GE

„ყველაზე პრიორიტეტულად საუბარი არის განათლების სექტორის გახსნაზე“ – ეკონომიკის მინისტრი

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, პანდემიის პირობებში, ბიზნეს სექტორის გახსნის გარდა, სახელმწიფოსთვის მთავარი პრიორიტეტი სასწავლო დაწესებულებების ფუნქციონირების აღდგენაა. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

„ცალკეული ბიზნესი, რომელიც აპროტესტებს, რომ ჯერჯერობით დახურულია, პრობლემას უყურებს მხოლოდ თავისი ბიზნესის გადმოსახედიდან. ჩვენ კი, პრობლემას ვუყურებთ კომპლექსურად. ჩვენ არამხოლოდ რესტორნები გვაქვს გასახსნელი, არამედ სკოლებზე, ტრანსპორტზე და საქალაქთაშორისო ტრანსპორტზეც უნდა ვიზრუნოთ. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ თუკი ვსაუბრობთ პრიორიტეტებზე, ახალგაზრდების განათლება არის ჩვენთვის უპირობო პრიორიტეტი. აქედან გამომდინარე, დაგიდასტურებთ, საუბარი ყველაზე პრიორიტეტულად არის, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება განათლების სექტორის გახსნასთან იმ სამ დიდ ქალაქში, სადაც შეზღუდვა ჯერ კიდევ ნარჩუნდება – თბილისი, რუსთავი, ქუთაისი. ვადასტურებ, რომ ეს პრიორიტეტია და თარიღებშიც ამდაგვარად აისახება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სკოლები ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1-ლი თებერვლიდან გაიხსნება, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში კი, 1-ლი მარტიდან არის დაგეგმილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით.

ამავე თემაზე:

რა შემთხვევაში განახლდება სწავლა 1-ლი მარტიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში – მინისტრის განმარტება

ვიცე-პრემიერი თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სკოლების გახსნაზე: „ცოტა კიდევ მოვითმინოთ“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური