GE

განათლების მინისტრი ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) პროექტის – CMS მთავარი მენეჯერი პიერლუიჯი პაოლუჩი, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძეს შეხვდა.

განათლების სამინისტროს ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროექტის – CMS ფარგლებში ქართულ უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობას, ცერნის პროექტებში ჩართული ქართველი პროფესორებისა და სტუდენტების საქმიანობას და მომავალ ერთობლივ პროექტებს.

,,აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე გამოიკვეთა ზოგიერთი პროექტის საქართველოში განხორციელების შესაძლებლობა, რაც ძალიან დიდ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს. ამისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე, შეიძლება გაკეთდეს სპეციალური ლაბორატორიები, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე დანადაგარებით, მოეწყობა გარემო, სადაც მნიშვნელოვანი კვლევითი სამუშაოები განხორციელდება,” -ნათქვამია სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე.

ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) ეგიდით წარმოებული ყოველი სამუშაო არის საერთაშორისო მნიშვნელობის და მასში მონაწილეობა ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის აღიარებაა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური