GE

წერილი განათლების მინისტრს: „მაღალმთიან სკოლებში მასწავლებლებს კანონით დადგენილზე ნაკლებ დანამატს აძლევენ“

2016 წლის 1 სექტემბრიდან მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებს დანამატი ეძლევათ. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ეს დანამატი მასწავლებლის საბაზო თანამდებობრივი სარგოს 35 პროცენტზე ნაკლები არ უნდა იყოს.

“მასწავლებლის საბაზო თანამდებობრივი სარგო  2016 წლის 18 აპრილიდან 405 ლარია, შესაბამისად, მაღალმთიან სკოლაში მომუშავე ყველა მასწავლებელმა 142 ლარზე ნაკლები დანამატი არ უნდა მიიღოს“, – განმარტავს ორგანიზაცია, რომელმაც შეისწავლა მაღალმთიან სკოლებში მომუშავე მასწავლებლებისათვის დანამატის გაცემის მდგომარეობა და აღმოაჩინა, რომ მათ დიდ ნაწილს 142 ლარზე ნაკლებ დანამატს აძლევენ.

„განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ 2016 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებით დაადგინა, რომ 142 ლარიანი დანამატი მასწავლებლებმა უნდა მიიღონ მხოლოდ სრული დატვირთვის შემთხვევაში, ხოლო თუ მათი დატვირთვა დადგენილ განაკვეთზე ნაკლებია, დანამატსაც პროპორციულად უმცირებენ. მასწავლებლებისთვის დანამატის არასრულად გაცემის გზით სახელმწიფომ ბიუჯეტში 2018 წელს 7 მილიონ 485 ათასი ლარი დაიტოვა”,  – აცხადებენ ორგანიზაცია “მწვანე კავკასიაში”.

ისინი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს ვრცელი წერილით მიმართავენ და ითხოვენ, რომ  მინისტრის ბრძანების ნორმა, რომელიც მაღალმთიან დასახლებებში მდებარე საჯარო სკოლებში  მომუშავე მასწავლებლების დანამატს ეხება, კანონთან შესაბამისობაში იქნას მოყვანილი.

“ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისათვის კანონმა დაადგინა დანამატის მინიმალური ოდენობა, რომელიც საბაზო თანამდებობრივი სარგოს ოდენობიდან იანგარიშება და უნდა ეძლეოდეს ყველა მასწავლებელს, მისი საათობრივი დატვირთვის მიუხედავად. ამ მოსაზრების დამადასტურებელი არგუმენტების შემცველი წერილი ორგანიზაციამ my.gov.ge საიტის მეშვეობით მინისტრ ბატიაშვილს დღეს გაუგზავნა”, – აცხადებენ არასამთავრობო  ორგანიზაციაში.

მაღალმთიან რეგიონებში მომუშავე პედაგოგების დანამატი შესაძლოა, 405 ლარით გაიზარდოს

წერილი მიხეილ ბატიაშვილს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური