GE

„ხელოვნება სკოლაში“ – რას შეისწავლიან სკოლის მოსწავლეები მუზეუმების, კინოსა და ხელოვნების მიმართულებით

სკოლის მოსწავლეები სექტემბრიდან პროექტში „ხელოვნება სკოლაში“ ჩაერთვებიან. პროგრამა მოიცავს სკოლების მოსწავლეების მაქსიმალურ ჩართულობას თეატრის, კინოსა და სამუზეუმო ცხოვრებაში.

„ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ სკოლებში განათლების ხარისხის ზრდის მიმართულებით და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეების ჩართულობა  კულტურულ ცხოვრებაში. მოხარული ვარ, რომ პროექტში უკვე მონაწილეობა მიიღო ათასობით ბავშვმა. სექტემბრიდან ვემზადებით ძალიან აქტიურად, რომ ამ ინიციატივაში 10 ათასობით მოსწავლე ჩაერთოს, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში”, – განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ეროვნულ მუზეუმში, პროექტის „ხელოვნება სკოლაში“ წარდგენისას.

ღონისძიებას პროექტის ხელმძღვანელი მაია დათუნაშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნანა   დოლიძე, რეჟისორები ნანა ჯანელიძე, კოტე ჩლაიძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

პროექტი „ხელოვნება სკოლაში“ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კულტურის კომპონენტის გაძლიერებასა და მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას ისახავს მიზნად. პროექტი კულტურის სამ მნიშვნელოვან სფეროს აერთიანებს და შემდეგ პროგრამებს მოიცავს: „სკოლა მუზეუმში,“ „სკოლა თეატრში“ და „კინო სკოლაში“. სამომავლოდ აღნიშნული პროექტის მასშტაბი გაიზრდება. პროექტი განათლების რეფორმის – „ახალი სკოლის“ მოდელის ფარგლებში, მაისიდან საპილოტე რეჟიმში ხორციელდება. პროგრამა „სკოლა მუზეუმში“  საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციების სასწავლო რესურსად გამოყენებას გულისხმობს. საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელებისთვის შეირჩა ისეთი სამუზეუმო ექსპონატები, როგორებიცაა: უძველესი ადამიანის ნაშთები, უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები, ბუნების ისტორიის ამსახველი მასალა, შუა საუკუნეების უმდიდრესი მემკვიდრეობა და თანამედროვე მხატვრების ნამუშევრები.

პროგრამა სამ მუზეუმში განხორციელდება: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეასა და გიორგი ჩიტაიას  სახელობის   ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ღია ცის ქვეშ.

პროგრამის განხორციელება მაისიდან საპილოტე რეჟიმში დაიწყო და მასში მონაწილეობა უკვე     თბილისის სხვადასხვა სკოლის VII-XI კლასის 808 მოსწავლემ მიიღო. მეორე პროგრამის „სკოლა   თეატრში“ მიზანია, მოსწავლეთა სახელოვნებო განათლების ამაღლება, მაღალხარისხიანი თეატრალური ხელოვნების გაცნობით ახალგაზრდების დაახლოება თეატრალურ ცხოვრებასთან, მომავალი გემოვნებიანი მაყურებლის აღზრდა. პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს წამყვანი თეატრების რეპერტუარიდან მოსწავლეთათვის ისეთი სპექტაკლების ჩვენებას, რომლებიც ახლოსაა მათ სასწავლო პროგრამასთან. მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ სცენის მიღმა მიმდინარე პროცესებს, სპექტაკლის შემდეგ გაეცნონ მსახიობებს, შექმნან სპექტაკლის შესახებ რეცენზიები.

მაისიდან პროგრამა საპილოტე რეჟიმში კოტე მარჯანიშვილის, ქუთაისის ლადო მესხიშვილისა და შოთა რუსთაველის თეატრებში ხორციელდება და მასში მონაწილეობა უკვე 4000-მდე მოსწავლემ მიიღო. რაც შეეხება პროგრამას „კინო სკოლაში“, იგი კინოხელოვნების პოპულარიზაციის გზით, მოზარდებში ანალიტიკური აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას ისახავს მიზნად. პროგრამის ფარგლებში სკოლებში კვირაში ერთხელ, გაკვეთილების დასრულების შემდეგ სხვადასხვა აქტივობა დაიგეგმება, რომლის დროსაც მოსწავლეები მიიღებენ საბაზისო ცოდნას კინემატოგრაფიის  შესახებ და ნახავენ სპეციალურად შერჩეულ ქართულ და უცხოურ კინოფილმებს. ჩვენების ბოლოს მოეწყობა დისკუსია. ჩვენებების ორგანიზებასა და სკოლებში კვალიფიციური კინოს სპეციალისტების მივლენას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური