GE

ყველაზე ახლომდებარე მწვერვალი, რომელიც მალე უნდა დავიპყრო, ეროვნული გამოცდებია! – მე ბევრ ფიზიკურად “უნაკლო” ადამიანზე ძლიერი ვარ

ფოტო –
ნინო ბაიდაური. პროექტისთვის "ქალები საქართველოდან"

მე-12 კლასელებისთვის სასწავლო წელი 20 მაისს დასრულდა.

მათ შორის ერთ-ერთი, 18 წლის ტერეზა გალსტიანი ლალაევა ფოთიდან, ყველა კურსდამთავრებულისთვის ამ მნიშვნელოვანი დღის მიწურულს, სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს.

ამ ვრცელ, ერთგვარად სევდიან, მაგრამ ამავე დროს იუმორითა და იმედით გაჯერებულ ტექსტში, ტერეზა გულახდილად გვიყვება საკუთარ გამოცდილებასა და ემოციებზე, სტრიქონებს შორის შემალულ რეალობაზე, რის წინაშეც დგანან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდები სკოლებში, იმაზე, თუ როგორ შეუძლია მასწავლებლის მხრიდან სწორ და კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას მოსწავლის დაფრთიანება და როგორ ბრუნდება უკან ეს კეთილგანწყობა.

EDU.ARIS.GE წერილს უცვლელად გთავაზობთ.

„იცით, რაც არ უნდა სევდიანად და იუმორისტულად ჟღერდეს, ალბათ, სკოლა წლების წინ დავამთავრე – მაშინ, როდესაც გარესამყაროს მოვწყდი, სმენა დავკარგე.

ამ წერილში ბევრი რამის თქმა მსურს და იმედია, მოვახერხებ ყველაფრის გადმოცემას. რთულია 12 წლის ისტორია ერთ მინიატურულ ტექსტში მოაქციო.

სკოლის ადრეული წლები ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ ფრაგმენტებმა მაინც მოახერხეს მეხსიერების საცავში ფესვების გადგმა.

პირველივე კლასიდან სკოლის ბოლო დღემდე სკოლა მიყვარდა, მაგრამ დილით ადგომას ვერაფრით შევეგუე. მიყვარდა საკლასო ოთახებში ბოდიალი, ბიბლიოთეკაში ძრომიალი ზარის დარეკვამდე, რა დროსაც ვასწრებდი – წიგნების დათვალიერებას, გადაკითხვას და მტვრის გადაწმენდასაც. მიყვარდა მასწავლებლებთან ტიტინი, რადგან უმეტესად მე ვსაუბრობდი, ისინი მისმენდნენ. თუმცა იმავეს ვერ ვიტყვი ბავშვების სიყვარულზე. სულ 4 სკოლა გამოვიცვალე, 6 კლასი და რამდენიმე დამრიგებელი. ირონიულია, მაგრამ ვერსად ვ(ი)პოვე ჩემი ადგილი.

მეექვსე კლასამდე რუტინულად მიიზლაზნებოდა სკოლის დღეები. ხან დავდიოდი, ხან – არა. შემდეგ ქარბორბალა გამოჩნდა ჰორიზონტზე და თავისებურად აურია ის გარემო, რომელშიც მე ვცხოვრობდი. როცა შევამჩნიე, რომ სმენა ქვეითდებოდა, ვცდილობდი, არ შემემჩნია. დაჯერებაც არ მინდოდა და გავურბოდი. ნელ-ნელა გამწვავდა მდგომარეობა და ადამიანებმა ზემოდან ყურება დამიწყეს. მერე, თანდათან, კომპლექსების თაიგულად ვიქეცი და ჩემს ნაჭუჭში გამოვიკეტე, ჩემთვის ვიყავი, ვსწავლობდი და დროს ტირილში ვხარჯავდი. დღემდე არ ვიცი, ადამიანებს რატომ სჩვევიათ ასე მოქცევა – თავისზე შედარებით სუსტებს ჩაგრავენ და ამით ეგოს კვებავენ.

მას შემდეგ, რაც „უყურო“ გავხდი, ყირამალა გადატრიალდა ჩემი ცხოვრება. გაკვეთილებს ვეღარ ვიგებდი და მიწევდა ინტერნეტისთვის, წიგნებისთვის თუ კომპეტენტური ადამიანებისთვის მიმემართა, რათა მასალა გამეგო. ასე ჩამომიყალიბდა ყველაფრის დამოუკიდებლად ათვისების უნარი. გაკვეთილების მსვლელობისას, მოსმენის გარდა, რას არ ვაკეთებდი – ვწერდი ჩანახატებს, ვკითხულობდი მხატვრულ ლიტერატურას, მომდევნო პარაგრაფებს გადავხედავდი, ან უბრალოდ თვალებს ვაცეცებდი აქეთ-იქით, დაუსრულებლად. გარდა ამისა, კლასელებთან კონტაქტიც გაუფერულდა. რამდენიმესთან თუ მექნებოდა მცირე დიალოგი თუ მონოლოგი. ისიც, ისევ მე ვლაპარაკობდი და ისინი მიწერდნენ ფურცლებზე, ტელეფონში, მაგრამ ხანდახან უკუკავშირიც არ იყო და ჩემი ხმა ექოსავით ისმოდა.

ბევრი მასწავლებელი შემხვდა ამ დროის განმავლობაში და თითოეულისგან იოტისოდენა თუ ვეებერთელა რაღაცის შესრუტვა მოვახერხე. სკოლას. ისევე, როგორც ყველაფერს, დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. მან მასწავლა, რომ ქვეყნად თეთრი და შავი არსებობს, რომ ყველანი ერთნაირები არ ვართ, რომ ინდივიდუალიზმი ბევრს ნიშნავს, რომ ყველა მასწავლებელი არ არის, რომ დამარცხება და გამარჯვება მეგობრები არიან და კიდევ უამრავი „რომ“, რომლის ჩამოთვლა შორს წამიყვანს.

სკოლის პერიოდში ვცდილობდი აქტიური მოსწავლე ვყოფილიყავი და დამთავრების შემდეგ, აქტიური მოსწავლის სტატუსიც მომეპოვებინა, მაგრამ ვაღიარებ, სიზარმაცემ დამაბრკოლა და მერე – პანდემიამაც.

მადლიერი ვარ ყველა ადამიანის, ვინც მონაწილეობდა ჩემს განვითარებაში, მიბიძგა თუ ზურგი მაქცია. ყოველივე ეს სტიმულის მომცემი და ფეხზე წამოდგომისას, ხელის გამწოდებელია. ჩემი ნებისმიერი წარმატება, ვიცი, პირველ რიგში, დედას და ბებიას გაუხარდებათ. ბებიისთვის სინათლის, იმედის სხივი ვიყავი, ხოლო დედისთვის – ახლაც ვარ.

ნინო მორგოშია – ჩემი აწ უკვე ყოფილი სკოლის მასწავლებელია, რომელიც დირექტორობასაც ითავსებდა. ვერ დავმალავ და, მის კაბინეტში „პაემნები“ გვქონდა და ასე გავხდი მისი კაბინეტის ყველაზე ხშირი სტუმარიც, სადაც ვსაუბრობდით ყველაფერზე, ვუზიარებდით განცდებს, ვიცინოდით და სევდით შევყურებდით ერთმანეთს. მისი ოთახიდან გამოსვლა ცოტა რთული იყო, რადგან წასვლა არ მინდოდა, მაგრამ მიწევდა. ერთმანეთს წერილებით ვესაუბრებოდით. ის ლამაზი კალიგრაფიით მწერდა, მე – ბატიფეხური ასოებისგან შემდგარ სიტყვებსა და წინადადებებს ვუგზავნიდი.

ნინო არაჩვეულებრივი ადამიანია. მისმენს, მისმენს და ბოლოს ამოიოხრებს და მეტყვის, – „ელი, ნაკლები ნიჰილიზმი, პესიმიზმი, ეგოიზმი. სამყაროში ყველაფერია შენი წილი, იარე თამამად!“. მე თავს ვუქნევ, ოღონდ ყოველთვის მაინც ვერ გამომდის ეს ყველაფერი.

მახსოვს, გალაკტიონის დღე გვქონდა ნოემბრის თვეში, სამი წლის წინ. სკოლის ეზოდან გამოსვლისას დამიძახა, შევჩერდი ჭიშკართან და მივიხედე, ხელებით გული შეკრა და გამიღიმა. ეს მოგონება განსაკუთრებით მეძვირფასება.

პერანგზე წარწერა ვთხოვე და რომ ველოდი რაღაც საოცარს, მართლაც ასრულდა.
მე ვიცი, რომ ნინო მასწავლებელი ჩემი ცხოვრებიდან არ გაქრება და მრავალჯერ შემახსენებს, რომ მოვრჩე დრამას და ნეგატივიდან ამოვყვინთო.
მოკლედ რომ ვთქვა, მიყვარს ნინო მორგოშია.

* * *
პერანგზე სასაცილო წარწერების ნაცვლად, ჩემი საყვარელი და გენიოსი (დიახ) ადამიანების ბრძნული აზრებია და მერამდენედ ვკითხულობ, ვინ დათვლის.

ასე, ამგვარად, ოფიციალურად სკოლას დავემშვიდობე 20 მაისს.

ეს დიდი არაფერია, წინ უფრო მნიშვნელოვანი რამეები მელოდება და ერთ-ერთი ყველაზე ახლომდებარე მწვერვალი, რომელიც მალე უნდა დავიპყრო, ეროვნული გამოცდებია.

კიდევ შემიძლია ვწერო, რა დამღლის ლაპარაკისგან, მაგრამ ამჯერად აქ შევჩერდები. ისედაც მკაფიოდ ჩამოვაყალიბე სათქმელი და შორს შეტოპვა გადავდოთ შემდეგისთვის.

ჩემთვის ერთი რამ ცხადია – მე ბევრ ფიზიკურად „უნაკლო“ ადამიანზე ძლიერი ვარ. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ეს ვიცი, მაგრამ არ ვიმჩნევ.

და მაინც, დღეს სკოლა დავამთავრე, ან იქნებ – წლების წინ.”

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური