GE

წილხვდომილობის ლექციებზე პედაგოგების იძულებით მიყვანა არ ხდება – მინისტრის მოადგილე

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ, დღეს კომენტარი გააკეთა წილხვდომილობის ლექციებზე პედაგოგების დასწრებასთან დაკავშირებით. მისი ინფორმაციით, ღონისძიებებზე იძულებით არავის მიყვანა არ ხდება.

სხვადსხვა საინფორმაციო საშუალებებში და სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პედაგოგები ქრისტიანული თემატიკის ლექციებზე დაჰყავთ, მათ შორის ერთ-ერთი მასწავლებელი სოციალურ ქსელში წერდა, რომ მან მსგავსი შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა, რადგან თემის შესახებ წინასწარ სულ სხვა ინფორმაცია ჰქონდა.

„ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ როგორც ვიცი, შექმნილია სპეციალური კომისია წილხვდომილობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ის ღონისძიებები, რომელიც დაგეგმილია აღნიშნული თემის ფარგლებში, ცნობილია ყველა დაინტერესებული მხარისთვის, იძულებით მიყვანა არავისი არ ხდება”, – განაცხადა ირინა აბულაძემ.

გთავაზობთ ორ ამონარიდს, სადაც მასწავლებლები სხვადასხვა რეგიონიდან ამ ლექციების შესახებ წერენ:

ირინა ძირკვაძე: “ინფორმაცია მოვიდა გუშინ ჩვენსას, მინისტრი გიბარებთ ქართულის ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებსო…

ავფორიაქდი… მასწავლებლის სტატუსით პირველად უნდა წავსულიყავი მსგავს შეხვედრაზე… დილაუთენია გავიღვიძე, ჩემი საყვარელი კაბა ჩავიცვი და თმისაკეთიც განსაკუთრებული შევარჩიე…

ჩამოვედით რუსთავში და შევიყუჟეთ ერთ პატარა ოთახში რეგიონიდან ჩამოსული მასწავლებლები…

საათნახევარზე მეტი ვუსმინეთ ლექციას, რომლის მთავარი არსიც იყო, რომ ჩვენ მასწავლებლებმა ნამდვილი ქრისტიანი და ეკლესიაში მოსიარულე ადამიანები უნდა აღვზარდოთ…აუცილებლად უნდა ვეზიაროთ და ღვთის შიშით ვიცხოვროთ… თურმე ერთადერთი ჭეშმარიტი გზა მართმადიდებლობაა და სხვა რელიგიის აღმსარებლები ჯოჯოხეთში მოვხვდებით… რახან ლოცვით არ ვიწყებთ და არ ვასრულებთ გაკვეთილს, მაგიტომ ვართ ზნეობრივად და მორალურად დაცემული ახალგაზრდობა…

სხვათაშორის, იქ დამსწრე მასწავლებლეთა ნაწილი ქართველი მუსლიმები ვიყავით…

იმედი მაქვს, შეცდომით მოვიდა ინფორმაცია და განათლების მინისტრის ბრძანება არ ყოფილა…

და მაინც, ძვირფასო განათლების სამინისტროს წარმომადგენლებო, თუ გინდათ რეგიონიდან ჩამოგვიყვანოთ და ლექციას დაგვასწროთ იქნებ ნამდვილ მეცნიერებს შეგვახვედროთ მზექალა შანიძეს, დამანა მელიქიშვილს, ელგუჯა ხინთიბიძეს და სხვა მრავალს… თორემ მსგავს ლექციას მუსლიმური თვალთახედვით 88 წლის ბებიაჩემიც მიტარებს…”

სანათა ოჩიაური: “დღეს წალკის რაიონიდან წამოგვიყვანეს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები, თუმცა არავის აუხსნია, რისთვის მოვყავდით, პასუხი მხოლოდ ერთი იყო – ,,სამინისტროს დავალებაა” ჩვენ 100 კილომეტრი გამოვიარეთ წალკიდან რუსთავამდე მხოლოდ იმისთვის, ვინმე აკაკი მინდიაშვილს წაეკითხა ქრისტიანობისა და სახარების არსზე ლექცია, რომელიც არ ყოფილა ინტერაქტიური, ჩვენ მხოლოდ მორჩილად სმენის უფლება გვქონდა, აზრი არავის უკითხავს ჩვენთვის. ასე მორჩილად უსმენდა ლექციას იმის თაობაზე, რომ ქრისტიანობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა პედაგოგების ის 80 %, რომელიც მუსულმანური აღმსარებლობისაა. მე არ ვარ მუსლიმი, მაგრამ აღშფოთება ვერ დავფარე და პროტესტის ნიშნად დარბაზი დავტოვე.

განათლების სამინისტროს ვთხოვ, ამიხსნას, რატომ იყო სავალდებულო და აუცილებელი, რომ 100 კილომეტრი გამოგვევლო იმისთვის, რათა ვიღაც თეოლოგისთვის გვესმინა, მისი წიგნების პრეზენტაციას დავსწრებოდით და სკოლაში 5 გაკვეთილი გამეცდინა ბავშვებისთვის? რა კავშირი ჰქონდა ამას განათლებასთან? ამასთანავე არცერთმა მასწავლებელმა არ ვიცოდით, რისთვის მოვდიოდით, რაც, ჩემი აზრით, ეთიკის ნორმების უხეში დარღვევაა განათლების სამინისტროს მხრიდან”.

EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები პედაგოგებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ეწყობა და ძირითადად, პედაგოგებს არ აქვთ სწორი ინფორმაცია შეხვედრის შინაარსის შესახებ.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური