GE

„მასწავლებლის შიშით გაკვეთილზე აღარ შედის“ – რა ხდება თელავის ერთ–ერთ სკოლაში  

თელავის ნომერ მე-4 საჯარო სკოლაში მოსწავლესა და მასწავლებელს შორის დაწყებული დავა, რომელსაც არსებული ინფორმაციით, თან ბულინგი ემატება, სკოლის კედლებს გასცდა.

EDU.ARIS.GE-სთვის ცნობილი გახდა, რომ სკოლაში, სადაც 827 მოსწავლე სწავლობს, მე–7 კლასელი გოგონა ბიოლოგიის პედაგოგს „ამოჩემებული“ ჰყავს და საგაკვეთილო პროცესში მის განუწყვეტელ დისკრედიტაციას ახორციელებს.

download.jpg1როგორც სხვა მოსწავლეთა მშობლები პირად საუბრებში გვიყვებიან (მათ საკუთარი ვინაობის დასახელება არ სურთ), დავა მას შემდეგ გადაიზარდა სერიოზულ დაპირისპირებაში, რაც მოსწავლემ მასწავლებელს ნიშანი გაუპროტესტა. აღნიშნული ფაქტის გასაჯაროების შემდეგ სხვა მშობლებმაც გამოთქვეს პრეტენზიები მასწავლებლის მიმართ.

ირკვევა, რომ მოსწავლე პედაგოგის მიერ საკონტროლო ნაშრომში დაწერილ ნიშანს არ დაეთანხმა და მასწავლებელს ფაქტებით დაუდასტურა, რომ ის დაბალი შეფასება, რომელიც მას ჰქონდა არასწორი იყო.

მიღებული ინფორმაციით, მოსწავლის „ამოჩემება“ და მასზე ბულინგის განხორციელებას კონკრეტული მიზეზიც აქვს, რაც პედაგოგისა და მოსწავლის ოჯახებს შორის არსებულ პირად დაპირისპირებაში გამოიხატება. გოგონას ოჯახი და მასწავლებელი მეზობლები არიან და მათ შორის დაძაბული ურთიერთობაა.

რას ყვებიან მშობლები:

ყოველ გაკვეთილზე მიმდინარეობს სხვა კლასელებთან ერთად მოზარდის დამცირება სხვადასხვა სახით. აღნიშნული ფრაზებით:

,,ამასთან როგორ მეგობრობთ, იცით? ამის ბებია ბაზარში ჩუსტებს ყიდის, თუ ამასთან იმეგობრებთ ყველა დაგცინებთ“, ,,იცით ეს რა ოჯახის შვილია?“

ბავშვი იმ მდგომარეობამდე მიყავს რომ დედისთვის უკითხავს, რა წამალი შეიძლებოდა დაელია, რომ მეორე დღეს ცოცხალი აღარ ყოფილიყო. ბავშვს შეაჯავრა სკოლა. მის გაკვეთილებს არ ესწრება, სკოლის დერეფანში უწევს 45 წუთის გატარება, როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს?!

მშობლებმა ხელმწერები შევაგროვეთ, ბრალი დავდეთ მას მოსწავლის ფსიქოლოგიურ ზეწოლაში. ამის შემდეგ ყველას დაგვირეკა და გვითხრა, რომ თუ ვერ დავუმტკიცებდით ამას, გვიჩივლებდა. მეტი როგორღა დავუდასტუროთ? ამის შესახებ ჩვენი შვილებიც ყვებიან ოჯახებში.“

რესპონდენტები იმასაც ყვებიან, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმირებულია როგორც სკოლის დირექტორი, ისე საგანმანათლებლო რესურსცენტრი. დაპირისპირება ჯერ კიდევ გასული სასწავლო წლის დასრულებისას დაიწყო.

„დირექტორი მხარში უდგას ამ ბავშვს, თუმცა ვერაფერს აკეთებს, მასწავლებელი ყველას სასამართლოთი ემუქრება. ეს პრობლემა რესურსცენტრმაც იცის, თუმცა სადაა რეაგირება?

ჩვენ მხოლოდ იმას მოვითხოვდით, რომ აღნიშნული საგნის მასწავლებელი შეეცვალათ და ჯერჯერობით ესეც ვერ მოხერხდა.

გეტყვით, რომ მოზარდი არ არის ქართველი, იგი ქურთია. ნუთუ შეიძლება დაპირისპირების მიზეზი ესეც იყოს?!“,- აცხადებენ მშობლები EDU.ARIS.GE– სთან პირად საუბრებში.

რას ამბობს ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი:

ჩვენ მშობლების ინფორმაციის გადასამოწმებლად საგანმანათლებლო რესურსცენტრს დავუკავშირდით და ვიკითხეთ არის თუ არა სამსახური მართლაც საქმის კურსში და რა ღონისძიებების გატარებაში დაეხმარა სკოლას, იყო თუ არა საუბარი დისციპლინური გადაცდომის შესახებ ან შესაბამის სახდელზე:

16788374_1254249937994190_1424434698_nროგორც რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, ის საკითხზე საქმის კურსშია და აღნიშნული ფაქტის შესახებ მას დეკემბრის თვეში მიმართეს. კონკრეტულად კი მოსწავლის ბებიამ. გვიდასტურებს, რომ შედგა დისციპლინური საბჭოც, თუმცა მისი შედეგი მასწავლებელთან რეკომენდაცია იყო, რომ მსგავსი აღარ განმეორდებოდა. ასევე, რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მაშინ მოსწავლეებმა გამოკითხვის შემდეგ ასეთი ფაქტების არსებობა არ დაადასტურეს. მოგვიანებით კი, მას ისევ მიმართა მოსწავლის დედამ, რომელიც ირწმუნებოდა, რომ მოსწავლეზე ბულინგი კვლავაც ხორციელდებოდა და მისი შვილი კატეგორიულად არ დაესწრებოდა გაკვეთილს. გარდა ამისა, კლასის ყველა მშობლის მოთხოვნა მასწავლებლის კლასიდან გაშვებისა, კატეგორიული იყო.

იყო შემთხვევაც, რომ ერთ–ერთ კრებაზე მოსწავლის დედას მასწავლებელთან მწვავე დაპირისპირება ჰქონდა.

„ჩვენ ვართ ყველაფრის საქმის კურსში, მე პირადად ვარ ჩართული. თავიდანავე ვცდილობდით საკითხის დარეგულირებას მშვიდობიანად, თუმცა მშობლები უკომპრომისონი აღმოჩნდნენ და კატეგორიულად ითხოვენ მასწავლებლის კლასიდან გაყვანას. ჩვენ, მე პირადად მქონდა საუბარი მასწავლებელთანაც და მას შევთავაზეთ სხვა საათობრივი დატვირთვა, თუმცა პედაგოგიც კატეგორიული წინააღმდეგია დატოვოს კლასი, მოსწავლის სხვა პარალელურ კლასში გადაყვანა კი არაფერს შეცვლის, ვინაიდან მეორე კლასსაც იგივე პედაგოგი ასწავლის.

ახლა არის უკვე ჩანიშნული დისციპლინური საბჭოს მორიგი, მეორე სხდომა. მუშაობს დირექცია და დაწყებულია მოკვლევა. მათთვის გადაცემულია ყველა ინფორმაცია და ძალიან მალე, უახლოეს პერიოდში ველით შედეგს. სკოლის დირექტორი ამ ვითარებაში მოსწავლის ინტერესების გამტარებელია“,– გვითხრა ლევან მრელაშვილმა.

ჩვენ დავინტერესდით, როგორ აფასებს თავად რესურსცენტრის ხელმძღვანელი მომხდარს და იყო თუ არა საუბარი მოსწავლის სხვა სკოლაში გადაყვანაზე.

„ბუნებრივია, მოსწავლის სხვა სკოლაში იძულებითი გადაყვანა არავითარ შემთხვევაში არ განიხილება, ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა და ამას არავინ დაარღვევს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ფსიქოლოგიური ზეწოლა მოსწავლეზე დაუშვებელია და ეს არის დანაშაული“,– აცხადებს ლევან მრელაშვილი.

როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, სკოლაში აღნიშნულის გამო მშობლებთან შეხვედრა გუშინაც მოეწყო. დღეს კი მასწავლებლებთან არის თათბირი.

ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ თვალს, თუ როგორ განვითარებას მიიღებს საკითხი. EDU.ARIS.GE ამ ეტაპზე მოსწავლის და მასწავლებლის იდენტიფიცირებისგან შეგნებულად თავს იკავებს.

თელავის სკოლაში მასწავლებლისა და მოსწავლის დაპირისპირების ფაქტს განათლების მინისტრი გამოეხმაურა

მოსწავლესთან დაპირისპირებული პედაგოგი თელავის სკოლაში რჩება, თუმცა მე–7ბ კლასს აღარ ასწავლის

edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი