GE

უფროსი და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი უვადო არ იქნება – როდის ამოქმედდება სქემაში დაგეგმილი ცვლილებები

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართული პედაგოგების მთავარი კითხვა ბოლო პერიოდში სტატუსის შენარჩუნებას უკავშირდება. „უფროსი მასწავლებლის სტატუსი გახდა უკვე უვადო?“, „როდის გავიგებთ უნდა მოვაგროვოთ სტატუსის შესანარჩუნებლად კრედიტები, თუ არა, სქემაში ცვლილებას თვეებია ველოდებით?“ – მსგავს კითხვებს სვამენ მასწავლებლები. ეს მოლოდინი კი სქემის ცვლილებების შესახებ მომზადებულმა იმ პროექტმა განაპირობა, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დადასტურებისა და მთავრობაზე გატანის მიზნით, ჯერ კიდევ 2018 წლის მარტში გადაეგზავნა და სწორედ მასში იყო გაწერილი, რომ მასწავლებლებს სტატუსის დაკარგვა აღარ დაემუქრებოდათ. პროექტით სქემაში რიგი ცვლილებები იყო გათვალისწინებული. ერთ–ერთი მთავარი ცვლილების შინაარსი კი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ასე განმარტა:

„სიახლე გათვალისწინებულია უფროსი და წამყვანის სტატუსში მყოფი მასწავლებლებისთვის სტატუსის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. მოქმედი სქემით, შენარჩუნებისთვის უფროსმა მასწავლებელმა 13 კრედიტქულა უნდა დააგროვოს, ხოლო წამყვანმა  – 17;  ცვლილებებით, ეს საჭიროება მინიმუმამდე შემცირდება და მათ სტატუსიდან ჩამოქვეითების რისკი აღარ ექნებათ. საუბარია მხოლოდ ერთი შიდა დაკვირვების გაკვეთილის ჩატარებაზე. ვნახოთ, საბოლოოდ როგორ გადაწყდება“.

საბოლოო გადაწყვეტილება კი, როგორც EDU.ARIS.GE-ს ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე მანანა რატიანმა უთხრა, სავარაუდოდ, ახალ წლამდე გახდება ცნობილი, თუმცა ე.წ. „უვადო სტატუსი“ არ იარსებებს.

„უვადოდ უფროსი მასწავლებლის სტატუსი არ იქნება, კონკრეტული პირობებით შეიცვლება სტატუსის შენარჩუნების მექანიზმი. დიდი ალბათობით, ამ წლის ბოლომდე მივიღებთ ცვლილებებს. მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნების რეგულაციები, რომელიც დღეს არსებობს განსხვავებული წესით ამოქმედდება. ამას ექნება გარდამავალი პერიოდიც, იქიდან გამომდინარე, რომ ცვლილებები მოხდება სასწავლო წლის შუა პერიოდში. ასე რომ, ამ ეტაპზე მასწავლებლები არ უნდა მიყვნენ და არ უნდა ასრულონ ის მოთხოვნები, რაც სქემაში არის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. დღეს სტატუსის შესანარჩუნებელი საჭიროება მათი მხრიდან არ დგას. რაც შეეხება წინსვლას, სტატუსის ცვლილებას თუ აპირებენ, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ აგრძელებენ წინსვლას“, – განმარტავს მანანა რატიანი.

მან კიდევ ერთხელ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტატუსი უვადო არ იქნება, რადგან ყველა ის ცვლილება, რაც განხორციელებულა ან ხორციელდება, ხარისხიანი განათლების მიღების ხელშემწყობი უნდა იყოს.

„უვადო, რა თქმა უნდა, არ იქნება, გარკვეული პირობები იქნება სტატუსის შენარჩუნებისათვის, მაგრამ არა ის პირობები, რაც აქამდე იყო. ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია რას აკეთებს მასწავლებელი სასწავლო გარემოში, როგორ იქცევა მოსწავლეებთან იმისათვის, რომ გვქონდეს ხარისხიანი განათლება. იქნება გონივრული და ისეთი პირობები, რომელიც ცალსახად იქნება მიმართული სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისაკენ.

რაც შეეხება ინფორმირებას, როდესაც ცვლილებებს მივიღებთ (ნოემბერ–დეკემბერში), რა თქმა უნდა, დაიწყება ინტენსიური კონსულტაციები, ვიდეოინსტრუქციების მომზადება და ტრადიციულად ჩართული იქნება ყველა მექანიზმი იმისათვის, რომ მასწავლებლებს მიუვიდეთ ცნობა ამის შესახებ“, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს მანანა რატიანმა.

ცნობისთვის, დღეის მონაცემებით, სქემაში 501 წამყვანი და 24 381 უფროსი მასწავლებელია გადანაწილებული, მონაცემები ყოველდღიურად იცვლება და საბოლოო შედეგები დეკემბრის თვეში დადგება.

ამავე თემაზე:

რა შეიცვლება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში-ყველა დეტალი სიახლეების შესახებ

რომელ კომპონენტებს შეეხება ცვლილებები მასწავლებლის სქემაში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური