GE

დასჯის თანამედროვე მეთოდები სკოლებში

ნინია მაჭარაშვილი

მეორეკლასელი ბარბარეს მშობლებს, მარიამსა და ირაკლის გოგონას სკოლიდან გამოყვანა და სხვა სკოლაში გადაყვანა მაშინ მოუხდათ, როცა ბარბარემ მის კლასში, მასწავლებლის მიერ თანაკლასელების დასჯაზე დაიწყო საუბარი. მშობლები ამბობენ, რომ შვილის ნაამბობი გაზვიადებული ეგონათ და ბოლომდე არ ენდნენ მას. დასჯა კონკრეტულად დაჩოქებაში გამოიხატებოდა. ბარბარე ყვება, რომ „დამნაშავე”, ანუ მოსწავლე, რომელიც გაკვეთილის ჩატარებაში ხელს შეუშლიდა, გარეთ გასვლას რამდენჯერმე სთხოვდა და იცელქებდა, მასწავლებელს ოთახის კუთხეში მიჰყავდა და აჩოქებდა. ასე დაჩოქილი იყვნენ მეორეკლასელები ზოგჯერ გაკვეთილის დასრულებამდე. მარიამმა და ირაკლიმ ბარბარეს მაშინ დაუჯერეს, როცა გოგონა მუხლზე ნაიარევით დაბრუნდა შინ. ასევე, მას შემდეგ, რაც თავად მივიდნენ სკოლაში და სხვა მოსწავლეების მშობლებისგანაც იგივე ინფორმაცია მოისმინეს.

ჩვენ მიერ გამოკითხული მოსწავლეებიდან და მშობლებიდან, დასჯის კიდევ ერთი აქტუალური ფორმა გაკვეთილიდან გაშვება და დერეფანში დატოვებაა. აქ კი ასეთი კითხვაა რელევანტური – რას გვაძლევს მოსწავლის დერეფანში გაგდება? გამოსწორდება თუ არა ის მსგავსი ფორმით? ხომ არ არის საფრთხის შემცველი მოსწავლის უყურადღებოდ დატოვება დერეფანში? საერთოდაც, რა საჭიროა მოსწავლის დასჯა?

დასჯა ქცევის კონტროლის ერთ-ერთი მექანიზმია. ის მიმართულია ქცევის შესუსტებაზე და მისი მიზანია, შეამციროს ან საერთოდ აღკვეთოს არასასურველი ქცევა. ბავშვთა ფსიქოლოგები დასჯას ორ სხვადასხვა სახეობად ყოფენ: – პოზიტიური და ნეგატიური.

პოზიტიური დასჯის შემთხვევაში გვხვდება არასასიამოვნო სტიმული. აი, მაგალითად, დაბალი ნიშნის დაწერა გაკვეთილის უსწავლელობის გამო – ანუ, მოსწავლეს დაბალი ნიშნით ისჯება იმისთვის, რომ აღიკვეთოს ცუდი ქცევა. დასჯის პოზიტიურობაც სწორედ ამაში მდგომარეობს.

ნეგატიური დასჯის შემთხვევაში, სასჯელს წარმოადგენს სასიამოვნო სტიმულის მოცილება. მაგალითად, ბავშვს სასეირნოდ აღარ წაიყვანენ ან ჩამოართმევენ საყვარელ ნივთს.

ქცევის შესუსტების ან აღკვეთის ორი გზა არსებობს: უსიამოვნო სტიმულის წარდგენა პოზიტიური დასჯა და სასიამოვნო სტიმულის აღკვეთა – ნეგატიური დასჯა.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ საბოლოოდ პოზიტიურიცა და ნეგატიური დასჯის გზებიც პატარებისთვის სტრესულია და არაერთი უარყოფითი მხარე აქვს:

  • ტკივილთან და შიშთან ასოციაციის გამო, დასჯის ინტენსიური და ხანგრძლივი საშუალებები იწვევენ „გაქცევის სინდრომს”, დასჯის თავიდან აცილების ტენდენციას. მაგალითად, დასჯის შიშით ბავშვმა შესაძლოა ავადმყოფობა მოიმიზეზოს და ამით გადაურჩეს მას
  • დასჯის გამოყენება იწვევს აგრესიულ ქცევას, რაც აღაგზნებს და ანერვიულებს მოზარდს.
  • დასჯის შიში იწვევს მთელ რიგ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ დარღვევებს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემას, წნევის ცვალებადობას, წონის მატებას ან კლებას
  • დასჯამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს თვითშეფასებაზე
  • დასჯა, როგორც სტრატეგია არ არის გამოსავალი. ის ვერ გადაგაჭრევინებთ პრობლემას.

როგორ გავუმკლავდეთ კლასში დისციპლინურ პრობლემებს

წყარო: mastsavlebeli.ge

იხილეთ ორიგინალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური