GE

„ყველა პედაგოგი კმაყოფილია თვითშეფასების კითხვარის გაუქმებით“

მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში დაანონსებული ცვლილებები ერთ თვეში წარედგინება საზოგადოებას. უკვე ცნობილია, რომ ამ ცვლილებების მიხედვით, მასწავლებლებს თვითშეფასების კითხვარი გაუქმდება და მას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი ექნება.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის  ხელმძღვანელის ბერიკა შუკაკიძის თქმით, მათი სურვილია, მასწავლებლის სქემის სტანდარტი იყოს ისეთი ეფექტური, რომ ხელი შეუწყოს მოსწავლის პიროვნულ ზრდას და აკადემიურ წარმატებას და არ უნდათ, რომ მასწავლებელი ასრულებდეს ისეთ სამუშაოს, რომელიც არ აისახება მის ეფექტურობაზე საკლასო ოთახში.

მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარის გაუქმების შესახებ ინფორმაციას სიხარულით შეხვდნენ პედაგოგთა წრეებში. მასწავლებლები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მის შევსებას მიჰქონდა დიდი დრო და არ იყო შედეგიანი.

სურამის მე-2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლის  და 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეულის წევრის ჯაბა ლაბაძის თქმით, იმ ფონზე, როცა მასწავლებელს უამრავი საქმე აქვს, სქემაშია ჩართული, გაკვეთილებს ატარებს, მოსწავლესთან ცოდნის მიტანა უნდა, კითხვარის შევსება, განსაკუთრებით ისეთის, პირველ წელს როგორიც იყო, უამრავ დროს და რესურს ართმევდა მასწავლებელს და ვეღარ იყო მობილიზებული თავისი ძირითადი საქმიანობისთვის, ანუ ცოდნის მიტანისთვის ბავშვებამდე.

“მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრებს მასწავლებლის სახლში დაგვისვეს კითხვა, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ არსებობს თვითშეფასების კითხვარი. მე ერთმნიშვნელოვნი პასუხი მქონდა, რომ ეს არის გასაუქმებელი. თავიდანვე მნიშვნელოვანი არ იყო ეს კითხვარი ჩემთვის.

თვითშეფასების კითხვარში შემავალი მუხლები პრაქტიკიდან გამომდინარე არ მუშაობდა ისე, როგორც უნდა ემუშავა. გარდა ამისა, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ის არის, რომ ჭეშმარიტი მასწავლებელი ამას გააკეთებდა თვითშეფასების კითხვარის გარეშეც. მანამდეც, სანამ ეს კითხვარი იქნებოდა, აკეთებდა, ახლა რომ გაუქმდა, მასწავლებელი აღარ გააკეთებს, რაც იქ წერია? რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი მასწავლებელი მანამდეც აკეთებდა და ახლაც გააკეთებს!

ცნობილი იყო, რომ ამას არავინ კითხულობდა, არავინ  აფასებდა. ასეთი კითხვარის არსებობა იმ ფონზე, როდესაც მასწავლებელს უამრავი საქმე აქვს, მივიჩნევ, რომ არ იყო გამართლებული!

ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და კმაყოფილი, ვარ რომ მასწავლებლის სახლმა ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე მიიღო ეს გადაწყვეტილება.  მთელი ჩვენი სკოლის კოლექტივი გახარებული იყო ამ გადაწყვეტილებით.

მე ვფიქრობ ძალიან მცირე პროცენტი მაინც შეავსებს მას, მაგრამ მე მაქვს ასეთ მასწავლებლებთან კითხვა, რაში შეიძლება გამოადგეს ასეთი კითხვარის შევსება? ვფიქრობ, არაფერში გამოადგებათ! მე რასაც ვხედავ, ჩემ გარშემო ყველა პედაგოგი კმაყოფილია თვითშეფასების კითხვარის გაუქმებით“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ჯაბა ლაბაძემ.

თვითშეფასების კითხვარის გაუქმება განსაკუთრებით ფასილიტატორებს გაუადვილებს საქმეს. სწორედ ისინი ეხმარებოდნენ მასწავლებლებს, საჭიროების შემთხვევაში, კითხვარის შევსებაში და მობილიზებულები იყვნენ, რომ არ გამოპარვოდათ კითხვართან დაკავშირებული პროცედურები.

აჭარის მაღალმთიანი რეგიონის სსიპ-ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტის საჯარო სკოლის ისტ-ის მასწავლებლის და ფასილიტატორის მზია კახაძის თქმით, კითხვარის გაუქმება ფასილიტატორების უმრავლესობას იმიტომ გაუხარდათ, რომ  ძირითადად მათ უწევდათ პედაგოგების დარწმუნება ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში, რომ ეს იყო სავალდებულო აქტივობა და ამავე დროს ეხმარებოდათ საჭიროებების დადგენაში.

„თავიდანვე გვყავდა და გვყავს კოლეგები, რომლებიც ნეგატიურად იყვნენ განწყობილი თვითშეფასების კითხვართან მიმართებაში. 25 თანამშრომელი მყავს და ერთი ფასილიტატორი ვარ, ვცდილობდი ინდივიდუალურად მემუშავა რამდენიმე “ნეგატიურად განწყობილ” კოლეგასთან და მაინც შეევსოთ. არ მინდოდა, რომ ჩემი ფასილიტაციის ქვეშ მყოფ პედაგოგებს ჰქონოდათ რამე ხარვეზი… ამიტომაც ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში ვთხოვდი დირექტორს, რომ როდესაც თვითშეფასების კითხვარის შევსების ვადების განსაზღვრის ბრძანებას დაწერდა, ცოტა მეტი დრო მოეცა ჩვენთვის, რომ ვადებში ჩავტეულიყავით, რადგან საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო, ჯერ კითხვარის შევსება და შემდეგ რეფლექსიებზე მუშაობა. ამ დროს სხვა უამრავი საქმე გვაქვს ხომ გასაკეთებელი? სასკოლო ცხოვრება მარტო კითხვარის შევსება ხომ არ არის? დაანონსებულმა სიახლემ, რომ კითხვარის შევსება სავალდებულო აღარ იქნება, ძალიან გამახარა. სასწარფოდ მივახარე ჩემს კოლეგებს. მათაც გაუხარდათ, რომ სქემა იხვეწება და თანდათან ერგება ქართულ რეალობას… მოკლედ, მორჩენილ დროს და ენერგიას სხვა, უფრო სასიკეთო საქმეში გამოვიყენებთ მოსწავლეებთან… ყველა ველოდებით დეკემბრის ბოლოსათვის დაანონსებულ პოზიტიურ ცვლილებებს“, – აღნიშნა მზია კახაძემ EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას.

ცვლილებას დადებითად აფასებენ ასევე განათლების სპეციალისტები. როგორც სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელი, განათლების სპეციალისტი, თამარ მოსიაშვილი ამბობს, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა დერეგულირებულია და ძალიან ბევრი მიმართულებით საჭიროა პროცედურების გამარტივება და დეცენტრალიზაციაც. თუმცა მისი თქმით, დეცენტრალიზაცია არის როდესაც არჩევანის უფლება ენიჭება სკოლას და მასწავლებელს, ამიტომ თვითშეფასების კითხვარის სავალდებულო ხასიათს  დეცენტრალიზაციას ბოლომდე ვერ უკავშირებს, თუმცა პოზიტიურ ნაბიჯად მიაჩნია მისი გაუქმება.

„მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარის ცენტრალიზებულად ერთ პორტალზე ატვირთვის მიზანი ჩემთვის თავიდანვე  გაუგებარი იყო. შესაძლებელია, რომელიმე სკოლას ჰქონდეს შეფასების ისეთი სისტემა, რომელიც გულისხმობს გარკევული ტიპის თვითშეფასების ინსტრუმენტების სკოლაში დანერგვას, მაგრამ ეს ინსტრუმენტები საინტერესო უნდა იყოს თავად მასწავლებლისთვის და სკოლისთვის და არა სამინისტროს ნახევრად ავტონომიური უწყებისთვის.

ეს არის იმ დოკუმენტის სქემიდან ამოღება, რომელსაც არავინ კითხულობდა, მასწავლებლები ავსებდნენ და შემდეგ საერთო ცენტრალიზებულ პორტალზე იტვირთებოდა.

მასწავლებლის პროფესიული სქემის ასეთი ტიპის გამარტივება პოზიტიურად მიმაჩნია, თუმცა ბოლომდე ვერ ვუკავშირებ დეცენტრალიზაციას და არ მინდა, რომ საზოგადოებამ ასეთი ნაბიჯები ჩათვალოს დეცენტრალიზაციად, რადგან დეცენტრალიზაცია არის, როდესაც სკოლაც და მასწავლებელს აქვთ არჩევანი!“, – აღნიშნავს თამარ მოსიაშვილი.

განათლების სპეციალისტის თქმით, მასწავლებლობა არის ისეთი პროფესია, რომლისთვისაც აუცილებელია პროფესიული განვითარება, მაგრამ მასწავლებელი როგორ გადაწყვეტს, რა გზას დაადგეს პროფესიული განვითარების მიმართულებით, ამას ნამდვილად სჭირდება გააზრება-რეფლექსია.

„ეს გააზრება და არჩევანის გზის მოძიების ინსტრუმენტები შეიძლება იყოს მრავალგვარი. შესაძლებელია, კონკრეტულ სკოლაში მასწავლებლების გუნდმა განვითარება გადაწყვიტოს ერთი მიმართულებით. რა მიმართულებით უნდა წავიდეს მასწავლებელი პროფესიულ განვითარებაში, ეს უნდა იყოს ცალსახად მასწავლებლის გადასაწყვეტი. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ მომზადებული დოკუმენტები შეიძლება ნამდვილად იყოს სარეკომენდაციო ხასიათის და გამარტივდეს სკოლის დონეზე, ან სკოლამ სხვა ინსტრუმენტი მოიძიოს, მაგრამ ეს უნდა იყოს, კიდევ ვიმეორებ, სკოლის და მასწავლებლის გადასაწყვეტი“, – ამბობს თამარ მოსიაშვილი.

მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი უქმდება – კიდევ ერთი ცვლილება პედაგოგთა პროფესიული განვითარების სქემაში

უფროსი და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი უვადო არ იქნება – როდის ამოქმედდება სქემაში დაგეგმილი ცვლილებები

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური