GE

ილიაუნიში შვეიცარიელ არქიტექტორთან, როლფ გროსსენბახერთან შეხვედრა გაიმართება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე შვეიცარიელ არქიტექტორთან, როლფ გროსსენბახერთან.

საუბრის თემა: From Emergency Response to Development

შეხვედრაზე განხილული იქნება როლფ გროსსენბახერის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული არქიტექტურული პროექტები.

მომხსენებლის შესახებ

როლფ გროსსენბახერი გახლავთ შვეიცარიელი არქიტექტორი ქალაქ ბურგდორფიდან (ბერნის კანტონი). ის შვეიცარიული არქიტექტურული ბიუროს Atelier G+S (www.atelier-gs.ch/) ერთ-ერთი დამფუძნებელი და პარტნიორია. 21 წლის წინ მის მიერ შექმნილ არქიტექტურულ კომპანიაში დღეს 15-მდე არქიტექტორი ასრულებს როგორც კერძო პირების, ასევე შვეიცარიის მთავრობის დაკვეთებს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, როლფ გროსსენბახერი წლების განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობს შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შემადგენელ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან (SDC) საქართველოში, რუსეთში, ეგვიპტეში, კამბოჯაში, ინდოეთში, ფილიპინებში, მაროკოში, მავრიტანიაში, მოლდოვაში, ტაილანდში, კოსოვოსა და ჩეხეთში. ის გახლავთ შვეიცარიული წითელი ჯვრის, გაერთიანებული ერების (UN) სააგენტოებისა და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) კონსულტანტი ირანში, ბოსნიაში, ინდოეთში, ინდონეზიაში, პალესტინაში, ჰაიტიზე და სხვ.
ხსენებულ ქვეყნებში როლფ გროსსენბახერი გადაუდებელი თავშესაფრების, ომითა თუ ბუნებრივი კატასტროფებით დაზიანებული საცხოვრებელი სახლების, სკოლების, საავადმყოფოების, პროფესიული კოლეჯების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების დაპროექტება-მშენებლობას ხელმძღვანელობს.

„სამხრეთ კავკასიის მიმართ შვეიცარიის მთავრობის თანამშრომლობის სტრატეგია 2013-2016 წლებში“ ფარგლებში, 2012 წელს როლფ გროსსენბახერმა სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ჰუმანიტარული დახმარების ოფისის (SHA) საქმიანობის სტრატეგიული მიმოხილვა განახორციელა.
2013 წლიდან ის ჩართულია SDC-ს მიერ 2007 წელს დაწყებული სოციალური საცხოვრისის ბოლო ეტაპზე დაგეგმილ ღონისძიებებში. მოცემულ ფაზაში საფუძველი ჩაეყარა ქართულ-შვეიცარიულ უნივერსიტეტთაშორის თანამშრომლობას, რომლის შედეგადაც ქართველმა და შვეიცარიელმა სტუდენტებმა ექვსი სასწავლო სემესტრის განმავლობაში შეიმუშავეს სოციალური საცხოვრისის არქიტექტურულ-გეგმარებითი პროექტები თბილისის, ბათუმის, რუსთავის, ბოლნისისა და ზუგდიდისათვის. გარდა ჩამოთვლილისა, მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაიწერა „სოციალური საცხოვრისის ქალაქთმშენებლობითი და არქიტექტურული დაპროექტების სტანდარტები“, რომლებიც მიიღო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად შემუშავდა კვლევა – „აჭარის მოსახლეობის სხვადასხვა სამიზნე ჯგუფში სოციალურ საცხოვრისზე მოთხოვნა“; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა ორი აკადემიური სილაბუსი: „სოციალური საცხოვრისი, სოციალური საქმე და უსახლკარობა“ და „სოციალური სივრცე და ურბანული განვითარება“.

შეხვედრის დრო: 21 აპრილი 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5)

დასწრება თავისუფალია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური