GE

„ხელმძღვანელები ბევრ ნიჭიერ სტუდენტს წარმოაჩენენ“ – კსუ სამეცნიერო კონკურსს აცხადებს

ეკონომიკისა და ბიზნესის, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, ჟურნალისტიკის, მედიცინისა და მევენახეობის მიმართულებით მომუშავე  პროფესორ-მასწავლებლებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კონკურსს სთავაზობს, რომლის მეშვეობითაც მათ საკუთარი იდეისათვის ხორცის შესხმა შეეძლებათ.

აღნიშნული შესაძლებლობა სტუდენტებსაც აძლევთ შანსს ჩაერთონ სამეცნიერო საქმიანობაში და ამ კუთხით კვალიფიკაცია აიმაღლონ.

კსუ-ის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი – სესილი გოგიბერიძე EDU.ARIS.GE-სთან კონკურსის დეტალებზე საუბრობს და იმედოვნებს, რომ ხელმძღვანელები ბევრ ნიჭიერ სტუდენტს წარმოაჩენენ.

–მოგვიყევით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი წამოწყების შესახებ. რას გულისხმობს სამეცნიერო გრანტების კონკურსი?

სესილი გოგიბერიძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამეცნიერო საქმიანობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ცხადია, მეცნიერება ვერ განვითარდება თუ სახელმწიფოში არ იარსებებს ფონდები, რომლებიც დაინტერესებული არიან სამეცნიერო კვლევების  ხელშეწყობით.  საქართველოში ამ მხრივ წამყვანი პოზიცია რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს უჭირავს, რომლის საგრანტო კონკურსებში მონაწილეობენ ჩვენი უნივერსიტეტის წამყვანი მეცნიერები, დოქტორანტები და მაგისტრანტები.

თუმცა,  ამ და სხვა ფონდების მეტად სასარგებლო საქმიანობა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მკვლევართა სურვილი და ინტერესი სათანადოდ იქნას დაკმაყოფილებული. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკა გულისხმობს შიდა სამეცნიერო გრანტების კონკურსებით, ისევე როგორც სხვა წამახალისებელი აქტივობებით  (როგორიც არის მაგალითად, კსუ-ს მიერ დაწესებული ყოველწლიური სამეცნიერო პრემია „თამარი“) ჩვენი სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტების ხელშეწყობას, რათა მათ შეძლონ თავიანთი საინტერესო პროექტების განხორციელება.

–ვისთვის ცხადდება კონკურსი? რა მიმართულებით მომუშავე ადამიანებს შეუძლიათ კონკურსში ჩართვა?

ს.გ: კონკურსი ცხადდება შემდეგ მიმართულებებზე: ეკონომიკა და ბიზნესი; სამართალი; საერთაშორისო ურთიერთობები, ჟურნალისტიკა; მედიცინა, ფარმაცია, სტომატოლოგია;  მევენახეობა-მეღვინეობა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია კსუ-ის სამეცნიერო პერსონალს. აუცილებელია პროექტებში გათვალისწინებული იყოს სტუდენტების ჩართულობა.

–რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პროექტი, რათა კონკურსში მონაწილეობა შეძლოს?

ს.გ: კონკურსში მონაწილეთა შერჩევა ხდება ფაკულტეტების საბჭოების მიერ. კონკურსზე წარმოდგენილი პროექტები დაეგზავნება ფაკულტეტის საბჭოების მიერ შერჩეულ ექსპერტებს, რომელთა შეფასების საფუძველზე ფაკულტეტების საბჭოები გამარჯვებულ პროექტებს წარმოადგენენ კსუ-ის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტში.

შეფასების სისტემა არის გამჭვირვალე. ამ სისტემის მიხედვით მნიშვნელოვანია თემის აქტუალობა, სიახლე, კვლევის მეთოდოლოგია. ასევე მაღალი ქულებით ფასდება კვლევის საბოლოო შედეგებისმიხედვით შექმნილი სტატიის გამოქვეყნება ჟურნალში/კრებულში/საკონფერენციო მასალებში, რომელიც ინდექსირებულია შემდეგ სამეცნიერო ბაზებში/რეიტინგებში: web of science, scopus, SCImago Journal Rank, ERIH plus.

–შეზღუდულია თუ არა მონაწილეთა რაოდენობა?

ს.გ: კონკურსში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული არ არის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონკურსის ჩატარების პროცესში ბევრი ახალი სახელი გაჟღერდება. ხელმძღვანელები ბევრ ნიჭიერს ტუდენტს წარმოაჩენენ და მისცემენ საშუალებას, რომ მოგებული გრანტი ეფექტიანად გამოიყენონ.

–რამდენი გამარჯვებულზე გაიცემა გრანტი?

ს.გ: გრანტი გაიცემა 5 გამარჯვებულზე. თითოეული პროექტის ღირებულების მაქსიმალური თანხა 4 500 ლარია. ამას ემატება გამოქვეყნების ხარჯები, თუ საბოლოო პროდუქტი ხარისხიან ჟურნალში იქნება გამოქვეყნებული.

–მიადევნებთ თუ არა თვალს დაფინანსების შემდგომ პროექტის განხორციელებას?

ს.გ: ცხადია, ჩვენ დაინტერესებული ვართ პროექტების გაგრძელებაში. წარმატებული პროექტების ავტორებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი  ხელს შეუწყობს კვლევების გაგრძელებაში. პერსპექტივაში დაგეგმილია ფუნდამენტური კვლევებისთვის საგრანტო კონკურსის გამოცხადება, რაც ახალ შესაძლებლობებს აჩენს მკვლევრებისთვის.

–რას მისცემს აღნიშნული კონკურსი მონაწილეებს?

ს.გ: ვფიქრობ, ეს კონკურსი ყველა მონაწილისთვის იქნება სასარგებლო, განსაკუთრებით  სტუდენტებისთვის, რომლებიც  შეიძენენ  სამეცნიერო კვლევების მნიშვნელოვან გამოცდილებას.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური