ხელფასის მატების მოლოდინში – „ფორმულით გათვალისწინებული უნდა იყოს მასწავლებლის სტაჟიც, სტატუსიც და დატვირთვაც“
„საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასები 500 ლარით და მეტით გაიზრდება“- 2023 წელს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარმოთქმულმა ამ სიტყვებმა ტაში და ოვაციები დაიმსახურა. ეს სიტყვები გასული წლის ოქტომბერში მოვისმინეთ. შემდეგ გაირკვა, რომ ყველაფერი მასწავლებლის ახალ სახელფასო ფორმულას უნდა განესაზღვრა, რომელსაც 7 თვეა სრულიად სასკოლო საზოგადოება ელის, თუმცა უშედეგოდ. ხელისუფლების დაპირების თანახმად, მომატებული ხელფასი პედაგოგებმა უკვე 1-ელი ივლისიდან უნდა მიიღონ, მაგრამ EDU.ARIS.GE-სთან საუბრებში არ მალავენ, რომ გაურკვევლობაში არიან და სისტემის მამებთან არაერთი კითხვა აქვთ.
ქიმიის დოქტორი, ბიოლოგიის მენტორი მასწავლებელი და „ასოციაცია-ბიოს“ დამფუძნებელი ხათუნა გოგალაძე თვლის, რომ მასწავლებლებს კონკრეტული ინსტრუქციების მიხედვით უნდა განუმარტონ სახელფასო ფორმულა, რათა არც ბუნდოვანება დარჩეს და ახალი თაობისთვის მასწავლებლის პროფესია კიდევ უფრო არასასურველი არ გახდეს.
– ქალბატონო ხათუნა, როგორია თვენი მოლოდინი მასწავლებელთა ახალი სახელფასო ფორმულის შესახებ, რომელიც ერთ თვეში უნდა ამოქმედდეს და ამის მიუხედავად სასკოლო საზოგადოება მას ჯერ არ იცნობს, რას ელოდებით?
-18 წელია, რაც მასწავლებელი ვარ და როგორც მოქმედი პედაგოგისათვის ეს საკითხი ჩემთვის ძალიან საინტერესოა, შრომის დაფასება კი – მნიშვნელოვანი. პროფესია – მასწავლებელი სახელმწიფოს ხერხემალია და ვფიქრობ, მეტი პასუხისმგებლობაცაა ამ პროფესიის გაძლიერება, რადგან მასწავლებელი ჩვენი მომავალი თაობის აღმზრდელია. თუმცა უფრო მნიშვნელოვანია, მეტმა ახალგაზრდამ აირჩიოს ეს პროფესია და სათანადოდ დაფასებული იყოს. მოტივაციის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ყველა მასწავლებლისთვის და არა მარტო მათთვის, ვგულისხმობ სკოლის ადმინისტრაციასაც – შრომითი ანაზღაურებაა. ამდენად, მოლოდინები ნამდვილად მაქვს, თუმცა არაერთი კითხვაც ამ ინიციატივის განხორციელების გზებთან დაკავშირებით. სკოლებისთვის დღემდე არაა ცნობილი სახელფასო ფორმულა. თითქმის ყველა გადაცემას მოვუსმინე ამ საკითხთან დაკავშირებით, ბევრჯერ მინისტრის გამოსვლებსაც, თუმცა ჩემთვის, როგორც მენტორი მასწავლებლისთვის, ბუნდოვანია ეს საკითხი. გადაცემებში იყო მსჯელობა, რომ მენტორ მასწავლებელს დაბალი პროცენტით გავუზარდოთ ან არ უნდა გავუზარდოთ ხელფასი. როგორც ვიცი, საქართველოში 700-ზე ოდნავ მეტი მენტორია, 50 000-ზე მეტი მასწავლებლიდან, ამიტომ ვფიქრობ, მოტივაციისთვის მენტორ მასწავლებლებს ანაზღაურება უნდა გაეზარდოთ.
ასევე მაინტერესებს, როგორაა ჩადებული ფორმულაში მენტორი მასწავლებლებისთვის სახელფასო პროცენტი? ეხება სტატუსს ეს ფორმულა თუ მხოლოდ საბაზო სახელფასო მოიმატებს? რადგან გაჟღერდა, რომ მიიღებენ ფუნქციის შესაბამის ფიქსირებულ დანამატს, რომელიც არ იქნება მიბმული საათობრივ დატვირთვასთან. ეს მართლა ამ ფორმით იქნება? მნიშვნელობა მიენიჭება თუ არა სტაჟს? ეს შეკითხვები ძალიან მაწუხებს, რადგან მენტორობისთვის პირადად მე საკმაოდ გრძელი და რთული გზა გავიარე და ბევრიც ვიშრომე, დეტალურად გავიარე მასწავლებლის პროფესიული განვითარების ყველა საფეხური 2010 წლიდან. თუ სახელმწიფო ამ სტატუსს არ მიღიარებს და არაფრად აგდებს შრომას, პროფესიულ განვითარებას, მაშინ გამოდის, რომ ახალგაზრდებს პირდაპირ ეუბნება – არ განვითარდეთ, თუკი ამ სფეროში შემოხვალთ, ხელფასი მაინც არ გაგეზრდებათ. ამდენად, მაქვს შეკითხვები და მით უფრო მოლოდინები, რომ სამინისტროსგან დეტალურ განმარტებას მივიღებთ ივნისის თვეში მაინც ამ ფორმულის შესახებ. ასევე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლის სადამრიგებლოს ფუნქცია-მოვალეობები გადაიხედოს და დამრიგებლის შრომაც სათანადოდ დაფასდეს.
ასევე ვიმედოვნებ, დაანონსებული სახელფასო დანამატი არ დარჩება დაპირებად და სამინისტრო არ შეცვლის კურსს ან არ გადადებს ამ საკითხს შემოდგომისათვის, რადგან დაახლოებით 52 000 მასწავლებელი პოზიტიური მოლოდნის რეჟიმში ვართ.
– განათლების მინისტრმა მასწავლებლებთან შეხვედრების ფარგლებში, აპრილში სახელფასო ფორმულის შესახებ ასეთი განმარტებ გააკეთა: ახალი სახელფასო სისტემით მასწავლებელთა 93%ს ხელფასი გაეზრდება პროპორციულად 2023-2024 წლების საათობრივი დატვირთვების შესაბამისად, აქედან სრულ განაკვეთზე მყოფ 70%-ს, ხელფასი საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაეზრდება, მათ შორის 600, 700 და 800 ლარითაც. დანარჩენ 23%ს ხელფასი 200დან 400 ლარამდე, დატვირთვის პროპორციულად, გაეზრდება. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ არცერთ მასწავლებელს ხელფასი არ დააკლდება და მასწავლებელთა 7%-ს, რომელთაც არსებული ფორმულით მცირე დატვირთვის შემთხვევაში იღებდნენ სრულ დანამატს, შეუნარჩუნდებათ არსებული ხელფასი… რას იტყვით, მისაღები მიდგომაა?
– ვუსმინე ბატონი მინისტრის გამოსვლას, თუმცა ფორმულის გაშიფრისთვის ჩემთვის არ არის ეს ახსნა საკმარისი. ცოტა ბუნდოვანია და ბადებს შეკითხვებს. მაგალითად: სრული დატვირთვა ეთვლება მასწავლებელს, რომელიც ასწავლის ორ სკოლაში და კვირეული სამუშაო დატვირთვა კი გამოსდის სრულიც და მეტიც, მაგრამ არცერთ სკოლაში არ ააქვს სრული დატვირთვა. ის მიიღეებს დანამატს? როგორი ფორმულით? ვინ ხვდება ამ 70% პროცენტში? რის მიხედვით ემატება 600, 700 ამ 800 ლარი? ან თუ მასწავლებლის საგანი ითვალისწინებს კვირაში ორ საათს და მცირეკონტიგენტიან სკოლაში ის ასწავლის 2-3 კლასს, ფიზიკურად სკოლა ვერ აკმაყოფილებს საათობრივი დატვირთვით, როგორი ფორმით იქნება ფორმულაში მისი ანაზღაურება გათვალისწინებული? და ა.შ. ძალიან ბევრი მიდგომაა გასათვალისწინებელი. ჩვენ კი ჯერ კიდევ არ გვაქვს ინფორმაცია. ყველაზე მეტად ჩემზე ემოციურად იმოქმედა როდესაც დაიწერა, რომ წამყვან და მენტორ მასწავლებლებს შეუნარჩუნდებათ ხელფასი. თავი ცუდად ვიგრძენი, სიტყვებით ვერ ავხსნი, ძალიან იმოქმედა. ის ფაქტი, რომ რაც ჩემი დაუღალავი შრომით მოვიპოვე გვინარჩუნდება და არ გვაკლდება, ეს სასიხარულო ნამდვილად არ იყო.
– სამართლიანობის თვალსაზრისით როგორია თქვენი შეფასება მასწავლებლებისადმი აღწერილი მიდგომის შესახებ?
– მე რამდენიმე წელიწადის განმავლობაში ვასწავლიდი ფრანგულ სკოლებში, გახლდით სტაჟირებაზეც ქალაქ ნანტსა და ლიონში, ხშირი ურთიერთობა მაქვს სხვადასხვა ქვეყნის მასწავლებლებთან და, რა თქმა უნდა, ვინტერესდები ამ საკითხით. რაც ჩემთვის ცნობილია, ძირითადად ფრანგულ სკოლებშიც სრულ და განაკვეთზე მყოფი მასწავლებლის საათობრივი დატვირთვის ანაზღაურება განსხვავებულია, თუმცა, პირველი, ძირითადად ხელფასის მატება ხორციელდება სამუშაო სტაჟის ზრდასთან ერთად, არ აქვს მნიშვნელობა საათობრივ დატვირთვას. მეორე, თავიდანვე განსაზღვრულია საათობრივი ბადის გაორმაგება, რადგან თუ მასწავლებელი კლასში ატარებს 10 საათს, ჯამური საათობრივი დატვირთა აქვს 20 საათი. ანაზღაურება 20 საათზე აქვს, რადგან თვლიან, რომ ამ 10 საათის მომზადებას ესაჭიროება მასწავლებლის შრომითი საათობრივი დატვირთვა. მესამე, გარკვეულ სკოლებში ანაზღაურებადია შემაჯამებლის ნაწერების გასწორების შედეგად დახარჯული დრო. ნანტის კოლეჯში სტუმრობისას გაკვირვებული შევცქეროდი მასწავლებებს, რომლებმაც ჩართეს წამზომი ნაწერების გასწორებისას და დასრულების შემდეგ შეავსეს შაბლონი, სადაც ასახეს დანაკარგი დრო ნაწერების გასწორებისას, რომელიც ხელფასზე აესახებოდათ.
ეს მიმაჩნია სამართლიანადაც, რადგან შესაძლოა, სხვადასხვა საგნის მასწავლებლისათვის საჭირო დრო ნაწერების შემოწმებისას განსხავებული იყოს თუნდაც ერსა და იმავე კლასში. ამიტომ, ვინც მეტ დროს ხარჯავს, დაფასებულიც უნდა იყოს. მეოთხე, არის წახალისება სახელფასო დანამატში, თუ მასწავლებელი აკეთებს განსხვავებული ტიპის პროექტებს, მისი ხელფასი წახალისებულია, რაც მოტივაციის და შრომისუნარიანობის გაზრდასთან პირდაპირპროპორციულია. ამდენად, მაქვს შეკითხვები – ფორმულის დადგენისას რა კვლვები განხორციელდა, რამდენი მასწავლებელი გამოიკითხა, რა აჩვენა ამ კვლევებმა რაოდენობრივი და თვისობრივი ანალიზის ჩატარების შემდეგ? და თუ ეს კვლევები არ ჩატარდა და მხოლოდ მცირერიცხოვან ფოკუს-ჯგუფთან გაკეთდა ინტერვიუ, რა ტიპის ინტერვიუ ჩატარდა? ამ ეტაპისათვის არ გამოქვეყნებულა რაიმე ტიპის კონცეფცია, ან კვლევის შეფასება ამ კონკრეულ საკითხთან მიმართებით, ან ალტერნატიული გზების კარგი მაგალითები.
ვთვლი, რომ სახელფასო ფორმულა ჩვენთვის კონკრეტული ინსტრუქციების მიხედვით უნდა იყოს ახსნილი, რადგან ბუნდოვანი არ დარჩეს ეს საკითხი და მით უფრო, ახალგაზრდებისთვის ეს პროფესია კიდევ უფრო არასასურველი არ აღმოჩნდეს.
– გრძელვადიან პერსპექტივაში თუ შევხედავთ, რამდენად მოსალოდნელია, რომ მასწავლებელთა მატერიალური კეთილდღეობა განათლების ხარისხზეც იქონიებს გავლენას, არის განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის განმსაზღვრელი მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა?
– პირდაპირი მნიშვნელობით კი. თუმცა ვთვლი, რომ აუცილებელია გარკვეული მონიტორინგის ფორმების შემუშავება, თუ მასწავლებელი იღებს მაღალ ანაზღაურებას ჯეროვნად უნდა ასრულებს სამუშაოს, უნდა იყოს მუდმივად სწავლა-სწავლების პროცესში ჩართული. თუ მასწავლებელს შესაბამისი ანაზღაურება აქვს, ის აღარ საჭიროებს დამატებით იმუშაოს, თუნდაც რეპეტიტორად. მას აქვს მეტი დრო, რომ თავისი და ქვეყნის საქმე ბევრად უკეთესად აკეთოს. როცა ანაზღაურება არაა მასწავლებელი დამატებით მუშაობს, მე მყავს კოლეგები, რომლებიც მიწაზეც მუშაობენ… ფიზიკური და გონებრივი დაღლა კი, ერთად ძალიან შრომატევადია. ამდენად, ხარისხის გასაუმჯობესებლად ყველაზე მნიშვნელოვანია ანაზღაურების ზრდა, მასწავლებლებს ექნებათ მეტი რესურსი, რომ მოსწავლეებს მეტად ხარისხიანი და მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზონ. ზოგჯერ რესურსების მოსამზადებლად როც არ ჰყოფნით, თუმცა აუცილებელია შიდა სასკოლო მონიტორინგი – სრულდება თუ არა მასწავლებლის მოვალეობა პირნათლად. ვფიქრობ, რომ მექანიზმი, როგორ შემოწმდება მასწავლებლის პროფესიული საქმიანობა, რომელიც არ იქნება დაფუძნებული დოკუმენტაციის შედგენა-მოწესრიგებაზე, ჯერ კიდევ შესაქმნელია.
– და ბოლოს, თქვენთვის რას გულისხმობს მასწავლებელთა სამართლიანი ანაზღაურების სისტემა და რამდენად არის მასში აუცილებელი სტატუსების (უფროსი, მენტორი, წამყვანი) არსებობა?
– ვთვლი, რომ საბაზო სახელფასო დანამატი უნდა გაიზარდოს. თუმცა ფორმულაში გათვალისწინებული უნდა იყოს მასწავლებლის სტაჟი, სტატუსიც და საათობრივი დატვირთვა. ვისურვებდი, რომ საბოლოო დოკუმენტში ამოღებულ იქნას ფრაზა მასწავლებელს შეუნარჩუნდება ან მასწავლებელს არ დააკლდება ხელფასი. უფრო საინტერესო იქნება ეწეროს მხოლოდ „მასწავლებელს მოემატება ხელფასი“, რადგან შრომითი ანაზღაურების მომატება პირდაპირპროპორციულია მასწავლებლის მოტივაციასა და მის შრომისუნარიანობის ზრდაზე. ყველაზე სამართლიანი იქნება, რომ ივლისამდე გაიშიფროს სახელფასო ფორმულა დეტალურად, რომელიც დაფუძნებული იქნება რაიმე კონცეფციაზე მეტი სამართლიანობისათვის. ჩვენ, მასწავლებლები, დიდი მოლოდინებითა და იმედით ველით ზაფხულის ცხელ თვეს და გვჯერა, ჩვენი პროფესია დაფასდება ჯეროვნად.
ასევე იხილეთ:
რა თქვა განათლების მინისტრმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის პრეზენტაციაზე (ვიდეო)
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება