GE

„წინსვლა თუ უნდა ჩვენს სახელმწიფოს, სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება უნდა გააძლიეროს!“

გასულ კვირას განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გეოგრაფების მიმართვა გავრცელდა. მიმართვის ადრესატები იყვნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილი ბატიაშვილი. გეოგრაფების გარდა მიმართვას ხელს სხვა საგნების მასწავლებლები და პროფესორებიც აწერდნენ. ისინი ქვეყნისთვის საბუნებისმეტყველო საგნების მნიშვნელობაზე საუბრობდნენ.

„მაშინ, როდესაც, მსოფლიოში სულ უფრო დიდი ყურადღება ექცევა თანამედროვე ტექნოლოგიებს, გარემოსდაცვითი საკითხების შეტანას საგანმანათლებლო სისტემაში,   სამეცნიერო ექსპერიმენტების დანერგვას, გლობალური პრობლემების ანალიზს, შემაშფოთებლად მიგვაჩნია, რომ ჩვენთან სულ უფრო ნაკლები ყურადღება ექცევა საბუნებისმეტყველო საგნებს. სამწუხაროდ, ასეთივე დამოკიდებულებაა გეოგრაფიისადმი“, – ნათქვამი იყო მიმართვაში და ახსნილი იყო გეოგრაფიის მნიშვნელობა.

მიმართვის ავტორები სტიქიურ უბედურებებსაც შეეხნენ, რომელთა წინასწარ განჭვრეტა გეოგრაფიის ღრმა ცოდნის გარეშე წარმოუდგენელია:

„გეოგრაფია და გეოგრაფები ხელისუფლებას მხოლოდ სტიქიური უბედურების დროს  ახსენდება. ასე იყო მაგალითად, მდინარე ვერეს სტიქიის დროს (2015), სხვა დროსაც… მაშინ მიმართავენ გეოგრაფიის ინსტიტუტს, გეოგრაფიულ საზოგადოებას, ამა თუ იმ დარგის სპეციალისტ გეოგრაფებს. ითხოვენ კომენტარს, შეფასებას, პროგნოზს, არადა ანალიზისთვის სისტემატური სამეცნიერო მუშაობაა საჭირო“, – ნათქვამი იყო მიმართვის ტექსტში.

EDU.ARIS.GE-მ ხელმომწერებს შორის სხვა საბუნებისმეტყველო საგნების სპეციალისტებიც ჩაწერა და ჰკითხა მათ, თუ რატომ მიაჩნიათ, რომ „კატის“ და მისაღები გამოცდების გაუქმებით (საბუნებისმეტყველო საგნები მისაღები გამოცდებიდან, ფაქტობრივად, უჩინარდება), სკოლაში ამ საგნების სწავლება შესუსტდება.

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის ბიოლოგიის მასწავლებელი, განათლების მაგისტრი და ბიოლოგიის დოქტორი ნია ჭაჭიაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ცვლილებები კონტექსტის გათვალისწინების გარეშე არის მიღებული. მისი თქმით, რეფორმა არ შეიძლება დაიწყოს შეფასების სისტემის ცვლილებით. უნდა შეფასდეს მთლიანად, რა მდგომარეობაშია სისტემა, მერე დაიგეგმოს ცვლილება, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დავიწყოთ შეფასების სისტემის ცვლილებაზე ფიქრი.

„გამოცდების რაოდენობის შემცირება, პრინციპში, შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ მხოლოდ ამ კომპონენტის შეცვლა გაუმართლებელია. როდესაც არ გაქვს შინაგანი მოტივაცია, რჩება მხოლოდ გარეგანი მოტივაცია. ამაზე ყველა შეთანხმდება, რომ მოსწავლეებს შინაგანი მოტივაცია არ აქვთ საჯარო სკოლებში. დარჩა მარტო ეს ბერკეტი, რომ დააინტერესო მხოლოდ იმიტომ, რომ გამოცდები ჩააბარონ. ამ ბერკეტსაც რომ ვშლით, ეს არის სადაო. დანარჩენზე მსჯელობა შეიძლება. შეფასების სისტემის ცვლილებით როდესაც იწყებენ, მე უკვე ეჭვის თვალით ვუყურებ რამდენად არიან ისინი დაინტერესებულები, რომ რეალურად გაატარონ რეფორმა.

მგონია, რომ ბიოლოგია ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ადამიანისთვის. ეს არის ჩვენ შესახებ მეცნიერება და არ არის განყენებული. ახალ სამყაროში ყოველდღიურობაში მოგვიწევს არჩევანის გაკეთება და ეს უნდა იყოს გააზრებული არჩევანი, მე ვგულისხმობ, როგორი საკვები უნდა მივიღოთ, დავთანხმდეთ თუ არა ამა თუ იმ სახის მკურნალობაზე და კიდევ ბევრი რამ. დაწყებული ჯანმრთელობიდან დამთავრებული კოსმეტიკით ადამიანს უნდა ესმოდეს, რას აკეთებს“, – ამბობს ნია ჭაჭიაშვილი.

ჩვენს კითხვაზე, რას ურჩევდა განათლების რეფორმის ავტორებს, ბიოლოგიის დოქტორი გვპასუხობს:

„არაფერს არ ვურჩევდი, იმიტომ რომ ამ გუნდმა სცადა რამდენჯერმე და ვერაფერი შედეგი ვერ მიიღო! რამდენჯერ შეიძლება მისცე მართვის სადავე იმ ხალხს, ვინც დამარცხდა პრობლემის გადაწყვეტისას? ვურჩევდი, რომ სხვა გზა ნახონ, სხვა ასპარეზი!“, – განაცხადა ნია ჭაჭიაშვილმა.

საბუნებისმეტყველო საგნებში გამოცდების მოხსნის წინააღმდეგია 182-ე საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი რუსუდან უსტიაშვილი. მისი თქმით, გამოცდები მოსწავლეებისთვის არის ბარიერი და სწორედ ბარიერის გადალახვაში იწრთობა მოსწავლე.

„ფაქტია, რომ ცოდნა, ანალიზური იქნება ეს თუ ფაქტობრივი, სინთეზი თუ შეფასება, ყველაფერი გარკვეულ დონეზე მექანიკურად აქვს ხოლმე ბავშვს ჩასმული და გამოცდების პერიოდში მის მობილიზებას ახდენს; ამიტომ, საბოლოო შედეგზე უკეთესად გავდივართ. ბავშვი ფორმაშია. ასე რომ, მე ვფიქრობ, გამოცდების მოხსნა არ არის კარგი, თუმცა თვითონ „კატის“ გამოცდა იყო მხოლოდ და მხოლოდ მეხსიერებაზე ორიენტირებული და „გარტყმითაც“შეიძლება ჩაებარებინა მოსწავლეს, მაგრამ ამის გამო გამოცდის მოხსნა არაა რეკომენდირებული“, – ამბობს ქიმიის მასწავლებელი.

როგორც რუსუდან უსტიაშვილი აღნიშნავს, უბედურება ისაა, რომ მისაღებ გამოცდებზეც მოიხსნა საბუნებისმეტყველო საგნები და ცოტა ხანში გვეყოლება ექიმი, რომელმაც არ იცის ქიმია-ბიოლოგია, ქიმიკოსი, რომელმაც არ იცის ქიმია, ფიზიკოსი, რომელიც ფიზიკაში ვერ ერკვევა და დარჩება მარტო მათემატიკა. მისი თქმით, ასევე ძირითადი პრობლემა საჯარო სკოლებში არის მაღალი კონტინგენტი კლასში.

„მე მყავს ახლა 34  მოსწავლე მეცხრე კლასში. 34 ბავშვში თუნდაც საშუალო დონემდე შედეგის მიღწევა არის ზღაპარი, თუმცა ამ ზღაპარს, ხშირად, კარგი მასწავლებლები მაინც ვაღწევთ. ამ გამოცდების გაუქმებით მოსწავლეთა მოტივაცია ნულამდე დაიყვანეს. შარშან გამოცდაზე ნიშანი გააუქმეს. ყველა ბავშვმა, რომელიც საუცხოოდ სწავლობდა, 10-საც იღებდა ფუნდამენტურ მეცნიერებებში, უცებ შეწყვიტა სწავლა.  არგუმენტი ჰქონდათ, რომ ბარიერს მაინც გადალახავდნენ. ახლა, წელს ამ გამოცდის მოხსნამ სულ გააცამტვერა მოსწავლეების მოტივაცია! მე კი ვცდილობ გაკვეთილზე მოტივირებული შევიდე, მაგრამ ზემოდან მოთხოვნა თუ არ იქნა, შედეგი ვერ იქნება“, – აღნიშნა რუსუდან უსტიაშვილმა.

ქიმიის მასწავლებელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყნისთვის საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების მნიშვნელობას.

„ქვეყანა ვერაფრით ვერ განვითარდება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარების გარეშე. ეკონომიკა, წარმოება ვერ განვითარდება. საწარმო კი ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის გარეშე წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, ქვეყნის წინსვლა თუ უნდა ჩვენს სახელმწიფოს უნდა გააძლიეროს საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება სკოლებში. ეს გაძლიერება კი არა მიწასთან გასწორებაა! აქამდე ელემენტების ცნობას მაინც შეძლებდნენ „კატის“ გამოცდაჩაბარებული ბავშვები. ახლა ესეც აღარ ეცოდინებათ! რას ჰქვია, სტრესი იქნება გამოცდა? სტრესის დაძლევა უნდა ისწავლონ ბავშვებმა!“, – განაცხადა რუსუდან უსტიაშვილმა.

ბატიაშვილის რეფორმა – სიახლეები

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური