GE

„ეს ინიციატივები გაზრდის ბიუროკრატიას და გაფლანგავს ფულს“ – სტუდენტის წერილი ალექსანდრე ჯეჯელავას

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას ერთ–ერთ ინიციატივას, სკოლებში ბოლო ორი კლასის გაძლიერების შესახებ, რომელმაც დროთა განმავლობაში რეპეტიტორის არსებობის აუცილებლობა უნდა შეამციროს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც პედაგოგებში, ასევე ახალგაზრდებშიც. EDU.ARIS.GE ერთ–ერთი სტუდენტის პოზიციას გთავაზობთ, რომელიც მან წერილის ფორმით მოგვაწოდა:

„მოგესალმებით, მე ვარ გიორგი ბერიაშვილი, სტუდენტი, რომელსაც ნამდვილად სურს იხილოს განვითარებული საქართველო, ამიტომ არასდროს არ ვერიდები ჩემი აზრის დაფიქსირებას და ვცდილობ გამოვიყენო ყველა საშუალება ამისთვის. ბატონი ალექსანდე ჯეჯელავას იდეებსა და ხედვებს თავიდან ვეთანხმებოდი და მხარსაც ვუჭერდი, თუმცა მისი ერთ–ერთი ინიციატივის შემდეგ მივხვდი, რომ შევცდი.

„ნეტა როდის უნდა შეიგნოს ამ ხალხმა რომ სკოლამ მოსწავლეს უნდა მისცეს ზოგადი განათლება და უნარი თავისუფალი აზროვნების და არა სახელმწიფოს მიერ შედგენილი უაზრო პროგრამით, რომელიც შეუძლებელია მოერგოს ყველა მოსწავლეს ერთნაირად. მასწავლებელს და სკოლას უნდა ჰქონდეს თავისუფლება რა და როგორ ასწავლოს ბავშვს. გამორიცხულია ბავშვს რომელსაც არ აინტერესებს მაგალითად: ფიზიკა, ქიმია ან სხვა რამე საგანი ის ისწავლოს დაძალებით. ჩემი აზრით, სკოლამ მე-10 კლასამდე უნდა მისცეს მოსწავლეს ბაზისური ცოდნა ყველა საგანში, შემდეგ 2 წელში კი თვითონ აირჩიოს რა საგნის სწავლა უნდა უფრო მეტად და რისი ნაკლებად. მე პირადად მე-11, მე-12 კლასმა დამაკარგინა უამრავი დრო, ენერგია და ფული იმისთვის, რომ ძალით მესწავლა ფიზიკა და ქიმია და ჩამებარებინა საატესტატო გამოცდები, რის შემდეგაც საერთოდ აღარაფერი აღარ მახსოვს(იმიტომ რომ ვიზეპირებდი).

მოახდინეთ სკოლების პრივატიზაცია, მიეცით სკოლებს და მასწავლებლებს საშუალება მოსწავლეს შეაყვაროს სკოლა და სწავლა, ბავშვს შეეძლოს თავისუფლად აზროვნება და არა „ვეფხისტყაოსნის“ დაზეპირება!“ – აი ეს იყო და არის ჩემი პოზიცია, იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება დღეს სკოლებში და რატომ არის მინისტრის ინიციატივები არაფრის მომცემი. განვავრცობ ჩემს კომენტარს და ავხსნი თუ რატომ არის სახელმწიფოს ზედმეტად ჩარევა ცუდი განათლების სისტემისთვის. ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ დღესდღეობით მშობლების უმრავლესობის სურვილია მისმა შვილმა განათლება კერძო სკოლაში მიიღოს,  რადგან კერძო სკოლებში მოსწავლეებს უფრო მეტად ტვირთავენ უცხო ენებით ან კონკრეტული მიმართულებით.

ფაქტია, რომ განათლების სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციები ზღუდავს სკოლებსა და მასწავლებლებს და ხელს უშლით მათ პროგრესში. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ სკოლები ბავშვებს მსჯელობის უნარს ართმევენ. განათლების სისტემის ეფექტურობის საზომად განვითარებულ ქვეყნებში იყენებენ ე.წ. PISA-ს შეფასებას სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, რომლის მიხედვითაც ნახევარზე მეტ ახალგაზრდას წაკითხული ტექსტის შინაარსის გაგების უნარი არ აქვს, ბევრად მძიმე შედეგი აქვთ მოზარდებს მათემატიკურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გამოყენების უნარებში. სწორედ ამას იწვევს რეგულაციები. მასწავლებლებს არ აქვთ საშუალება თავისუფლად ჩაატარონ გაკვეთილები და თვითონ გადაწყვიტონ რა და როდის ასწავლონ მოსწავლეებს და მოარგონ თითოეულ მათგანზე პროგრამა.

კარგად მახსოვს მასწავლებლებისა და ჩვენი დამოკიდებულება წიგნებსა და სახელმწიფოს მიერ შედგენილ პროგრამაზე, ხშირ შემთხვევაში მასწავლებელს სურდა, რომ კონკრეტული გაკვეთილისთვის დაეთმო უფრო დიდი დრო, თუმცა არ შეეძლო, რადგან უნდა მოესწრო მთელი წიგნი. ცალკე თემაა საატესტატო და ეროვნული გამოცდების ფორმატი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ მხრივ კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს, სწორედ იმ მე–11 და მე–12 კლასებში უწევს მოსწავლეს „ისწავლოს“ წარმოუდგენლად დიდი მასალა, რათა ჩააბაროს გამოცდა. აი აქ ჩნდება რეპეტიტორი, მასწავლებელი, რომელიც წარმატებით აზეპირებინებს ბავშვს მთელ მასალას და ამზადებს გამოცდისთვის. ეს ყველაფერი მეც გამოვიარე, დავხარჯე უამრავი თანხა და დრო რეპეტიტორთან სიარულში, დავიზეპირე ყველაფერი და ჩავაბარე საატესტატო გამოცდები, რომელსაც რეალურად არაფერიც არ შეუმოწმებია, რადგან 1–2 თვეში ყველაფერი დამავიწყდა.

ჩემი აზრით, სასწრაფოდ უნდა მოხდეს რაც შეიძლება ბევრი სკოლის პრივატიზება, რის შემდეგაც გაიზრდება კონკურენცია, კონკურენციის ზრდა კი გამოიწვევს სწავლის გადასახადის კლებას. მშობლებს აღარ მოუწევთ კერძო სკოლებზე ოცნებობა. აუცილებელია დერეგულაცია, მეტი თავისუფლება სკოლებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს. ისწავლონ და ასწავლონ ის რაც მათ სურთ და არა ის რაც სახელმწიფოს სურს. ვფიქრობ, აღარ არის საჭირო განვმარტო თუ რატომ არის მეტი თავისუფლება კარგი ყველა მხარისთვის. ვთვლი, რომ პედაგოგის პროფესიონალიზმი უნდა განსაზღვროს სკოლამ და არა სახელმწიფომ. თუ ყველა მხარე კმაყოფილია პედაგოგის საქმიანობით, მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე ყოფილა. მშობელმა თვითონ უნდა შეარჩიოს სად და როგორ მიაღებინოს შვილს განათლება, იქნება ეს კერძო სკოლა, საჯარო სკოლა თუ სახლი; შედეგად, უფრო ეფექტიანად გამოიყენებენ ფულს, რომელსაც დღეს ბიუროკრატია ხარჯავს.

არ უნდა არსებობდეს კერძო პროფესიული სასწავლებლების შექმნის ხელისშემშლელი ბიუროკრატიული ბარიერები. ალბათ ახალი ამბავი არაა, რომ კერძო უმაღლესი სასწავლებლები უფრო ეფექტურად მუშაობენ ვიდრე სახელმწიფო. ამის თვალსაჩინო მაგალითია ყოფილი სასოფლო უნივერსიტეტი და ახლა უკვე აგრარული უნივერსიტეტი. უნდა გაიზარდოს სახელმწიფო უნივერსიტეტების ავტონომია. უნივერსიტეტებისთვის სტუდენტთა მისაღებ კრიტერიუმებს სახელმწიფო არ უნდა ადგენდეს. მოკლედ რომ ვთქვათ, ინიციატივები რომელიც ბატონ ალექსანდრეს აქვს მხოლოდ გაზრდის ბიუროკრატიას და გაფლანგავს ფულს ისედაც ჩამოქცეული ბიუჯეტიდან.”

მინისტრი: “სკოლებში ბოლო ორი კლასი გაძლიერდება და რეპეტიტორების საჭიროება ნელ–ნელა გავა სცენიდან”

ვის შეიძლება მოეხსნას მე–12 კლასში სწავლის ვალდებულება – მინისტრის კომენტარი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური