GE

ზამთრის არდადეგები სკოლებში 29 დეკემბერს დაიწყება – ერთი დღის დამატებისთვის მინისტრს ბრძანების შეცვლა მოუწია

თუ თქვენ საჯარო სკოლის მოსწავლე ხართ, წელს სკოლაში ბოლოჯერ არა 29 დეკემბერს, როგორც ეს აქამდე იცოდით, არამედ 28 დეკემბერს უნდა მიხვიდეთ. ამ ერთი დღისთვის, როგორც EDU.ARIS.GE-ს 23 დეკემბერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბრძანებაც კი შეცვალა.

დაახლოებით ერთი კვირით ადრე, 13 დეკემბერს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში EDU.ARIS.GE-ს უთხრეს, რომ სასკოლო არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყებოდა.

EDU.ARIS.GE -ს კითხვაზე, რის საფუძველზე გადმოიწია არდადეგებმა ერთი დღით, სამინისტროში გვიპასუხეს, რომ ეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანების საფუძველზე მოხდა, თუმცა ამის მიზეზის გარკვევისთვის მოგვიწოდეს საჯარო ინფორმაცია გამოგვეთხოვა.

მოსწავლეებისთვის სასიხარულოა, რომ ახლა ისინი არა 18, არამედ 19 დღის განმავლობაში დაისვენებენ, თუმცა უნდა იცოდნენ, რომ მინისტრის ბრძანება ორი დღის წინ, მთავრობის სხდომაზე გაკეთებული სავარაუდოდ არასწორად ფორმულირებული განცხადების მიხედვით შეიცვალა და აღნიშნულს სხვა ობიექტური გარემოება არ გააჩნია. 22 დეკემბერს, მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ „როგორც მოგვეხსენება, სკოლებში არის არდადეგები 29 დეკემბრიდან 17 იანვრის ჩათვლით“, არადა, საზოგადოებას მოგვეხსენებოდა, რომ ზამთრის სასკოლო არდადეგები მინისტრის პირვანდელი ბრძანების თანახმად, 30 დეკემბრიდან დაიწყებოდა.

კერძო სკოლები არდადეგების საკითხს ინდივიდუალურად წყვეტენ.

ასევე იხილეთ:

საქართველოს მთავრობამ 1-ლი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად გამოაცხადა – გადაიწევს თუ არა სასკოლო არდადეგები?

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური