XXI საუკუნის განათლება, უნარები და მასწავლებელი – პედაგოგის შეჯამება 2021 წლის ბოლოს
ავტორი: ირმა სტეფნიაშვილი, ქალაქ თბილისის № 221 საჯარო მეგა სკოლის დაწყებითების უფროსი მასწავლებელი
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის.
დღეს ქართულ საიტებზე თუ ტელესივრცეში საკმაოდ ხშირია საუბარი იმაზე, რომ 21-ე საუკუნეში ადამიანის წარმატებული მოღვაწეობისთვის „განსხვავებული“ და „განსაკუთრებული“ თვისებების ქონაა აუცილებელი. ამ განსაკუთრებულ უნარებზე ბევრიც იწერება. ცხადია, თემა ძალიან საინტერესოა, თანაც კითხვადი და გადაცემა -ყურებადი. ვის არ უნდა, რომ მისი შვილის მომავალს ნათელს, შემდგარს და ჩამოყალიბებულს ხედავდეს. მომავლის ფორმირების და ჩამოყალიბების პროცესი კი იწყება დღეს. სად? პასუხი ერთგვაროვანია: რა თქმა უნდა, სკოლაში! სკოლა, მხოლოდ შენობა რისი შემძლებელია. ე.ი ვინ არის „მთავარი“ ამ საქმეში? ვინ თუ არა მასწავლებელი! საქართველოში ყველა მასწავლებელს თამამად შეუძლია თქვას, რომ განათლებისკენ მიმავალი „ათივე“ და ყველა გზა მხოლოდ მისკენ მიდის…
მე შემთხვევით არ დამიწერია სათაურად ეს სიტყვები. შეუძლებელია მხოლოდ რომელიმე ერთზე ისაუბრო დანარჩენი ორის გვერდის ავლით. გზადაგზა აუცილებლად მოხდება ამ ცნებების გადაკვეთა, რადგან მათი საბოლოო დანიშნულების ადგილის კოორდინატები ერთი და იგივეა.
საუბრისას ახდენენ ოცდამეერთე საუკუნის უნარების კლასიფიკაციას (ძირითადად ნათარგმნია სხვადასხვა უცხოენოვანი სტატიებიდან) და გარკვეულ განმარტებებსაც დაურთავენ-ხოლმე. თუმცა მე სხვაგვარი შეხედულება მაქვს ამ თემის მიმართ და მინდა თქვენც გაგიზიაროთ.
მოდით, განვიხილოთ ე.წ. ცხოვრებისეული უნარები, როგორიცაა: მოქნილობა, ლიდერობა, პროდუქტიულობა, კრეატიულობა და სოციალური უნარები. ამათგან ყველაზე პოპულარული ლიდერობაა. ალბათ ბევრს გაგვიგონია სკოლებისა თუ კლუბების შესახებ, სადაც გვპირდებიან რომ მათი პროგრამის გავლის შემდეგ ჩვენი შვილები ლიდერებად ჩამოყალიბდებიან. არადა, როგორ სიამოვნებს ყურს ამის მოსმენა! ჩვენ ისღა დაგვრჩენია ვცადოთ მაინც, წინასწარ რატომ უნდა განვეწყოთ უნდობლად ამ შემოთავაზების მიმართ.
ზრდასრულ ადამიანებს სხვადასხვა სფეროში გვიწევს მოღვაწეობა და ალბათ ყველას გვყავს გუნდში გამორჩეული ადამიანი, რომელიც გარკვეულად მაგალითის მომცემია ჩვენთვის. თავდაუზოგავად შრომობს და თან სათანადო ცოდნითაა აღჭურვილი. შეგვიძლია რჩევა ვკითხოთ, დაგვაკვალიანოს და ა.შ. გამოდის, რომ ლიდერობას წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა, სამაგალითო შრომა და ჩვენდამი კეთილგანწყობა განსაზღვრავს. აბა, რაღაა ის პროგრამები ან დაწესებულებები, რომლებიც თუნდაც ტრენინგ კურსის გავლის შემდეგ ლიდერად ჩამოყალიბებას გვპირდებიან?
სათითაოდ ყველა უნარზე ამდენი რომ არ ვილაპარაკო, მოდი გავაერთიანებ დანარჩენ ზემოხსენებულ უნარებს და კითხვით მოგვართავთ: განა შეიძლება იყოს პროდუქტიული ადამიანი შრომის გარეშე? რა თქმა უნდა არა! ნებისმიერი სახის შრომა ხომ დიდ სურვილს, ძალისხმევას, ენერგიას და ნებისყოფას მოითხოვს. ე.ი გამოდის, რომ პროდუქტიულობაც სრულად ჩვენზე ყოფილა დამოკიდებული.
და როგორ შეიძლება ადამიანმა ისწავლოს „კრეატიულობა“? რომელსაც არ ესმის, არ იცის მისი სფეროს მუშაობა, მიზანი, სიღრმე. უბრალოდ რომ ვთქვათ, „საქმეში ჩაუხედავი“ ადამიანი, შეძლებს რომ შექმნას ღირებული და მნიშვნელოვანი მისი გუნდისთვის? აქაც დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პასუხი უარყოფითი იქნება.
მოდით, ახლა ,,XXI საუკუნის განათლებას“ შევეხოთ… დღესაც ვფიქრობ ისეთი რა მისტიური მოვლენა მოხდა განათლების სფეროში, რომ ეს ტერმინი ასეთი დამკვიდრებული და პოპულარულია. მოდით აქაც კონკრეტულ მაგალითებზე დაკვირვებას შევუდგეთ: უბრალოდ მაინტერესებს, რა მნიშვნელოვანი ცვლილებაა მეოცე საუკუნის ან თუნდაც წინა საუკუნეში მოღვაწე ექიმის მოვალეობასა და დღევანდელი ექიმის მოღვაწეობას შორის? ისიც კურნავდა ავადმყოფს და დღევანდელი ექიმიც ცდილობს პაციენტის განკურნებას. ან იურისტი, ან ვეტერინარი, ან მუსიკოსი, ხელოვანი, რომელი ერთი დავასახელო. ნებისმიერი პროფესიის ადამიანის წარმატებული საქმიანობისთვის თავის სფეროში განათლების უმაღლესი დონე და მთელი შესაძლებლობით საქმისადმი დამოკიდებულება და ერთგულება განსაზღვრავს.
განათლების მიღების გზა მრავალნაირია, მხოლოდ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი რამაა საჭირო-სწავლა! სწავლას კი, როგორც წეღან უკვე აღვნიშნეთ, დიდი ნებისყოფა სჭირდება. ნებისყოფის გამომუშავება კი, ხანგრძლივი და არც ისე სასიამოვნო პროცესია.
სტატიის დასაწყისს რომ დავუბრუნდეთ, ანუ 21-ე საუკუნის უნარებს, რა ურჩევნია პაციენტს – ექიმი იყოს ამ უნარებით შემკული, ლამაზი ვიზუალის, კომუნიკაბელური და ა.შ თუ თუნდაც პირქუშად დასვას ზუსტი დიაგნოზი და სწორი მკურნალობით ავადმყოფი განკურნოს? ჩვენ მისგან მხოლოდ პროცესიული კუთხით ვითხოვთ დახმარებას და პაციენტისთვის ექიმში ამ თვისებებისა თუ სოციალური უნარების ქონა ნამდვილად ნაკლებად მნიშვნელოვანია.
თუმცა არის და იყო ისეთი საქმიანობაც და პროფესიებიც, სადაც ის ცხოვრებისეული უნარების ქონა აუცილებელია. მაგრამ ეს ხომ სიახლე არ არის? ასეთი საქმიანობები უძველესი დროში იღებს სათავეს და დღესაც გრძელდება. უბრალოდ სახელმა განიცადა მოდიფიკაცია.
არც ის მესმის, თუ რატომ უნდა ჰქონდეს ყველას ეს უნარები? ჩვენ ხომ ასე განვსხვავდებით ერთმანეთისგან და ხელოვნურად რატომ უნდა ვეცადოთ შევეწინააღმდეგოთ ჩვენს პიროვნებას, არჩევანს, თავისებურებას. მე არ ვამბობ, რომ თანდაყოლილი გვაქვს რაღაც და ვერ შევცვლით, უბრალოდ, არ არის საჭირო ყველა ერთმანეთს ვგავდეთ. ნამდვილად გამიჭირდება იმის ხმამაღლა თქმა, რასაც ახლა ვწერ. ან იქნებ არც გამიჭირდეს, მაგრამ არ მქონდეს ამის სურვილი ხომ შეიძლება? ეს მდგომარეობა რაღაცით ამ სიტყვებს მაგონებს: „მესკრიპკედ დაბადებული და მეფორტეპიანედ ძალად გაზრდილი“. ან „საცოდავ მერცხალს, რომელსაც ძალდატანებით მერცხლის ჭიკჭიკს უკრძალავენ და აიძულებენ შოშიას სტვენა ისწავლოს. ამ უკუღმართი გზით აღზრდილი ბავშვი ვერასოდეს ვერ ავა იმ გონების სიმაღლემდის, რომელიც შეეფერება მის ბუნებითს ნიჭსა, ვერ მიეწევა, ვერ ეღირსება ჯეროვან სიღრმეს აზრისას და გრძნობისას… გამოვა ქარაფშუტა პირი და უხასიათო ადამიანი“.(იაკობ გოგებაშვილი).
განათლებაზე საუბრისას წარმოუდგენელია არ ახსენო სკოლა და მასწავლებელი. სკოლას ჩვენს წარმოდგენაში უამრავი ფუნქცია აქვს დაკისრებული და ვინ უნდა განახორციელოს ეს ყოველივე თუ არა მასწავლებელმა!
მე მასწავლებლობის სირთულესა და ზოგადად ამ პროფესიის შესახებ ადრეც დამიწერია. ნამდვილად არ ვაპირებ იმავეს გამეორებას, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომელზეც აუცილებლად უნდა გავამახვილო ყურადღება.
თემა მასწავლებელი, მათი ხელფასი, კარიერული წინსვლა და ა.შ ძალიან პოპულარულია, მეტიც, ესაა თემა, რომელზე საუბარიც არ სრულდება. მოზარდებში ცოდნის დონის გაუმჯობესების მიზნით, რეგულარულად ტარდება მასწავლებელთა ტრენინგები. ინერგება „სიახლეები“, რომლებმაც შემდეგში უნდა უზრუნველყოს მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა სასწავლო პროცესში, მაღალი აკადემიური მოსწრება და სხვა ბევრი მნიშვნელოვანი და სასიკეთო ცვლილება განათლების მიღების კუთხით. მაგრამ წლების მანძილზე დანერგილი ამ „სიახლეებისა“ თუ მრავალსაათიანი ტრენინგ კურსების ჩატარების მიუხედავად, გვაქვს მოსწავლეებში წიგნიერების დაბალი დონე და რაც ყველაზე საყურადღებოა, მოსწავლეთა დაბალი სასწავლო მოტივაცია. ასეთი სავალალო სიტუაციიდან გამოსავლის გზების მოძიებას მაშტაბურ ჰორიზონტზე ხომ არ დავიწყებთ? რა თქმა უნდა არა, და პასუხისმგებელი პირი ვინ არის თუ არა მასწავლებელი!
მართლაც საინტერესოა პასუხი შემდეგ კითხვებზე: სად არის ამ დროს მასწავლებელი? რას აკეთებს? როგორ აკეთებს? ვისთვის აკეთებს? აკეთებს კი ისე როგორც საჭიროა?…
მასწავლებელზე, როგორც „სკოლის დიასახლისზე“ ძალიან ბევრია დამოკიდებული, მაგრამ როგორც სამზარეულოში მოფუსფუსე დიასახლისის შექმნილი კერძის ხარისხი და გემო ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, ისე მასწავლებლის საქმიანობის პროდუქტიულობასაც ბევრი ფაქტორის ერთიანობა განაპირობებს. (არ იფიქროთ, რომ მასწავლებელს ვალდებულებისგან ვათავისუფლებ ან ერთგვარად შემწყნარებლურ დამოკიდებულებას ვავლენ მათ მიმართ. პირიქით, ვთვლი რომ მან (მეც) იმაზე მეტი უნდა გააკეთოს ვიდრე ის ეხლა აკეთებს, მაგრამ ამ თემას სხვა დროს ჩავშლი).
ვაღიარებ და ყველა ერთხმად ვთანხმდებით, რომ სკოლა მართლაც „ჯადოსნური“ ადგილია, სადაც ბევრი, ძალიან ბევრი სასიკეთო რამ ხდება. სასიკეთო ჩვენი ერისა და ქვეყნისთვის და იაკობ გოგებაშვილი სრულიად, სრულიად სამართლიანად თვლიდა, რომ სკოლებზე ზრუნვა, რომელიც მოზარდი თაობის აღზრდას ემსახურება, ნიშნავს ერის, ხალხის მომავალზე ზრუნვას. აქ შემთხვევით არ მომიყვანია გოგებაშვილის სიტყვები, რადგან მე-19 საუკუნეში დაბადებული ადამიანის გულისტკივილი, სურვილები, მისი ხედვა და ამ ხედვის განხორციელება დღესაც აქტუალური და საჭიროა. მეტიც, ნეტავ მართლა მისი სიტყვების შესრულებას დავისახავდეთ მიზნად!
იგი აღზრდის ძირითად მიზნად ისახავდა „ახალი ტიპის ქართველის“ ჩამოყალიბებას. როგორი უნდა ყოფილიყო ახალი ტიპის ქართველი?
ისინი მზად უნდა ყოფილიყვნენ ცხოვრებისთვის. ე.ი. შეიარაღებულნი ყოფილიყვნენ ისეთი ცოდნითა და ჩვევებით, რომლებიც საშუალებას მისცემდათ „ბუნების ძალთა მოხმარებისთვის“. მისთვის დიდ ტკივილს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ სათანადო მეცნიერული მომზადების უქონლობის გამო, საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეებს ქართველები ვერ იყენებდნენ და აღზრდის მიზნად იგი თვლიდა ისეთი თვისებების ფორმირებას, რომელნიც ხელს შეუწყობს ქართველ კაცს „გახდეს ბატონი ჩვენის მდიდარის ბუნებისა, გადააქციოს იგი დაუშრობელ წყაროდ ქონებისა და იცხოვროს ღირსეულად, დამოუკიდებლად და სასარგებლოდ ქვეყნისათვის.“
ცხადი იყო, რომ „ახალი ტიპის ქართველის“ აღზრდა სკოლაში უნდა მომხდარიყო. გოგებაშვილი ოცნებობდა ისეთ სკოლაზე, რომელიც: „საოცარი ოსტატობითა და სიადვილით უმდიდრებს მოწაფეებს გონებას ნამდვილი კონკრეტულისა და ცოცხალის ცოდნით… გულს უვსებს მაღალი ადამიანური გრძნობებით, ანიჭებს მტკიცე ხასიათს, ზრდის მასში თაოსნობის უნარსა, თავისის თავისს იმედსა, თავაზიანობას, დარბაისლობას და ამზადებს სულითა და ხორცით საღ ადამიანს, შეუპოვარ მეომართ ბუნებისა და უკუღმართის ცხოვრების წინააღმდეგ“, -აი, ასეთი ფუნქციები უნდა ჰქონოდა ყველა სკოლას, თუ სურდა რომ მას ჭეშმარიტი სამსახური გაეწია ქართველი ხალხისათვის.
რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, იგი წერს: „ჩვენ მოწადინებული ვიყავით მოგვეცა ჩვენი სკოლისა და ოჯახისათვის იმისთანა სახელმძღვანელო, რომელიც ეხმარება ერთსა და იმავე დროს გონების განვითარებასაც, გულის გაკეთილშობილებასაც, ნებისა და მისწრაფების განმტკიცებასაც, ერთი სიტყვით ხელს შეუწყობს სულის ჰარმონიულად განვითარებას, რაც შეადგენს იდეალს სწავლისა და აღზრდისას, და რომელზედაც არის დამოკიდებული ყოველის ერის წარმატება, ბედნიერება.“ და თვლიდა, რომ აღმოჩენის გზით სწავლება და განათლება ფეხდაფეხ უნდა მისდევდეს ცხოვრებას და აღზრდაში უნდა ხორციელდებოდეს რეალური ელემენტი.
მაგრამ მხოლოდ ამ კომპონენტების შესრულებაც არ წარმოადგენდა მისთვის საკმარისობას. წიგნი მხოლოდ სასწავლო თემატური მასალის ნაკრები კი არ უნდა ყოფილიყო, არამედ: „ჩვენი წიგნი რომ მარტო გონების გამდიდრებას და განვითარებას მისდევდეს, ეს დიდი ნაკლოვანება იქნებოდა, რადგანაც პატიოსანის, კეთილშობილის გრძნობების აღზრდა მოზარდი თაობის გულში კიდევ უფრო საჭირო და ძვირფასია, ვიდრე გონების გამდიდრება სხვადასხვა ცოდნით“.
ეს სიტყვები დაიწერა მე-19 საუკუნის ბოლოს. ახლა 21-ე საუკუნეა ხელოვნური ინტელექტის ხანა. დღეს უამრავი რამ რაც შეუძლებელი გვეგონა ისეთი ჩვეულებრივობაა… თითქოს წარმოუდგენელია რაიმე ვერ შევასრულოთ და განვახორციელოთ. მაგრამ ფაქტია, რომ გვაკლია სწორედ იმ მოძღვრებების შესრულება, რაც გოგებაშვილმა დაგვიტოვა. ადრეც ვახსენე, რომ ტრენინგები გვიტარდება მეთქი, მაგრამ ამხელა სიბრძნეს ნამდვილად ვერ აღმოვაჩენთ. „თურაშაულის პატრონი ტყეში მაჟალოს ეძებდაო“ რატომ გვემართება? ან რას ვეძებთ, რაღას ვქმნით, რას ვწვალობთ, რას ვცვლით? აქ არ გვაქვს რჩევები, დარიგებები, კონკრეტული გზები? იქნებ ამ მიმართულებიც „გადავმზადდეთ“ და მართლაც გვქონდეს შედეგი.
გოგებაშვილი მასწავლებელსაც ავალებს, რომ მან მოსწავლეებს საქმე დაანახოს და არა მხოლოდ სიტყვა – ის უნდა იყოს მაღალი ადამიანობისა და ზნეობრიობის მაგალითი.
ერთხელ სრულიად შემთხვევით გადავაწყდი პირველ არხზე თამარ ცაგარეიშვილის გადაცემას (დიდი პატივისცემა მას ჩემგან), სადაც სტუმრად მოწვეული ჰყავდა განათლების ექსპერტი (სახელს და გვარს შეგნებულად არ ვუთითებ) გადაცემა ტრადიციულად ქალბატონი თამარის საინტერესო შეკითხვებითა დაიწყო და წარიმართა. თუ რა იგეგმება სამომავლოდ, რამ განაპირობა მოსწავლეთა დაბალი აკადემიური შედეგები, დაბალი მოტივაცია და ა.შ. სტუმარი, როგორც ხშირად მოგვისმენია ტრენინგებზე მრავალჯერ მოსმენილი ფრაზებით და ყურისთვის სასიამოვნოდ მოსასმენი პასუხებით საუბრობდა მითითებულ საკითხებზე. ზოგადად საინტერესო საუბარი შედგა. შემდეგ ჟურნალისტმა დაუსვა ასეთი შეკითხვა: როდესაც ეკითხება მოსწავლე მასწავლებელს, რომ რატომ უნდა ვისწავლო? რა უნდა უპასუხოს ან რა იქნება ამ კითხვის პასუხიო. ცხადია, მე განსაკუთრებული ინტერესით დაველოდე ექსპერტის პასუხს, რადგან ეს კითხვა ქვეცნობიერად მეც მაწუხებს და გამოსავალს მევც დიდი ხანია ვეძებ.
დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებს რომ ჰკითხოთ თუ რატომ უნდა ისწავლონ, განურჩევლად ყველას პასუხი ერთნაირი იქნება: რომ გავიზრდები კარგი სამსახური და კარგი ხელფასი რომ მქონდესო. მაგრამ დიდები ასეთ პასუხს ნამდვილად არ გაგცემენ. ისინი ეძებენ და ირჩევენ ისეთ პროფესიებს, სადაც დასაქმების და შედარებით მაღალი ანაზღაურების პერსპექტივა ექნებათ. ერთ-ერთ ქართულ ფილმშია სწორედ ასეთი სცენა, სადაც ოჯახი შვილს პროფესიას ურჩევს და ასეთი სიტყვებით უმტკიცებს მათი არჩევანის სისწორეს: ყოველთვის საჭირო იქნები და სადაც წახვალ ყველგან კაცი ხარო. ჰოდა, ახალგაზრდები სწორედ ამ ხედვით ირჩევენ მომავალს და მასწავლებელს ნამდვილად არ შეუძლია შეაცვლევინოს საკუთარი გადაწყვეტილება მოსწავლეს. და რადგან სამომავლოდ რომელიმე საგნობრივი მიმართულებით ახალგაზრდები დასაქმების პერსპექტივას ვერ ხედავენ, ისინი ფიქრობენ რომ ამ საგნების სწავლა მათ არ სჭირდებათ. აი, სწორედ ეს განაპირობებს გარკვეულ მიმართულებათა ათვისების „ჩავარდნას“ სკოლებში.
თუმცა მასწავლებლებს, მოსწავლეების ბედის პარალელურად, საკუთარი მომავალიც გვაღელვებს. უამრავი ცვლილება, მუდმივად განსხვავებული მოთხოვნები, შესაძლებლობები, მითითებები, სტატუსები, არ ილევა ჩვენი საქმიანობის მიმართულებით მიმდინარე ცვლილებები.
აქვე არ შემიძლია ამ უკანასკნელს არ შევეხო… ალბათ ყველა მასწავლებლის მიზანია, რომ სტატუსი აიმაღლოს. რადგან ყოველი მომდევნო სტატუსის დაუფლება, მოკლედ რომ ვთქვათ, უფრო „კარგ“ მასწავლებელს ნიშნავს და ალბათ შესაბამისად უფრო მაღალ აკადემიურ შედეგებს დავდებთ სკოლებში ხომ? ხოდა მაშინ ეს რამდენიმე წელი, რომ არ მოგვეცა წინსვლის საშუალება, არ ჩატარდა ეს დაპირებული გამოცდები, გამოდის რომ სამი-ოთხი წლიანი „წინსვლა“ დავაკარგვინეთ ახალ თაობას და შესაბამისად ქვეყანას. ეს როგორ გავიგო? ან როგორ გესახებათ ამ დაპირებული გამოცდის ჩაბარების შემდეგ იქნება ის შედეგი, რაც ქვეყანას სჭირდება? მე ახლავე გიპასუხებთ, რომ არა! (არ გეგონოთ, რომ გამოცდის ჩანიშვნის წინააღმდეგი ვარ ან ჩაბარების, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო 4 გამოცდა მაქვს ჩაბარებული). ჩემს პირად მაგალითზე გეტყვით, რომ მენტორი კი არა, უფრო აღმატებული წოდება რომ მომანიჭონ, მე ამაზე მეტის გაკეთება არ შემიძლია. მთელი პასუხისმგებლობით და გულწრფელობით ვამბობ. მე უფროსი მასწავლებელი ვარ და გამოდის, რომ საკმაოდ დაბალ საფეხურზე ვარ, მაშინ რატომ მაძლევთ ამდენ უფლებას, რომ შევქმნა რესურსი, დავალებას მოდიფიკაცია განვაცდევინო და ზუსტად მოვარგო ჩემი მოსწავლეების საჭიროებას. სწავლების დროს მე შევარჩიო რესურსი და ა.შ. და თუ ეს ყველაფერი მე კარგად გამომდის და პრაქტიკულ საქმიანობას წარმატებით ვართმევ თავს, მაშინ რაში მჭირდება ეს წლების მანძილზე „ნანატრი“ და დაპირებული გამოცდა?
მე მჯერა, რომ ბევრს უნდა ჩვენს ქვეყანაში წიგნიერი, განათლებული თაობის არსებობა, რადგან ჩვენი ქვეყნის მომავლს სწორედ ისინი განსაზღვრავენ. ამ მიმართულებით ძირეულად სასიკეთო რეფორმები ნამდვილად საჭირო და აუცილებელია. ნამდვილი რეფორმები და არა ისეთი „ლაბირინთები“ ზემოთ რომ ვისაუბრე.
ამ სტატიაში ნამდვილად ვერ ამოვწურავ განათლების პრობლემებზე საუბარს. უბრალოდ, მინდოდა ჩემი შეხედულება გამეცნო სხვადასხვა საკითხის მიმართ, რომლებიც არასწორად განიმარტება. შეჯამების სახით იმას ვიტყვი, რომ ჩვენ მთავარს და ძირითადს ვართ მოკლებული. „თვალი ჭამს და თვალი სვამს“ და ერთს დავამატებ „ყურს სიამოვნებს“ -ასეთი მიდგომით გვინდა ღირებულის და ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტის შექმნა, რაც შეუძლებელია. რაც შეეხება მიზანს, ჩვენ უნდა დავისახოთ სულითა და ხორცით საღი, ღირსეული ადამიანების აღზრდა და როგორ უნდა განვახორციელოთ ამის კონკრეტული გზები ორი საუკუნის წინ გვიჩვენა იაკობ გოგებაშვილმა.
ავტორის სხვა ბლოგები:
ქართული ხალხური ზღაპრები როგორც სააღმზრდელო საშუალება – „რატომ სწავლობთ ზღაპარს მერვე კლასში?“
რის ფასად მიიღწევა დღეს მასწავლებლობა – პედაგოგის წერილი მშობლებს
როგორია და როგორი უნდა იყოს მშობლის ჩართულობა შვილის სასწავლო პროცესში და სკოლის მიღმა
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- როდესაც მოსწავლე სასწავლო წიგნებს სახლში ტოვებს – მიზეზები და რეკომენდაციები პრობლემის მოგვარებისთვის by განათლებული ბლოგი
- დიმიტრი უზნაძე მოქალაქის აღზრდაზე – „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ამოცანები“ by განათლებული ბლოგი