარი შეიცნოს სამყარო განსხვავებულად, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მან კითხვა უნდა შეძლოს. ესაა არის ფანტასტიკური ასაკი, რათა გაამრავალფეროვნოთ თქვენი შვილების ლექსიკონი, ატაროთ ის გასართობ ღონისძიებებზე, ხელი შეუწყოთ ფიზიკურ აქტივობას და ჯანსაღი ცხოვრების წესს.
  • ბავშვის ტვინი ჯერ არაა მზად დიდი ოდენობით ინფორმაციის მისაღებად. ფსიქოლოგთა აზრით, წერა-კითხვისთვის პატარა მზადაა 6 წლის ასაკში. ცნობილია, რომ მათემატიკის ნაადრევად სწავლა მოქმედებს ბავშვის ნერვულ სისტემაზე. ამან შესაძლოა ბავშვებში ენაბორძიკობის სინდრომიც კი განავითაროს.
  • წერა-კითხვის ნაადრევი სწავლება ასევე ხელს უშლის მეტყეველების განვითარებას.
  • წერა-კითხვის სწავლებამ ადრეულ ასაკში შესაძლოა ხელი შეუშალოს ბავშვის უნარების განვითარებას სხვადასხვა სფეროში. ეს არის ძირითადად მუსიკალური, შემოქმედებითი, ემოციური სფეროები. ამას კი შესაძლოა მოჰყვეს სენსორული და მოტორული ფუნქციების მოშლა, გამოიწვიოს აგრესიულობა და ქცევითი დარღვევები.

 მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური