GE

მოსწავლესთან დაპირისპირებული პედაგოგი თელავის სკოლაში რჩება, თუმცა მე–7ბ კლასს აღარ ასწავლის

თელავის ნომერ მე-4 საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგს, რომელსაც მოსწავლესთან დაპირისპირება ჰქონდა, დისციპლინურმა კომიტეტმა მკაცრი საყვედური გამოუცხადა და ის დაპირისპირებული მოსწავლის მე–7ბ კლასში გაკვეთილებს აღარ ჩაატარებს.

შესაბამისი გადაწყვეტილება დისციპლინურმა საბჭომ დღეს გამართულ შეკრებაზე მიიღო.

„დისციპლინური საბჭო დღეს შეიკრიბა, ახლა მზადდება ოქმი საბჭოს მიერ, ამის შემდეგ მას გაეცნობა თავად პედაგოგიც და დაეკისრება სახდელი – ამ შემთხვევაში მკაცრი საყვედური. ის აღარ ჩაატარებს გაკვეთილებს აღნიშნულ კლასში. შემდეგ უკვე შეიკრიბება სამეურვეო საბჭო და პედაგოგიური საბჭო, სადაც საათების გადანაწილების საკითხი განიხილება. დღეს პედაგოგთან კომუნიკაცია უკვე აღარ ყოფილა, ის არ დასწრებია სხდომას, შესაბამისად, მისი დღევანდელი პოზიცია უცნობია, თუმცა ვიცით, რომ აქამდე გაჟღერებულ ბრალდებებს ის არ ეთანხმება და ცილისწამებას უწოდებს“,– განუცხადა EDU.ARIS.GE-ს სკოლის დირექტორმა ეკატერინე გიგიტელაშვილმა.

ჩვენ ვესაუბრეთ რესურსცენტრის ხელმძღვანელსაც:

,,თელავის ნომერ მე-4 საჯარო სკოლის პედაგოგს სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად, გამოეცხადა მკაცრი საყვედური და იგი აღარ ჩაატარებს გაკვეთილებს მე-7ბ კლასში. მასწავლებელი არ ტოვებს სკოლას, მისი საათების შევსება აღნიშნულ კლასში მოხდება ვაკანსიის გამოცხადების შემდეგ და გაკვეთილებს იქ ჩაატარებს სხვა პედაგოგი. სკოლის დირექტორს მიეცა რეკომენდაცია, აღნიშნულის შესრულებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება თავად მასწავლებლის პოზიციას, ჩემი ინფორმაციით, ის იყო მიწვეული დისციპლინური კომიტეტის სხდომაზე, თუმცა არ გამოცხადდა და მისი პოზიცია ამ მომემნტისთვის ჩვენთვის უცნობია”,- განაცხადა  EDU.ARIS.GEსთან საუბრისას საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლევან მრელაშვილმა.

თელავის ნომერ მე-4 საჯარო სკოლაში მოსწავლესა და მასწავლებელს შორის დაწყებული დავა, რომელსაც არსებული ინფორმაციით, თან ბულინგი ემატება, სკოლის კედლებს გასცდა – აღნიშნული ინფორმაცია EDU.ARIS.GEმ გუშინ, 15 თებერვალს, გამოაქვეყნა, რომელსაც განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავაც, გამოეხმაურა.

,,მიმდინარეობს მოკვლევა აღნიშნულ თემაზე. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები არსებობს, მოდის ხოლმე ინფორმაციები. ჩვენ თუ გვსურს, რომ მოსწავლეს უყვარდეს სკოლა, ის უნდა იყოს მისაღები მათთვის”,- აღნიშნა ჯეჯელავამ.

EDU.ARIS.GEსთვის ცნობილი გახდა, რომ სკოლაში, სადაც 827 მოსწავლე სწავლობს, მე–7 კლასელი გოგონა ბიოლოგიის პედაგოგს „ამოჩემებული“ ჰყავს და საგაკვეთილო პროცესში მის განუწყვეტელ დისკრედიტაციას ახორციელებს.

როგორც სხვა მოსწავლეთა მშობლები პირად საუბრებში გვიყვებიან (მათ საკუთარი ვინაობის დასახელება არ სურთ), დავა მას შემდეგ გადაიზარდა სერიოზულ დაპირისპირებაში, რაც მოსწავლემ მასწავლებელს ნიშანი გაუპროტესტა. აღნიშნული ფაქტის გასაჯაროების შემდეგ სხვა მშობლებმაც გამოთქვეს პრეტენზიები მასწავლებლის მიმართ.

მიღებული ინფორმაციით, მოსწავლის „ამოჩემება“ და მასზე ბულინგის განხორციელებას კონკრეტული მიზეზიც აქვს, რაც პედაგოგისა და მოსწავლის ოჯახებს შორის არსებულ პირად დაპირისპირებაში გამოიხატება. გოგონას ოჯახი და მასწავლებელი მეზობლები არიან და მათ შორის დაძაბული ურთიერთობაა.

„მასწავლებლის შიშით გაკვეთილზე აღარ შედის“ – რა ხდება თელავის ერთ–ერთ სკოლაში

თელავის სკოლაში მასწავლებლისა და მოსწავლის დაპირისპირების ფაქტს განათლების მინისტრი გამოეხმაურა

edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი