GE

ბიულეტენი თუ ბიულეტინი? აბსოლუტური თუ აბსოლიტური? – ხმოვანთა აღრევა ნასესხებ სიტყვებში

გრამატიკულ ცნობარში ვაგრძელებთ უცხოური ენიდან შემოსული და დამკვიდრებული სიტყვების მართლწერაზე საუბარს. როგორც უკვე აღინიშნა, ნასესხები სიტყვების მართლწერისას ყურადღება უნდა მივაქციოთ მათს წარმომავლობას. თუ ამ მარტივ წესს დავიმახსოვრებთ, მაშინ კითხვებზე – აბსოლუტურია სწორი თუ აბსოლიტური? ბიულეტენი თუ ბიულეტინი? – პასუხი თავისთავად ცხადი გახდება.

აბსოლუტური ნაწარმოებია სიტყვისგან აბსოლუტი (absolutus).

შესაბამისად, სწორია:

აბსოლუტური ( და არა აბსოლიტური)

ბიულეტენი ( და არა ბიულეტინი);

და ხმოვნები არ უნდა ავურიოთ სიტყვებში:

კომბინეზონი ( და არა კომბინიზონი)

ბრეოლინი ( და არა ბრიოლინი)

გენეალოგია ( და არა გენიალოგია)

ინტელიგენტი ( და არა ინტილიგენტი)

სტიპენდია ( და არა სტეპენდია)

დეზინფექცია ( და არა დიზინფექცია)

კარდიოლოგი ( და არა კარდეოლოგი)

უცხოური ენიდან შემოსული სიტყვების მეშვეობით ახალი ფორმების წარმოქმნისას ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ორიგინალ ენაზე საწყისი სიტყვის დაწერილობა. აქ საგანგებოდ უნდა დავიმახსოვროთ, რომ ა-სა და ე-ზე დაბოლოებული სიტყვები ბოლოსართების დართვისას მოიკვეცენ მხოლოდ ბოლოკიდურ ხმოვანს. ხმოვანთან ერთად თანხმოვნის შეკვეცა კი დაუშვებელია. თვალსაჩინოებისთვის განვიხილოთ ერთი მაგალითი:

ავიღოთ სიტყვა ლირიკა. ვაწარმოოთ მისგან ახალი ფორმა ბოლოსართის დართვით, მივიღებთ: ლირიკული ( და არა ლირიული!)

იგივე წესი ვრცელდება ქვემოთ ჩამოთვლილი სიტყვების შემთხვევაშიც:

რომანტიკა – რომანტიკული ( და არა რომანტიული)

ფსიქიკა – ფსიქიკური ( და არა ფსიქიური)

ეროტიკა – ეროტიკული ( და არა ეროტიული)

და ბოლოს, საკმაოდ ხშირია სიტყვების – აკომპანემენტი და აბონემენტი – გამოყენების დროს ხმოვანთა აღრევა. ამ შემთხვევაში, გარდა ზემოთ დასახელებული უნივერსალური წესისა (მნიშვნელოვანია ორიგინალ ენაზე სიტყვის დაწერილობა. სხვა სიტყვებით, პატივს ვცემთ მასპინძელ ენას!) შეგვიძლია დავიმახსოვროთ, რომ უცხოურ სიტყვებში -მენტ დაბოლოების წინ ე ხმოვანი უნდა იყოს. შესაბამისად, სწორია:

აკომპანემენტი ( და არა აკომპანიმენტი)

აბონემენტი ( და არა აბონიმენტი)

გრამატიკული ცნობარის სხვა გაკვეთილები

რუბრიკის ავტორი: ნინო ლომიძე, ფილოლოგი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური