GE

„ყველა დავალება უნდა მოერგოს მოსწავლის ინტერესებს“ – სკოლების სია, რომლებიც ახალი სკოლის მოდელში არიან ჩართული

საჯარო სკოლებში რამდენიმე წელია მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი მიმდინარეობს. რეფორმის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში გათვალისწინებული მიდგომები მოსწავლის ინდივიდუალურ განვითარებაზეა ორიენტირებული.

ამ ეტაპისთვის პროექტის განხორციელებაში 18 ათასამდე პედაგოგი და 500-მდე ექსპერტია ჩართული. ექსპერტების ჩართულობის გარდა, პროექტი სკოლების ტექნიკურ აღჭურვასაც ითვალისწინებს, რაც პანდემიის პირობებში დღემდე შეფერხებულია. ამის შესახებ 14 ივნისს, პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა.

„რეფორმის ფარგლებში გრძელდება სკოლების აღჭურვა ტექნიკით, რაც პანდემიის პირობებში ცოტა შეფერხდა“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ეროვნული სასწავლო გეგმების დანერგვის ექსპერტ ნიკო სილაგაძის თქმით, პროექტში ჩართული ექსპერტები 24 საგნობრივ ჯგუფში არიან გაერთიანებულები და მასწავლებლებთან თანამშრომლობენ. რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი სიახლე კომპლექსური დავალებების დანერგვაა, რაც ექსპერტის აზრით მოსწავლის უნარების გაძლიერების ხელშემწყობია.

„ამ ტიპის დავალებების არსი რა არის? საკუთრივ პროდუქტი ცალკე აღებული არაფერს ნიშნავს, ბავშვმა ის უნდა გაიტანოს სკოლის და მასწავლებლის წინაშე, უნდა აღწეროს რა გააკეთა, როგორ გააკეთა, რა სტრატეგიები და ცოდნა გამოიყენა. ნიშანი, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ყველაფერ ამასთან, ესაა განმსაზღვრელი შეფასება, მაგრამ ჩვენთვის უფრო მთავრია განმავითარებელი შეფასება. სკოლაში ნიშანს როცა წერ, ძალაუნებურად კარგი დავალების შემთხვევაშიც კი ხარ ორიენტირებული ხარვეზის აღმოჩენაზე, ობიექტური რომ იყო, რა ვერ შეძლო მოსწავლემ, რა ვერ გააკეთა, მაგრამ როდესაც განმავითარებელ შეფასებაზე ვლაპარაკობთ, რაც მთავარი საფუძველია ჩვენი რეფორმის, აქ პირიქით ხდება, თუნდაც ცუდად გაკეთებული დავალების შემთხვევაში. ყველა დავალება უნდა მოერგოს მოსწავლის ინტერესებს. მშობელი ამ შემთხვევაში არის რესურსი თქვას, რომ ჩემი შვილი ამას ვერ აკეთებს. მან თავად არ უნდა გააკეთოს ბავშვის ნაცვლად დავალება, უნდა მივიდეს მასწავლებელთან და იგივე დავალების უფრო გამარტივებაზე და ადაპტირებაზე იმსჯელონ. რეფორმის არსი არის ის, რომ საკლასო ოთახში მოსწავლე იყოს რეალიზებული“, – ამბობს ნიკო სილაგაძე „იმედის“ ეთერში.

EDU.ARIS.GE-სთვის მასწავლებლის სახლის მიერ 10 ივნისს მიწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, „ახალი სკოლის მოდელში“ საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე 597 სკოლაა ჩართული. 2024 წლისთვის პროექტმა ყველა საჯარო სკოლა უნდა მოიცვას.

ახალი სკოლის მოდელში ჩართული სკოლები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური